თეგი: BRELL
ნაუსედა: ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია, რუსეთისგან სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მივაღწიოთ
ლიეტუვა იმედოვნებს, რომ მომავალი წლის დასაწყისში, თავს დააღწევს პოსტსაბჭოთა ელექტროსისტემას (BRELL). ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ლაური ჰუსართან შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2024 წლის დასაწყისში ლიეტუვასთან და ესტონეთთან ერთად გავთიშავთ რუსულ ქსელს", - განაცხადა ლიეტუვის ლიდერმა. ბალტიისპირეთის ქვეყნები ახორციელებენ პროექტს პოლონეთის გავლით ევროპასთან ელექტროგადამცემი ქსელების სინქრონიზაციისთვის, რომელიც თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2025 წელს. ვილნიუსს მიაჩნია, რომ რეგიონში დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე არსებული რისკების გათვალისწინებით, აუცილებელია პროცესის დაჩქარება და სინქრონიზაციის დასრულება 2024 წელს. ევროპასთან დაკავშირების შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნები ერთდროულად გაითიშებიან BRELL-დან. ლიეტუვა, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, უკრაინაში მიმდინარე რუსული შეჭრის ფონზე იღებს ზომებს რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის ფედერაციიდან ენერგიის იმპორტი მთლიანად შეჩერდა 2022 წელს, მაგრამ ქვეყანა, ლატვიისა და ესტონეთის მსგავსად, კვლავ დაკავშირებულია BRELL-ის რგოლის ელექტრომომარაგების სისტემასთან, რომელშიც ასევე შედიან რუსეთი და ბელორუსი. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის ელექტრო ქსელი დამოუკიდებლად, სატესტო რეჟიმში 22 აპრილს ჩაირთო. პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემამ რუსეთისგან დამოუკიდებლად, წარმატებით იმუშავა