თეგი: GIPL
გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა
ლიეტუვურ-პოლონური გაზსადენი GIPL-ი (Gas Interconnection Poland-Lithuania) ოფიციალურად გაიხსნა. ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, GIPL-ი რეგიონის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას გააძლიერებს და ის კლაიპედას თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის სრული პოტენციალის ათვისების საშუალებას იძლევა. გაზის იმპორტისა და ექსპორტის ახალი მარშრუტი ოფიციალურად გაიხსნა. ეს ისტორიული მოვლენაა რეგიონისთვის, რომელიც დიდი ხანია, დიდწილად იყო დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე. ცერემონიას ლიეტუვის, პოლონეთისა და ლატვიის პრეზიდენტები, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ენერგეტიკულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. „ვადაზე ადრე ვიწყებთ გაზის ტრანსპორტირებას პოლონეთ-ლიეტუვის ინტერკონექტორის გავლით. პოლონეთს აქვს წვდომა კლაიპედას ტერმინალზე, რაც პოლონელი მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების უსაფრთხოებას აძლიერებს“, - განაცხადა სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში მინისტრმა პიოტრ ნაიმსკიმ. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი ევროა, ევროკომისია დაფინანსების დაახლოებით 60%-ს უზრუნველყოფს. პროექტის დაფინანსებაში წვლილი ლატვიამ და ესტონეთმაც შეიტანეს. „რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, GIPL-ის გაზსადენი, Klaipeda LNG-ის ტერმინალთან ერთად, ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია არამხოლოდ ლიეტუვისთვის, არამედ პოლონეთისთვის და მთელი ბალტიის რეგიონისთვის“, - აცხადებენ ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროში. „GIPL-ის ამოქმედება ისტორიული მოვლენაა არამხოლოდ ლიეტუვისა და პოლონეთისთვის, არამედ მთელი რეგიონის ენერგეტიკის სექტორისთვის. ლიეტუვურ-პოლონური გაზსადენის ურთიერთდაკავშირება უზრუნველყოფს ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაზის მიწოდების უსაფრთხოებას და გააძლიერებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე“, - ამბობს ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრი დაინიუს კრეივისი. პოლონურმა კომპანიებმა PGNiG და Gaz-System-მა გაზპრომთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ 27 აპრილს გამოაცხადეს.