თეგი: Eternity-2023
საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო წვრთნები გამართეს
ბაქოში აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი სამხედროების მონაწილეობით ჩატარებული კომპიუტერული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Eternity-2023“ დასრულდა, იუწყება აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. სამი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისა და შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით ჩატარებულ წვრთნებზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვის ორგანიზების ამოცანები შესრულდა. ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო ადმინისტრაციის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრში წვრთნების დასრულებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ სწავლების მთავარი მიზანი იყო აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და თავსებადობის უზრუნველყოფა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ „Eternity-2023“-ის კომპიუტერის დახმარებით სამეთაურო-საშტაბო წვრთნების დროს დაკისრებული ყველა დავალება წარმატებით შესრულდა.