თეგი: 2008 წლის აგვისტო
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. სამხედრო დაპირისპირება რუსეთმა საქართველოსთან 2008 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. ვითარება ჯერ კოდორის ხეობის გარშემო დაიძაბა. კრემლმა აფხაზეთში დამატებითი სამხედრო ძალები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. რუსულმა ავიაგამანადგურებელმა კი, ქართული უპილოტო მზვერავი აპარატი ჩამოაგდო, რასაც სარკინიგზო ჯარების შემოყვანა მოჰყვა. სოხუმიდან ოჩამჩირემდე რკინიგზის აღდგენა დაიწყო, რის შემდეგაც ივლისის ბოლოდან ამ რკინიგზით აფხაზეთში სამხედრო ეშელონები დაიძრა. სიტუაცია ცხინვალის გარშემო 2008 წლის ივლისის ბოლოდან დაიძაბა. 2 აგვისტოს ქართული პოლიციის მანქანა ააფეთქეს, რის შემდეგაც, ორმხრივი სროლები გახშირდა. 6 აგვისტოს სოფელ ავნევთან ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა. საპასუხო ცეცხლის გახსნა 7 აგვისტოს, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქართული მხარის მიერ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ, ოსურმა და რუსულმა ფორმირებებმა დაბომბვა კიდევ უფრო გააძლიერეს. ქართული ქვედანაყოფები ცხინვალში შევიდნენ. კონფლიქტში რუსეთი უკვე ღიად ჩაერია. რუსულმა ავიაციამ ქართული პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების დაბომბვა დაიწყო, ცხინვალისკენ რუსული სახმელეთო ძალები დაიძრა. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებზე შეიჭრნენ. ხუთი დღის შემდეგ ქართულმა ჯარებმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი დატოვეს. 11 აგვისტოს ქართულმა ჯარმა თბილისისკენ, უკან დაიხია. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით კონფლიქტის მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში - 16 აგვისტოს. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. დაჭრილი და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო პირების რაოდენობამ 2 232 შეადგინა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. ომის დაწყებამდე თვეებით ადრე, ისევე როგორც საომარი მოქმედებების დროს, რუსეთი ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ტაქტიკას იყენებდა, როგორიცაა საინფორმაციო ოპერაციები, ენერგეტიკა, ეკონომიკური და სავაჭრო შანტაჟი, კიბერშეტევები, ოკუპირებულ ტერიტორიების მოსახლეობის „პასპორტიზაცია“ და სხვა. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთი ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება. დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლის შემდეგ, საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთს დავა მოუგო და ამ ომში რუსეთის ბრალეულობა დაამტკიცა. ქართულმა მხარემ სტრასბურგში 700-მდე მტკიცებულება წარადგინა. მათ შორის, გორში აფეთქებული რაკეტის, „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. იმ დროს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოს სიმართლის დამტკიცებაში მოკავშირე და პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა. ბოლოს, მიმდინარე წლის აპრილში საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, ევროპულმა სასამართლომ რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით იყო მიღწეული. ბორელი: 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი სრულდება, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას