თეგი: 20 ივნისი
თბილისში, პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია იწყება
თბილისში, პარლამენტის წინ, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი აქცია - „შინ ევროპისკენ“ იწყება. აქციაზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები. ასევე მივლენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. აქციის სლოგანია: “წინ ევროპისკენ”, “შინ ევროპისკენ”. მოძრაობა “სირცხვილია” ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და ევროპარლამენტარები მიმართავენ. კერძოდ:რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ჟიგიმანტას პავილიონისი, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა. საქართველოს პარლამენტთან უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტისთვის გზა გადაკეტილია. თბილისის გარდა, დღეს, ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
სალომე ზურაბიშვილი: ყველა ჩემს კოლეგასთან ვაგზავნი წერილებს, რათა ჩვენი ინტერესები დავიცვა. ამ დღეებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეულმა ევროპულმა ქვეყანამ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს მიესალმა და მობილიზაციისკენ მოუწოდა, რომ ევროკავშირმა თბილისიდან ნათელი გზავნილი მიიღოს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო თავისი ისტორიის გადამწყვეტ მომენტშია და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. „მინდა, ყველას გთხოვოთ, რომ ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეულმა ევროპულმა ქვეყანამ. იშვიათად თუ არის ერის ისტორიაში ასეთი გადამწყვეტი მომენტები და იშვიათად თუ იცი წინასწარ, რომ ეს დღეები იქნება გადამწყვეტი. ჩვენ ვართ ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ისტორიისა და ალბათ, ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ. მე ჩემი მხრიდან ყველაფერს ვცდილობ, ეს დღეები გამოვიყენოთ ჩვენი ინტერესების წინ წასაწევად. ამდენად, როგორც მე გასულ კვირასაც მოგახსენეთ, ყველა ჩემს კოლეგასთან ვაგზავნი წერილებს, რათა ჩვენი ინტერესები დავიცვა ევროპული საბჭოს გადამწყვეტ სხდომამდე; ჩვენი ბოლო არგუმენტები წარვადგინო, ასევე, ჩვენ ჩავწერეთ უკვე და გავუშვებთ Twitter-ზე ჩემს მიმართვებს ჩვენს კოლეგებთან, რომ ამ ფორმითაც მივმართო მათ. ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს კვირა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ვნახეთ ევროპული კომისიის რეკომენდაცია, რომელიც ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, მოგვანიჭოს ევროპული პერსპექტივა, რაც ძალიან დიდი რამ არის და ალბათ, ამაზე არც ვიოცნებებდით ცოტა ხნის წინ. ჯერჯერობით, კანდიდატის სტატუსს არ გვანიჭებენ, მაგრამ გვაძლევენ ამის იმედს, თუკი ჩვენ იმ რეფორმებს და ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც ჩვენ გვევალება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისში, პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ იწყება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
შსს-ს 20 ივნისს დაზარალებულისთვის ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაეკისრა – საია
საია-ს ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულთა სასარგებლოდ შეცვალა. ერთ-ერთი დაზარალებული გიორგი სულაშვილია, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად თვალი დაკარგა, თუმცა საქალაქო სასამართლომ უარი განუცხადა ყოველთვიური სარჩოს დანიშვნაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით დააკისრა, რაც საიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საიას განცხადებით, 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე – ნინო ყანჩაველი) არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები და ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიორგი სულაშვილსა და კიდევ ერთი დაზარალებული პირის სააპელაციო საჩივრები. კერძოდ, შსს-ის დაეკისრა გიორგი სულაშვილისთვის 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება და ყოველთვიური სარჩო 780 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მეორე დაზარალებულს (რომელსაც იდენტიფიცირება არ სურს), მისთვის შსს-ის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 30 000 ლარის და ყოველთვიურად სარჩოს სახით, 1155 ლარის გადახდა ჰქონდა დაკისრებული. თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა და შსს-ის მის სასარგებლოდაც დააკისრა 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება. საიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში არ არის შესული. შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომას, რომლის დროსაც, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა, ანტისაოკუპაციო აქცია მოჰყვა. გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვას საპარლამენტო ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ჩაიშალა. სერგეი გავრილოვი კ,ი რამდენიმე საათში დაცვის წევრებმა პირდაპირ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წაიყვანეს. ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათისათვის დაიწყო. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მმართველ ძალას, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის უფლება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ ჰქონდა. მათ მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს და მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს. 22:00 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელები გამოჩნდნენ, მალევე სამართალდამცავები ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. დაიწყო დემონსტრანტთა დაშლა. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი. 21 ივნისს პოსტი დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ანტისაოკუპაციო, საპროტესტო აქციები სახელწოდებით „სირცხვილია“ სამი თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.
