თეგი: Human Rights Watch

რუსეთის ძალებმა ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს - Human Rights Watch-ის მტკიცებულებები

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. Human Rights Watch-ის მკვლევრებმა, რომლებიც ბუჩაში, 4-დან 10 აპრილამდე მუშაობდნენ (რამდენიმე დღის შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა დატოვეს ტერიტორია), სიკვდილით დასჯის, მკვლელობების, ხალხის გატაცების, წამების მტკიცებულებები იპოვეს. Human Rights Watch-მა პირადად გამოკითხა ბუჩის 32 მცხოვრები და სხვა, 5 ადამიანი - ტელეფონით, მათ შორის დაზარალებულები და მოწმეები, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, მორგის თანამშრომლები, ექიმები, მედდა და ადგილობრივი ოფიციალური პირები. Human Rights Watch-მა ასევე დააფიქსირა და გააანალიზა ქალაქში არსებული მტკიცებულებები, მოწმეების და მსხვერპლის მიერ მოწოდებული ფოტოები და ვიდეოები, სატელიტური სურათები. ბუჩის მთავარმა რეგიონულმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ Human Rights Watch-ს 15 აპრილს განუცხადა, რომ 278 ცხედარი იპოვეს ქალაქში რუსული ძალების გაყვანის შემდეგ, მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო და მოსალოდნელია, რომ რიცხვი კიდევ გაიზრდება. კონფლიქტამდე ბუჩას დაახლოებით 36 000 მოსახლე ჰყავდა. უკრაინის მონაცემებით, 31 მარტს, რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ, ბუჩაში სულ 278 ცხედარი იპოვეს. მათგან უმეტესობა სამოქალაქო პირია. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს.  

