თეგი: Foreign Policy
სალომე ზურაბიშვილი სანქციებზე, უკრაინის მიერ ელჩის გაწვევასა და საქართველოს მიმართ დასავლეთის მხარდაჭერაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Foreign Policy-ს ესაუბრა. Europetime ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, ბევრს სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანაში, საქართველოში მტკივნეული მოგონებები გაუღვივა. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 20 % რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მიუხედავად ამისა, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ არჩია, არ შეუერთდეს დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც მოსკოვს სანქციებს უწესებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ რუსეთის სანქციები არ შედის მისი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში. ამ ნაბიჯმა გამოიწვია დიპლომატიური კონფლიქტი უკრაინასთან, რის გამოც კიევმა თავისი ელჩი გაიწვია. Foreign Policy საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს უკრაინის ომი თბილისისთვის, NATO-ში გაწევრიანების შეუპოვარი ამბიციებისთვის და ქვეყნის გადაწყვეტილებისთვის, არ შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. _როგორი განწყობაა ახლა საქართველოში? როგორ იმოქმედა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ საქართველოს პოზიციაზე, განსაკუთრებით, უსაფრთხოების მიმართულებით? ქართული საზოგადოება შეშფოთებულია, მაგრამ მტკიცედ დგას, უკრაინის მიმართ დიდ სოლიდარობას გამოხატავს იმის გამო, რომ ჩვენ გვესმის, რას ნიშნავს, როცა პირდაპირ საფრთხე ემუქრება შენს სუვერენიტეტს, შენს დამოუკიდებლობას. _ფიქრობთ, რომ ამ მომენტისთვის, საქართველო საკმარის მხარდაჭერას იღებს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან? ჩვენ ვიღებთ მხარდაჭერას. ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს ყველა შეხვედრაზე. ჩვენ ახლახან გვყავდა კონგრესის დელეგაცია ვიზიტით საქართველოში. ვქონდა კონტაქტები და ვიზიტები (კონფლიქტამდე) ევროკავშირის მხრიდან; [ევროპული საბჭოს პრეზიდენტი] შარლ მიშელი შარშან სამჯერ იყო საქართველოში. ასე რომ, საქართველოს აქვს მხარდაჭერა და ჩვენ ახლა ამ დაჩქარებული ინტეგრაციის გზაზე ვიმყოფებით... ამავდროულად, ვფიქრობ, დროა, საქართველოზე უფრო მკაფიოდ ფიქრობდეს ყველა. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მოლდოვასთან ერთად, ჩვენ ვართ ორი ქვეყანა, რომლებიც რუსეთთან ახლოს, „ფრონტის ხაზზე“ ვართ და რომლებსაც არც ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემა იცავს და არც, რა თქმა უნდა, NATO-ს უსაფრთხოების გარანტიები. ასე რომ, ფაქტობრივად, ეს ჩვენ უფრო მოწყვლადს გვხდის ორივე სცენარში: მოიგებს თუ არა რუსეთი და გახდება უფრო ამბიციური, ან, როგორც ახლა ჩანს, რუსეთი კარგავს ან არ იგებს ისე, როგორც მათ სურთ, და შემდეგ ეძებს კომპენსაციას. მე არ ვამბობ, რომ ეს არის სცენარები, რომლებიც აუცილებლად განვითარდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ხშირად უნდა ვიყოთ მოხსენიებულნი. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი და აქცენტი უკრაინაზეა და უნდა იყოს უკრაინაზე. ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ საქართველო რაღაცნაირად დავიწყებულია, რადგან ეს შესაძლოა, ძალიან არასწორი გზავნილის გაგზავნა იყოს მოსკოვისთვის. _საქართველოს გარკვეულწილად, ყველაზე კარგად ემის, თუ რას განიცდიან უკრაინელები ახლა, მაგრამ ამავე დროს, საქართველო არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს, ფაქტობრივად, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. მე ვიცი, საიდან მოდის ეს, რადგან საქართველოს მთავრობამ გარკვეულ დროს განაცხადა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სანქციების დაწესებას. ეს იყო განკუთვნილი შიდა საზოგადოებისთვის, იმის ასახსნელად, რომ ჩვენ არ ვაპირებდით ეროვნული სანქციების დაწესებას საერთაშორისო სანქციებთან ერთად. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ყველა საერთაშორისო სანქციის ნაწილი: SWIFT-ი, ყველა ფინანსური სანქცია. საქართველოს ფინანსური ორგანოები და ბანკები არამხოლოდ იცავენ, არამედ გადაჭარბებულადაც ასრულებენ მოთხოვნებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის ის, რაც ნამდვილად ძვირი უჯდება საქართველოს. ფაქტობრივად, საქართველოს ინდივიდუალური სანქციების კუთხით ბევრი არაფერი შეუძლია. უკრაინიდან შემოგვქონდა ხორბალი და ასევე რუსული ხორბალი. ჩვენ 90%-ით ვართ დამოკიდებული ამაზე. ახლა გადახდების პრობლემაა, ამიტომ თუ ვერ გადავიხდით, იმპორტი არ იქნება. არის გარკვეული ვაჭრობა, რა თქმა უნდა, საქართველოსა და რუსეთს შორის, მაგრამ ეს ძირითადად ხილზე მოდის, რომელიც