თეგი: HRC
HRC: 7-9 მარტის აქციებზე პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია 7-9 მარტის აქციებიც, სადაც, HRC-ის შეფასებით, რამდენიმე პრობლემა იკვეთება. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები, რომელთა შორისაა: აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებების დაშლისას ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უფლებების უგულებელყოფა, პროტესტის გამოხატვის მიზნით, კარვის განთავსების აკრძალვა, აქციის ფასილიტაციის პროცესში არაპროპორციული რაოდენობის და არაიდენტიფიცირებული პოლიციელების მობილიზების ტენდენცია. აქციების მონიტორინგის საანგარიშო პერიოდში, სხვა საკითხთან ერთად, კვლევის საგანი იყო აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლის მიზანშეწონილობისა და კანონიერების შეფასება, რომელსაც ადგილი ჰქონდა 7-9 მარტს პარლამენტის წინ გამართულ აქციებზე. ამ აქციებზე დაკვირვებით გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა, მათ შორის: 1. აქციის დაშლისას დაირღვა სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი; 2. მომიტინგეთა მიმართ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა; 3. სპეციალური საშუალებებით აქციის დაშლისას დაირღვა საერთაშორისო სტანდარტები. პოლიციამ აქციის მონაწილეები სპეციალური საშუალებებით რამდენჯერმე დაშალა. 7 მარტს, დაახლოებით 20:20 საათზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციამ წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა წიწაკის სპრეი. მალევე, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, შესაბამისი გაფრთხილების გაკეთების გარეშე. კითხვები არსებობდა გამოყენებული სპეციალური საშუალებების პროპორციულობისა და აუცილებლობის შესახებ, იმ პირობებში, როცა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, 7 მარტს შეკრება მშვიდობიანად მიმდინარეობდა. სპეციალური საშუალებები გამოიყენა პოლიციამ 8-9 მარტსაც. ამასთან, საჯარო წყაროებით გავრცელებულ კადრებში ჩანდა პოლიციელი, რომელიც აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თვალების მიმართულებით ასხურებდა წიწაკის სპრეის, გამოვლინდა წიწაკის სპრეის წყლის ჭავლში შერევის შემთხვევაც. ეუთოს სტანდარტების თანახმად, წიწაკის სპრეის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აქციის ცალკეულმონაწილეთა მოსაგერიებლად, რომლებიც ძალადობრივად მოქმედებენ, და არა განურჩევლად აქციის ყველა მონაწილის მიმართ.81 ამასთან, აკრძალულია 1 მეტრზე ნაკლები მანძილიდან მისი გამოყენება.82 წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის თანადროული გამოყენება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში არსებობს ადამიანის მიზანმიმართული დაზიანების საფრთხე. ამდენად, სპეციალური საშუალებების გამოყენებისას უნდა მოხდეს ყველა იმ წესის დაცვა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებულ მიდგომას ეხმიანება,“ - წერს ორგანიზაცია. მისივე თანახმად, „შეკრების თავისუფლების რეალიზაციისას კვლავ პრობლემურია აქციის მშვიდობიანად ჩატარებისათვის შესაბამისი ზომების მიღება, პოლიციელთა პროპორციული რაოდენობის მობილიზება, აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლისას ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, აქციაზე დაკავებული პირების უფლებების სათანადოდ დაცვა.“ ორგანიზაციამ შეიმუშავა რეკომენდაციებიც, რომელიც პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გაუგზავნა.