საია: სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საჩივრებზე, სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა დაუდგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე (26 პირის საქმე) სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად სცნო. საიამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილს 22 პირის სახელით მიმართა. მათ შორის, არიან მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირი, მედიის 11 წარმომადგენლი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირი. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება - მხოლოდ მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - მხოლოდ დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებდნენ. „საიამ საფუძვლიანად შეისწავლა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები, მოიპოვა მტკიცებულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, განაცხადა რომ სახეზე იყო შემდეგი დარღვევები: - გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა; - დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა; - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა; გამოძიების არაეფექტიანობა - რომელიც თავის მხრივ მოიცავს: 1. დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი და დაზარალებულთა არაეფექტიან ჩართულობას: 2. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მოპოვების გაჭიანურებას; 3. საჭირო საგამოძიებო მოქმედებათა ჩაუტარებლობას; 4. ჩადენილ დანაშაულთა არასწორ კვალიფიკაციასა; 5. დამნაშავეთა დაუსჯელობას. ზემოთხსენებულ დარღვევებთან ერთად, 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეებმა ასევე, გამოკვეთა აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები, სახელდობრ, აქტიური სპეციალური საშუალებების (მათ შორის, რეზინის ტყვიების) გამოყენების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩო, კონკრეტულ შემთხვევებში მკაცრი სიზუსტით არ ადგენს ნორმის ადრესატებისთვის თუ რა შემთხვევაში, როდის, და რა მასშტაბით არის შესაძლებელი ძალის გამოყენება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საიას არგუმენტები და საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების დარღვევა დაადგინა, ამასთან, სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო დანარჩენ მუხლებთან მიმართებით აღინიშნა, რომ დარღვევები სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე გამოძიების წარმართვის შემდგომ შეფასდება. სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: - ოთხნახევარი წლის შემდგომ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ მისულა (პარაგრაფი 217); - სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული პირდაპირ იყო მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში (პარაგრაფი 220); - სასამართლოს განმარტებით სახელმწიფოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი (პარაგრაფი 221); - არ არსებობს ოფიციალური სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიისა და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილებას შესაძლებელს გახდის (პარაგრაფი 222); - სახელმწიფოს ვალდებულებაა, მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადნი იყვნენ [...] სამართალდამცავები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მართლწესრიგის დაცვასა და დაკავებაზე, ვალდებულნი არიან ატარონ განმასხვავებელი ნიშანი, მაგალითად, შესაბამისი კოდი (პარაგრაფი 223). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოაჩენს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის დროს ვლინდება. შედეგად, ნათელი ხდება, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს დემონსტრაციების ეფექტიანი, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, მართვის პოლიტიკა, რაც მყისიერ სისტემურ რეაგირებასა და გამოსწორებას საჭიროებს,“ წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. შეგახსენებთ, 2019 წლის ივნისში, საქართველოში "მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის" სხდომა იმართებოდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა. ამ ფაქტს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა და ათასობით ადამიანი თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა. 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დაშლისას, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის - 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებით მიყენებული ტრავმისგან თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცველი. გავრილოვის საქართველოში ყოფნის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შს მინისტრი კი, გიორგი გახარია იყო.