თეგი: Goldman Sachs
პრემიერი ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის და ფინანსური სერვისების კომპანიის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის და ფინანსური სერვისების კომპანიის - Goldman Sachs-ის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს ჯარედ კოენს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ამერიკის უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური კუთხით არსებული მდგომარეობისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. „აღინიშნა, რომ გასულ წელს, მიუხედავად მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული გართულებებისა, საქართველო განაგრძობს წინსვლას და ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველო გამოირჩევა როგორც საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორი“, - წერია ინფორმაციაში. ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის და ფინანსური სერვისების კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 2022 წელს 47,36 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. დღესვე მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „Airbus Helicopters” -ის აღმასრულებელ დირექტორს ბრუნო ივენს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, კერძოდ კი, აღინიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით გააფორმა ხელშეკრულება. "H145" მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია, შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. „პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია. მიუხედავად პანდემიის წლებში ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალისა, ქვეყანამ მოლოდინს გადააჭარბა და ისევე, როგორც 2021 წელს, 2022 წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.