თეგი: CREDIT Suisse Group
The Business Times: CREDIT Suisse Group-ის ტრასტმა აღიარა, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი ანგარიშებიდან არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ არ შეატყობინა
CREDIT Suisse Group-ის ტრასტმა აღიარა, რომ არ შეატყობინა ბიძინა ივანიშვილს მისი ანგარიშებიდან არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ, რაც არის მოულოდნელი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს სინგაპურში მიმდინარე სასამართლო განხილვის ბედი, - ამის შესახებ გამოცემა The Business Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, სასამართლო განხილვის პირველი 9 დღის განმავლობაში CREDIT Suisse Group-ის ტრასტის მთავარი ადვოკატი ლი ენგ ბენგი ამტკიცებდა, რომ ტრასტის პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის აქტივების მართვით შემოიფარგლებოდა, და რომ ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი, ან მისი ქართველი ბიზნესმრჩეველი იღებდა და მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ნებისმიერი ზარალის შესახებ. თუმცა 16 სექტემბერს ლიმ მოსამართლეს განუცხადა, რომ ტრასტმა დაარღვია საკუთარი, როგორც ნდობით აღჭურვილი მმართველის ვალდებულებები, კომპანია Meadowsweet-ში ივანიშვილის ინვესტიციებთან დაკავშირებით. „მოპასუხემ აღიარა, რომ 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მას უნდა მიეღო გონივრული ზომები, რათა მოეგვარებინა Meadowsweet Assets Limited-ის საბანკო ანგარიშებიდან თანხების არასანქცირებული გადარიცხვის საკითხი, მათ შორის პირდაპირ დაჰკავშირებოდა ბიძინა ივანიშვილს გადარიცხვების კანონიერების შესამოწმებლად“, - ვკითხულობთ სტატიაში. ამასთან, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტრასტისგან ზარალისა და დაკარგული შემოსავლის სახით 800 მილიონ დოლარს ითხოვს. ივანიშვილის ჩვენების მიხედვით, ადრეულ ეტაპზე განხორციელებული რამდენიმე ინვესტიციის გარდა, ის არაფერს მართავდა და გადაწყვეტილებების მიღება ბანკირ პატრის ლესკადრონს დააკისრა. ფრანგი ბანკირი 2018 წელს თაღლითობისთვის გაასამართლეს. მან შექმნა სქემა, რომლის მიხედვითაც აყალბებდა ხელმოწერებს და სავაჭრო ბრძანებებს, რათა თავისი კლიენტების პორტფოლიოებში მზარდი დანაკარგები დაეფარა. სასამართლო პროცესი კიდევ ერთი კვირის განმავლობაში, ორივე მხარის ჩვენებებითა და დასკვნითი სიტყვებით გაგრძელდება, განაჩენის გამოტანა კი 2023 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი.