თეგი: AD Ports Group
მედია: თბილისის მშრალ პორტში ინვესტირებით, AD Ports Group-ი შუა დერეფანს აძლიერებს
AD Ports Group-მა თბილისის მშრალი პორტის 60-პროცენტიანი წილის დიდი ნაწილის უზრუნველყოფა ოფიციალურად დაასრულა, იტყობინება Trend. კომპანიის განცხადებით, ეს სტრატეგიული ნაბიჯი აძლიერებს ჯგუფის გავლენას შუა დერეფანში, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს. AD Ports Group-ის რეგიონულმა აღმასრულებელმა დირექტორმა აბდულაზიზ ზაიდ ალშამსიმ განაცხადა, რომ „თბილისის მშრალი პორტის შესყიდვის დასრულება ხაზს უსვამს მათ ვალდებულებას გლობალური მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებისკენ. „ჩვენ ვაღიარებთ შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობას გლობალურ ვაჭრობაში და სრულად ვართ მოწადინებული ამ მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრის წარმატებული ფუნქციონირებისთვის. ეს ინვესტიცია აძლიერებს კავშირს დასავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპას შორის, რაც AD Ports Group-ს გლობალური ვაჭრობის წინა პლანზე აყენებს. ის ემთხვევა ჩვენი ხელმძღვანელობის ხედვას ეკონომიკური ზრდის წინსვლის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ორმხრივი სარგებელის შესახებ,“ აღნიშნა ალშამსიმ. თბილისში მშრალი პორტი აშენდება, რომლის პირველი ფაზის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თბილისის მშრალი პორტის შესახებ მემორანდუმი მარტში გაფორმდა. პროექტს ქართველ პარტნიორ შპს „თბილისი დრაი პორტთან“ ერთად არაბული კორპორაცია ADP განახორციელებს. ხელმოწერაზე აღინიშნა, რომ თბილისის მშრალი პორტი ითვალისწინებს ინტეგრირებული საპორტო-ლოგისტიკური ობიექტების განვითარებას, რომლებიც არ მხოლოდ საქართველოს, არამედ, უფრო ფართო რეგიონს მოემსახურება. კერძოდ, პროექტი მოიცავს საკონტეინერო ეზოებს, რომელთა წლიური გამტარუნარიანობა იქნება დაახლოებით 200,000 TEU და საბაჟო-სასაწყობე მეურნეობას (A და B კლასის საწყობები საერთო ფართით 12,300 მ2). ხელმოწერაზე აღინიშნა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის პოპულარიზებას და სტიმულს მისცემს სხვა ინვესტორებსაც, რათა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდნენ. არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, მშრალი პორტი თბილისში ქინძმარაულის ქუჩაზე, 195 252 კვ.მ-ზე მოეწყობა. „თბილისის მშრალი პორტის დაგეგმვის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ლოჯისტიკური ჰაბის ინფრასტრუქტურის მოწყობა და მისი ოპერირება. კერძოდ, კონცეფცია დაფუძნებულია მსოფლიოში გავრცელებული ე.წ მშრალი პორტის პრინციპზე, რაც გულისხმობს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ძირითადად კონტეინერიზებული ტვირთის რკინიგზით ტრანსპორტირებას თბილისის მშრალ პორტში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება (დაცლა, დატვირთვა, დასაწყობება, ალტერნატიულ სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთვა და სხვა). მშრალი პორტის მიზანია, მოსახერხებელი და ხარჯ-ეფექტიანი გადაზიდვისა და ერთ ადგილზე მრავალ-პროფილური მომსახურების შეთავაზება. ასევე მნიშვნელოვანია რომ, საკონტეინერო ტვირთების ნაწილის რკინიგზაზე გადანაცვლებით განიტვირთება მაგისტრალური გზები, რაც თავის მხრივ შეამცირებს გარემოზე ავტოტრანსპორტით გამოწვეულ ნეგატიურ ზეგავლენას,“ - ნათქვამია განმარტებით ბარათში.