თეგი: 5 არამოსამართლე წევრი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ 3 ვაკანსია შეივსო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ვაკანსია შეივსო. საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად 29 კანდიდატს უყარა კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო სამმა კანდიდატმა, ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). „ვულოცავ არჩეულ სამ კანდიდატს და ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ვერცერთმა ვერ მოაგროვა 90 ხმა, შესაბამისად, ჩვენ უნდა გვქონდეს მეორე ტური. ორი ვაკანტური ადგილი დარჩა. გვყავს ოთხი კანდიდატი, რომელსაც სხვებთან შედარებით ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. რეგლამენტის მიხედვით თითო ვაკანსიაზე ორი კანდიდატი უნდა იყოს. შესაბამისად, მეორე ტურში გადადის ოთხი კანდიდატი, ესენია: რუსუდან კვინიკაძე 89 ხმით, გოგა კიკალაშვილი 89 ხმით, ლევან ნემსაძე 88 ხმით და ნინო ნიშნიანიძე 87 ხმით. შესაბამისად, ეს ოთხი ადამიანი გადადის მეორე ტურში, რომელიც ჯერჯერობით არ გაიმართება. რეგლამენტის მიხედვით, დღეს ან მომდევნო სხდომაზე უნდა გაიმართოს. ასე რომ, ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით ჩვენ კოლეგებს კიდევ აქვთ დრო, რომ ჩამოყალიბდნენ მეორე ტურისთვის და მეორე ტურში მიიღონ მხარდაჭერა. ამით კენჭისყრის ეს ნაწილი დასრულებულია, კიდევ ერთხელ ვულოცავ სამ კანდიდატს მხარდაჭერას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევას ხმა ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულმა დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ მისცა, თუმცა დანარჩენი დეპუტატების შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.