თეგი: 20 ივნისის აქცია

ღარიბაშვილი 20 ივნისს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა

„მთავრობა უკანონო ქმედებას არავის აპატიებს და ქვეყნის მშვიდობას დაიცავს“, შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა. „ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როდესაც ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა და ვერაფერი გააკეთეს, უნდათ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს, ევროკავშირის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ყველას შევახსენებ, ვინ ითხოვს და ვინ ატარებს ამ აქციას - ის ძალა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას, ადამიანებს კლავდა და აწამებდა, გაუხსნეს უვიზო რეჟიმი და პირადად ბოროტი მასხარა სააკაშვილი ხვდებოდა საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს და არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის ვაპატიებთ, დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ქვეყნის სტაბილურობას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა სახალხო დამცველის მხრიდან ბოლოდროინდელი კრიტიკაც შეაფასა და განაცხადა, რომ „ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს არავის უნახავს“. „გამოდის სახალხო დამცველი, ქალბატონი ლომჯარია და საჯაროდ თქვა - ამას მირჩევნია ბომბებისგან ცეცხლი და წვა მივიღოთო. უკაცრავად და ვინ უნდა მიიღოს? ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს, გახსოვთ სახალხო დამცველი გამოსულიყო და რაიმე საჯაროდ დაეგმო ადამიანების ტანჯვა-წამება, გაუპატიურება და მკვლელობები?“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად. „ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ამას არათუ ხელს უშლით, არამედ ამართლებთ და ეფარებით“, - დაწერა ლომჯარიამ Facebook-ის პირად გვერდზე 11 ივნისს. მის ამ შეფასებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება უძღოდა წინ, რომლის თანახმად, „თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას, სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ“.  

თეა წულუკიანი: 20 ივნისის აქცია ღიმილის მომგვრელია

აქცია, რომელსაც მიზნად აქვს დასახული ხელისუფლების შერყევა, დესტაბილიზაციის გამოწვევა და იმის ძახილი, თურმე არც თუ ისე ევროპული მთავრობა მართავს ქვეყანას, არის ღიმილის მომგვრელი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც 20 ივნისისთვის დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, რომ მათი ადგილი არის იმ ევროპაში, რომელიც ნამდვილ ღირებულებებზეა დაფუძნებული. „ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, სად არის მისი ადგილი. მისი ადგილი არის იმ ევროპაში, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ღირებულებებზე, რადგან მსოფლიოში ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ ვართ ხალხი, ვინც ვინარჩუნებთ ჩვენს კულტურას და ვახერხებთ, რომ ვიდგეთ ნამდვილ ღირებულებებზე. დღევანდელი დღეც სწორედ ამას ემსახურება, ვაძლიერებთ ანსამბლებს, რომლებიც არიან ერთ-ერთი აქტორები ამ გზაზე, რათა გლობალიზაციაში შევინარჩუნოთ კულტურა, ენა. ეს არის ევროპა – მრავალფეროვნება ერთ ორგანიზაციაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.