არ არის სანქცირებული საქონელი, ასე რომ, მე ვიტყოდი, ეს ნამდვილად არასწორი წარმოდგენაა იმისა, თუ რას აკეთებს საქართველო. _მაგრამ უკრაინელებმა გაიწვიეს თავიანთი ელჩი თბილისიდან. თქვენ ამბობთ, რომ მათ არასწორად გაიგეს საქართველოს პოზიცია? მე ვფიქრობ, რომ ამას აქვს გარკვეული პოლიტიკური ელფერები, რომლებიც დაკავშირებულია შიდა ქართულ პოლიტიკასთან და ზოგიერთი [ქართული] ოპოზიციური პარტიის კავშირებთან, ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან. _რას გულისხმობთ? ეს არ არის ის, რის გამჟღავნებასაც ვისურვებდი, რადგან ვფიქრობ, რომ ამჟამად ჩვენ გვჭირდება, რომ ურთიერთობა უკრაინასა და საქართველოს შორის რაც შეიძლება მჭიდრო იყოს. ყველაფერი, რაც რაიმე სახის განსხვავებას გამოხატავს და ეს არის ის, რაც მე ვუთხარი უკრაინელ ლიდერებს, ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, ეს არის ის, რაც რუსეთს აწყობს. ამიტომაც ეს არის ის საკითხი, რომლის განხილვაც არ მიყვარს, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოში არიან ოპოზიციის ლიდერები, დაახლოებულები სააკაშვილთან, რომელიც უკრაინაში იყო და იქ ჰყავს თავისი მეგობრები და ის [სააკაშვილი] ცდილობს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებზე გავლენის მოხდენას, რისთვისაც, ჩემი აზრით, ნამდვილად არ არის შესაფერისი მომენტი. _თქვენ ახსენეთ სააკაშვილი, რომელიც ახლა პატიმრობაშია. ვიცი, რომ ადრეც თქვით, რომ არ განიხილავდით მის შეწყალებას, მაგრამ, პირველ რიგში, როგორ ფიქრობთ, მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯი იყო? მე შევწყალე სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს, შიდა შერიგებისა და დეპოლარიზაციის პროცესს ხელს შეუწყობდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ, რადგან სააკაშვილის შეწყალება, საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რადგან არის ქვეყნის ნაწილი, რომელიც ერთ მხარეს მტკიცედ დგას და ალბათ, უმეტესობა, უმრავლესობა, ნებისმიერი ფორმის შეწყალების წინააღმდეგია. როგორც უკვე ვთქვი, არის სხვა საკითხი, რომ თუ მას მართლაც დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ ვფიქრობ, რომ მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული. უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება, რაც ჩვენ უკრაინაში ვნახეთ, ამის დემონსტრირებაა, რომ თუ ერთიანი ხარ, ნებისმიერ რამეს შეიძლება, წინააღმდეგობა გაუწიო. მოსახლეობის ერთიანობის ფანტასტიკური მაგალითი უკრაინაში გვაქვს. _შეშფოთებული ხართ თუ არა იმ გზავნილით, რომელსაც სააკაშვილის დაპატიმრება უგზავნის მსოფლიოს? არ მგონია, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. _თუმცა ეს განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი საკითხი დემოკრატიის სიჯანსაღისთვის. სახელმწიფოს ყოფილი მეთაურების დევნა ხშირად შემაშფოთებელ ნიშნად აღიქმება. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სასჯელი მიუსაჯეს და ის შინაპატიმრობაში იმყოფება. არის მრავალი სხვა მაგალითი, ბერლუსკონის ჩათვლით. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს დემოკრატიის რაიმე ფორმის საზომია. არ მგონია, რომ თუ გავითვალისწინებთ ძალიან სერიოზულ საკითხებს საქართველოში და მის ირგვლივ დღეს და [რეგიონში], არ ვფიქრობ, რომ ეს რეალურად ძალიან სერიოზული საკითხია. _გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავრობა ბრალს გდებდათ პრეზიდენტის უფლებამოსილების გადამეტებაში. რას ფიქრობთ ამ გამოწვევებზე? არაფერს. _არაფერს? არ ვფიქრობ, რომ ეს არის თემა საერთაშორისო მედიისთვის, რადგან ეს შიდა პოლიტიკური საკითხია. _დიდი ყურადღება მიექცა იმას, რასაც საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა უწოდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ცოტა გადაჭარბებულია. ვფიქრობ, რომ, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაშიც, საქართველოშიც არის პრობლემები. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს, მაგალითად, უკიდურესად თავისუფალი მედია. ჩვენ გვაქვს სასამართლო სისტემის რეფორმის პრობლემა, რომელიც არ მიიწევს წინ ისე სწრაფად, როგორც მე ვისურვებდი და როგორც ველოდით, მაგრამ ეს არ არის უკანდახევა. ის არ მიდის წინ ისე სწრაფად, როგორც საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაციისკენ მიმავალი ახალი გზა ძალიან მისასალმებელია, რადგან ეს უფრო პირდაპირი გზაა და გვაიძულებს, რაღაც უფრო მეტი ენერგიით გავაკეთოთ. ასე რომ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი მიმართულებით მივდივართ. ნებისმიერი, ვინც საქართველოში ჩამოდის, საქართველოს არადემოკრატიულ ქვეყნად არ აღიქვამს. ვფიქრობ, რაც უფრო მეტ ყურადღებას მივიღებთ, მით უფრო მტკიცედ წავიწევთ წინ ამ მიმართულებით.