თეგი: CRRC საქართველო
როგორ ამოწმებს მომხმარებელი, ინფორმაცია ყალბია თუ ნამდვილი - კვლევა
CRRC საქართველოს მიერ გამოკითხული 10-დან, 4 გამოკითხული ფიქრობს, რომ ყალბი ინფორმაციის ამოცნობა შეუძლია. ინფორმაცია ნამდვილია თუ ყალბი, ამის გასარკვევად, 28% აზრს ოჯახის წევრს შეეკითხებოდა, 26% ახალი ამბის ალტერნატიულ წყაროებს შეამოწმებდა, 23% კი, არაფერს მოიმოქმედებდა. გამოკითხულთა უმრავლესობა არაფერს მოიმოქმედებდა იმ შემთხვევაშიც, თუ დარწმუნებული იქნებოდა, რომ ინფორმაცია ყალბია. გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ სოციალურ მედიაში ყალბი ინფორმაციის შემცევლ პოსტს გაასაჩივრებდა, 11% კი, გააზიარებდა და დაწერდა, რომ ეს ცნობა ყალბია, თუმცა გამოკითხულთა 63%-ის თქმით, არაფერს გააკეთებდა. CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ტელევიზიების მიმართ ნდობა დაბალია. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77% ტელევიზორს კვირაში ერთხელ მაინც უყურებს, სოციალური მედიით კი, კვირაში ერთხელ მაინც გამოკითხულთა 75% სარგებლობს. ონლაინ მედიას გამოკითხულთა 51%, კვირაში ერთხელ მაინც ეცნობა, ბეჭდურ მედიას მხოლოდ 6% კითხულობს, რადიოს კი, 8% უსმენს. ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობა რუსულ და გაცხადებულად პრორუსულ ტელევიზიებს ყველაზე ნაკლებად უყურებს და ენდობა. კითხვაზე, რამდენად ხშირად უყურებენ შემდეგ სატელევიზიო არხებს, კვირაში ერთხელ მაინც, ტელეკომპანია „იმედს“ - 59% უყურებს, „რუსთავი 2-ს“ - 53%, „მთავარ არხს“ - 42%. გამოკითხულები ყველაზე ნაკლებად „ობიექტივს“, „ალტ ინფოს“, ORT-ს, NTV-სა და RTR-ს უყურებენ. ყველაზე ხშირად, სოციალური მედია პლატფორმებს შორის კი, „ფეისბუკს“, „იუთუბს“ „ინსტაგრამს“ და „ტიკ ტოკს“ იყენებენ. შეტყობინებების გაგზავნის დროს კი, „მესენჯერით“, „ვოთსაფითა“ და „ვაიბერით“ სარგებლობენ. ინფორმაციისთვის, NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 51% არ ენდობა არცერთ ტელეარხს.