თეგი: „ქურდული სამყარო“
შსს აცხადებს, რომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში 13 პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პოლიციამ 1965 წელს დაბადებული ი.კ., 1994 წელს დაბადებული ზ.ც., 1996 წელს დაბადებული ა.ფ., 1973 წელს დაბადებული გ.ფ., 1995 წელს დაბადებული მ.გ., 1989 წელს დაბადებული დ.კ., 1993 წელს დაბადებული ს.ბ., 1968 წელს დაბადებული გ.ა., 1990 წელს დაბადებული დ.ზ. მეტსახელად „ქერა“, 1985 წელს დაბადებული გ.ქ., 1973 წელს დაბადებული კ.ვ., 1977 წელს დაბადებული პ.ზ. და 2000 წელს დაბადებული ა.ზ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დააკავა. მათივე ცნობით, დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. ბრალდებულები ი.კ., ა.ფ., და ზ.ც., მოქალაქეებს შორის ფინანსური დავების, ასევე, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან - დ.ზ.-სთან, მ.გ.-სთან, გ.ქ.-სთან, გ.ფ.-სთან, გ.ა.-სთან, ს.ბ.-სთან, დ.კ.-სთან და კ.ვ.-სთან ერთად სისტემატურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევას“, აქტიურად ერთვებოდნენ სადაო საკითხების განხილვაში, ასევე, „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად წყვეტდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას, როგორც სიტყვიერად ისე, ძალის გამოყენებით აიძულებდნენ. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის ბრალდებული პირები, „ქურდული სამყაროს“ წევრებს საქმის გარემოებების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას, წარადგენდნენ საკუთარ მოსაზრებებს, აფასებდნენ და ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ მიმართვისთვის ბრალდებულებმა პ.ზ.-მ და ა.ზ.-მ მატერიალური სარგებლის და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“, ნ.ფ.-ს მეტსახელად „ბურდღუნიჩს“ მიმართეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, - განაცხადეს შსს-ში.
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირი დააკავეს, 2 პირს ბრალი წარედგინა
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 1964 წელს დაბადებული შ.კ. დააკავეს. ამავე ბრალდებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ბრალი წარედგინა 1981 წელს დაბადებულ ი.შ.-ს. ხოლო, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ, 1993 წელს დაბადებულ ე.მ.-ს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით რამდენიმე დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოიკვეთა, კერძოდ ბრალდებულები „კანონიერი ქურდების“ და კრიმინალური ავტორიტეტის სახელით უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ პირებს და „ქურდული წილის“ სახით სთხოვდნენ თანხის გადახდას. ასევე, დაზარალებულებს, დაშინების მიზნით თვალთვალის შედეგად გადაღებულ ფოტოებს უგზავნიდნენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და იმერეთში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფური გამოძალვის თანამონაწილეობისთვის დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული დ.ქ., 1961 წელს დაბადებული ი.ხ. და წარსულში ნასამართლევები - 1977 წელს დაბადებული ა.ბ., 1973 წელს დაბადებული მ.ბ. და 1978 წელს დაბადებული პ.კ. საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი დაკავებული დ.ქ.-ს მიმართვის საფუძველზე, მასსა და მოქალაქეს შორის არსებული ფინანსური დავის მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ. ბრალდებულებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, "ქურდული სამყაროს" წევრისადმი მიმართვის, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფურ გამოძალვაში თანამონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა , 223-ე მე-2 პრიმა, 223-ე მე-3 პრიმა, 223-ე მე-4 პრიმა, 181-ე და 25-181-ე მუხლებით,“ -წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით 8 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, რუსთავსა და ჩხოროწყუში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული კ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.შ., 1975 წელს დაბადებული რ.მ. (მეტსახელად „ლოლო“), 1990 წელს დაბადებული ბ.ს., 1964 წელს დაბადებული კ.ბ., 1974 წელს დაბადებული მ.ყ. (მეტსახელად „ყურშა“), 1991 წელს დაბადებული თ.ჩ. (მეტსახელად „თაზო“) და 1987 წელს დაბადებული ი.კ.დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქესა და თ.ჩ.-ს შორის, სამშენებლო ბიზნესიდან გამომდინარე ფინანსური დავა წარმოიშვა. სადაო თანხა შეადგენდა 130 000 ლარს. ამავე, კომპანიაში დასაქმებულმა 1964 წელს დაბადებულმა კ.ბ.-მ დახმარება აღუთქვა უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ფულის „ქურდული“ წესით ამოღების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა, მათ შორის თავის შვილს - 1989 წელს დაბადებულ კ.ბ.-ს. თავის მხრივ, თ.ჩ.-მ, დასახმარებლად ასევე, კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, საქმის კურსში ჩააყენეს „კანონიერი ქურდები“ - ნიკა გითოლენდია და ნოდარ შუკაკიძე. ამის შემდგომ „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,“ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
შსს-ს განცხადებით, ბოლო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული კომპლექსური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროსადმი მიმართვისა და მათი საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 27 პირი, მათ შორის, 5 კანონიერი ქურდია. „მიმდინარე წლის 11 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქარელსა და გორში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ შორის 4 კანონიერი ქურდია, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ „ქურდული სამყაროს" წევრებს მიმართა და ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ კონფლიქტის მოგვარება სთხოვა. „ქურდული სამყაროს“ წევრებმა თავის მხრივ საქმეში ე.წ. „კანონიერი ქურდები“ ჩართეს. აღნიშნული კონფლიქტის მოგვარების სანაცვლოდ „ქურდული სამყაროს“ წევრებმა საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეს ფულადი თანხა გამოართვეს და მიითვისეს. ამის შესახებ ცნობილი გახდა ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის და აღნიშნული საკითხის განსახილველად ქურდული გარჩევა მოეწყო. რომელშიც დისტანციურად, სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების გამოყენებით მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ მყოფმა 4 ე.წ. კანონიერმა ქურდმა. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქურდული მენტალიტეტისა და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას, აღნიშნული დანაშაულის გამოვლენას, აღკვეთასა და დამნაშავე პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას,“ წერს შსს.