თეგი: Defender 2023
თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ სწავლება „დამცველი 2023”-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება ცალკეულ საინფორმაციო საშუალებებისა და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი პირების მიერ აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლება “დამცველი 2023”-ში (Defender 2023) საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის საკითხის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. სამწუხაროდ, აღნიშნული მიკერძოებულად გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას თავდაცვის უწყების მიმართ. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თავდაცვის ძალები მუდმივად მონაწილეობს და მასპინძლობს საერთაშორისო წვრთნებს საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. მათ შორის, ყოველწიურად მასპინძლობს საქართველო-აშშ-ის ერთობლივ, მასშტაბურ მრავალეროვნულ წვრთნებს, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“. 2022 წლიდან უკვე დაწყებულია შესაბამისი დაგეგმვის აქტივობები სწავლება „მტკიცე სული 2023“-ის წარმატებით ჩატარების მიზნით. უფრო მეტიც, NATO-ს სხვა წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, მიმდინარე წელს თავდაცვის უწყებამ მონაწილეობა მიიღო ოთხ საერთაშორისო სწავლებაში, კერძოდ თურქეთში (WINTER 23), გერმანიაში (DYNAMIC FRONT 23), სლოვაკეთში (SLOVAK SHIELD 23) და ნიდერლანდებში (STEADFAST COBALT 23) და ასევე, წლის ბოლომდე დაგეგმილია სწავლებები თურქეთში (EURASIAN PEACE 23; ANATOLIA; ERCYIES), ესტონეთში (SPRING STORM 23), პოლონეთში (CWIX 23), ბულგარეთში (IMMEDIATE RESPONSE 23), რუმინეთში (SABER GUARDIAN 23), ინგლისში (SEA BREZZE 23), გერმანიაში (SABER JUNCTION 23; COMBINED RESOLVE 19), აზერბაიჯანში (CAUCASIAN EAGLE 23; ETERNITY 23), იტალიაში (SJEx/STEADFAST JACKAL) და საქართველოში (MAPLE ARCH 23), რომლებშიც ქართველი სამხედროები იქნებიან ჩართულნი. რაც შეეხება უშუალოდ სწავლება “დამცველი 2023”-ში (Defender 2023) საქართველოს მონაწილეობას, მოგახსენებთ რომ, თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ ზემოთ აღნიშნულ ამოცანებს, მათ შორის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის ხელმძღვანელობით, მასშტაბური წვრთნები - „დამცველი 23“ მიმდინარეობს
22 აპრილს აშშ-ის ხელმძღვანელობით მასშტაბური წვრთნები დაიწყო. წვრთნებში 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან, დაახლოებით, 9000 ამერიკელი ჯარისკაცი და დაახლოებით, 17 000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. სწავლება 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და ევროპის 10 სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება. Defender 23-ს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმია ხელმძღვანელობს. პენტაგონის განმარტებით, წვრთნების მიზანია აშშ-ის არმიის უნარის დემონსტრირება, სწრაფად განათავსოს საბრძოლო სანდო ჯარები და აღჭურვილობა. ასევე, მოკავშირეების დარწმუნება, რომ მათ შესწევთ უნარი, დაიცვან კონტინენტი პოტენციური აგრესიისგან და მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში. „დამცველი 2023“ - აშშ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას „წვრთნები ასევე ასახავს ევროპული ქვეყნების ვალდებულებას, გაზარდონ საკუთარი სამხედროების მასშტაბები, შესაძლებლობები და თავსებადობა“, - აცხადებენ პენტაგონში. ინფორმაციისთვის, შეერთებული შტატების გარდა, წვრთნებში მონაწილეობენ: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, კოსოვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. განახლება: პენტაგონის ვებგვერდზე აღარ არის მითითებული მონაწილე ქვეყნების სია. განმარტებულია, რომ მასალა რედაქტირებულია. „ბოდიშს ვიხდით იმ შესაძლო გაურკვევლობის გამო, რაც შეიძლება, ამას გამოეწვია“, - წერს პენტაგონი. ამასთან, არ არის დაკონკრეტებული, ეს განმარტება ეხება თუ არა საქართველოსაც. სწავლებაში ამ დროისთვის მონაწილე ქვეყნების სიაში კი, საქართველო არ წერია: კერძოდ, ამჟამად, წვრთნებში მონაწილე სახელმწიფოებში შედიან, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები, თუმცა სია მხოლოდ ამ ქვეყნებით არ შემოიფარგლება. ევროპასა და აფრიკში აშშ-ის არმიის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები დინამიკური და ხშირად ცვალებადი მოვლენაა, მონაწილე ქვეყნები კი, შეიძლება, შეიცვალონ ნებისმიერი მიზეზის გამო. ასევე წაიკითხეთ: დაბნეულობა სომხეთის მონაწილეობის შესახებ აშშ-ის ხელმძღვანელობით დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში განახლება: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქართველო წელს ოც საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობს. „შეიძლება, კონკრეტული სწავლება იყოს სხვადასხვა ლოგისტიკურ ხარჯთან, სხვადასხვა სირთულესთან დაკავშირებული. ჩვენ ამაში პრობლემას [ვერ ვხედავთ და] ვერავინ ვერ უნდა ხედავდეს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს კითხვაზე, რატომ არ მონაწილეობს საქართველო „Defender 23“-ში. „ჩვენი სწავლებების რეკორდული ციფრი იყო შარშან, როდესაც ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას საქართველოში. ასევე, რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზეა ჩვენი მონაწილეობა საზღვარგარეთ. ასე რომ, ამით სპეკულირებას პერსპექტივა არა აქვს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა 30 აპრილს, ქართული შეიარაღებული ძალების დღის აღსანიშნავი ღონისძიებების შემდეგ, მედიასთან საუბრისას. „ევროპის დამცველი 21“ – ში აშშ-ის პარტნიორი და მოკავშირე სახელმწიფოების ყველაზე დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. სწავლებაში 25 სხვა ქვეყანასთან ერთად საქართველოც მონაწილეობდა. სამხედრო სწავლება „ევროპის დამცველი“ პირველად, 2020 წელს ჩატარდა. 2021 წლიდან, წვრთნები ოფიციალურად, ყოველწლიურად იმართება. ბმულზე ნახეთ „ევროპის დამცველი 22“-ის მონაწილეთა სიაც.