Human Rights Watch-მა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

უფლებადამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, დაპატიმრების გამო. შეშფოთების საგანია ასევე სხვა საკითხებიც. Europetime ანგარიშს უცვლელად გთავაზობთ. გაუარესდა მდგომარეობა მედიის თავისუფლების მხრივ, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა. შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება, უკანონო თვალთვალი, შრომის უსამართლო პირობები, ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების წინააღმდეგ. ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია 12 პირობის შესრულებაზე, რომელთაგან ბევრი ადამიანის უფლებების დაცვას უკავშირდება. სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცავთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. 2021 წლის დეკემბერში პარლამენტმა დაჩქარებული წესით გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც დამოუკიდებლად იძიებდა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მის ნაცვლად ორი უწყება შეიქმნა, რომელთაგან ერთს ევალება სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევების მოკვლევა, ხოლო მეორეს პერსონალურ მონაცემთა დაცვა. ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც სახელმწიფო ინსპექტორმა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დარღვევის გამოძიება დაიწყო.  ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა, პარლამენტს მოუწოდა, არ მიეღო ეს კანონპროექტი, რადგან ის არ ყოფილა „სათანადოდ განხილული დაინტერესებულ მხარეებთან [და] ასუსტებდა დამოუკიდებლად მოქმედ ინსტიტუტს.“ ოქტომბრის მდგომარეობით, სახალხო დამცველის აპარატში 70 საჩივარი იყო შესული ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. მათგან 61-ს შესაბამისი უწყებები იძიებდა. სახალხო დამცველის აპარატმა თხოვნით მიმართა საგამოძიებო უწყებას, გამოძიება დაეწყო დანარჩენ საჩივრებზე. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთ მათგანზე არ დაწყებულა. იანვარში ადგილობრივი ტელეარხებით გადაიცა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, როგორ სცემდა მეტროში პოლიციელი 17 წლის სმენადაქვეითებულ ბიჭს. მეორე პოლიციელს, რომელიც იქვე იდგა, არ უცდია მისი შეჩერება. შემთხვევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოიძია და ივლისში სასამართლომ მოძალადე პოლიციელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.  მაისში ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის „სირცხვილია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მჟავანაძემ, განაცხადა, რომ თბილისის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ის ჯარიმის დადგენილების წამოსაღებად მივიდა, პოლიციელებმა ბორკილები დაადეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც ძალადობრივ სამოხელეო დანაშაულებს იძიებს, მოკვლევა დაიწყო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მჟავანაძე დაუმორჩილებლობის გამო დააკავა.    ივნისში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკამათო ცვლილებები კანონში  ფარული თვალთვალის და მიყურადების შესახებ. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ამ კანონით დასაშვები გახდა ადამიანების უვადო ფარული მოსმენა და თვალთვალი ამ ადამიანების ინფორმირების გარეშე. ეს ნორმა 77 დანაშაულზე ვრცელდება, რომელთა შორისაც ახლა არის ტრეფიკინგი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა და ნარკოდანაშაული. აგვისტოში ვენეციის კომისიამ, ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ კონსტიტუციურ საკითხებში, მოუწოდა ხელისუფლებას, გადახედოს ამ კანონს. კომისიის განცხადებით, „ფარული თვალთვალი გამონაკლის ზომად უნდა განიხილებოდეს“ და სახელმწიფოს მხრიდან „ფრთხილ ფორმულირებას და ვიწრო გაგებით ინტერპრეტირებას“  საჭიროებს. სექტემბერში პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო, მაგრამ მმართველმა პარტიამ ეს ვეტო სექტემბერშივე დაძლია. სექტემბერში ოპოზიციურმა სატელევიზიო არხმა „ტვ პირველმა“ გაჟონილი მასალები გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია მასშტაბური თვალთვალი ოპოზიციურ პარტიებზე, რომელსაც, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახური მმართველი პარტიის სასარგებლოდ ახორციელებდა. მასალებიდან ჩანს, რომ წამყვან პოლიტიკოსებს უთვალთვალებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სივრცეებში. მედიის თავისუფლება მაისში სასამართლომ ერთ-ერთი წამყვანი კრიტიკული ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებისას უფლებამოსილების გადამეტებისთვის, როდესაც სხვა კერძო ტელეკომპანიას ხელმძღვანელობდა. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მისი მენეჯერული გადაწყვეტილებების შედეგად კომპანიას შემოსავალი შეუმცირდა. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა და მას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ კერძო კომპანიის დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც საზიანო იყოს ის კომპანიისთვის, არ შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საგნად იქცეს და ხელისუფლებას საქმის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები. მარტში „მთავარი არხის“ რეპორტიორს ემა გოგოხიას და მის ოპერატორს თავს დაესხა რამდენიმე ადამიანი, როდესაც ისინი იღებდნენ, როგორ შლიდნენ ზუგდიდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები პოლიტიკური პარტიის ოფისის კედელზე დახატულ უკრაინის დროშას. ხელის შეშლის ამ ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ივნისში „ტვ პირველის“ ოპერატორს მურმან ზოიძეს თავს დაესხნენ ბათუმში. ამ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა. ივლისში პროკურატურამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო, რომლის დროსაც ერთ-ერთმა პარლამენტარმა, სავარაუდოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ტვ პირველის“ დამფუძნებელს ვახტანგ წერეთელს.  მაისში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულმა სამმა ჟურნალისტმა მაუწყებლის მენეჯმენტი დაადანაშაულა ცენზურასა და სარედაქციო პოლიტიკაში „უხეშ ჩარევაში“, განსაკუთრებით, რუსეთზე კრიტიკული მასალების მომზადებისას. რამდენიმე დღის შემდეგ იდენტური ბრალდება ამავე მაუწყებლის კიდევ ერთმა ყოფილმა ჟურნალისტმა გააკეთა. შრომითი უფლებები კანონმდებლობის ბოლოდროინდელი გაუმჯობესების მიუხედავად, შრომის სამართლიანი პირობების უზრუნველყოფა საქართველოში შეშფოთების საგნად რჩება. ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირება სუსტია, სოციალური დაცვა მინიმალური, პროფკავშირებს არა აქვთ იურიდიული გარანტიები, რაც მათ სისტემურ ცვლილებებზე ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმართვის შესაძლებლობას მისცემდა, ხოლო „შრომის ინსპექციის“ ეფექტიანობას რესურსების სიმცირე აფერხებს. ხელფასების დაურეგულირებლობა მშრომელებს ექსპლუატაციისაგან  დაუცველს ხდის. მინიმალური თვიური ხელფასი, რომელიც 20 ლარია (დაახლოებით 7 აშშ დოლარი), 12-ჯერ ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და 1999 წლის შემდეგ არ გადასინჯულა. დაბალ ხელფასებს ამძიმებს შრომითი კულტურაც, რომელიც ხელფასის მოპარვას ნორმად აქცევს. პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „საქართველოს ღირსეული შრომის პლატფორმის“ ანგარიშის თანახმად, მშრომელთა 88% ერთი ფორმის ხელფასის მოპარვის მსხვერპლი მაინც გამხდარა. მოპარული ხელფასი განსაკუთრებით პრობლემურია ჯანდაცვის მუშაკებისთვის, რომლებიც ისედაც გადაღლილები არიან კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ზეგანაკვეთური მუშაობით. 2022 წელს შრომის ინსპექციამ აღმოაჩინა, რომ 86-მა კერძო კლინიკამ, რომლებმაც სახელმწიფოსგან სპეციალური დაფინანსება მიიღო ექთნების ხელფასების დანამატისთვის, ეს თანხები სხვა მიზნებით გამოიყენა. დადებითი ცვლილებაა ის, რომ მთავრობამ საჯარო კლინიკებში ექთნების მინიმალური ხელფასი გაზარდა. პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. „შრომის ინსპექციის“ მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 23 ადამიანი დაიღუპა და 230 დაშავდა სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად. სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა საქართველოში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანები კვლავ შევიწროებას, დისკრიმინაციას და ძალადობას განიცდიან. მაისში, თბილისში, 5 ტრანსგენდერ ქალს სახლში დაახლოებით 30-კაციანი ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. ქვებითა და აგურებით შეიარაღებული მოძალადეები თავს დაესხნენ ამ ქალებს და მათი ბინის მფლობელს, დააზიანეს მათი სახლი და სიკვდილით დაემუქრნენ მათ. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის მიმდინარეობდა გამოძიება. ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი ადამიანი დააჯარიმა უფლებადამცველთა ორგანიზაციის „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის 2021 წლის ივლისში მასობრივი ანტი-ლგბტ თავდასხმების დროს. ამ თავდასხმებს ათობით ადამიანის დაშავება და „ღირსების მარშის“ გაუქმება მოყვა. სასამართლომ გაამართლა მოპასუხეები უფრო მძიმე, დევნისა და ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებების ნაწილში. პოლიციამ სულ 31 ადამიანი დააკავა ძალადობისთვის. სასამართლოებმა 26 ადამიანს მიუსაჯეს პატიმრობა იმ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის, რომლებიც ამ მოვლენებს აშუქებდნენ. თუმცა, ხელისუფლებას არ გამოუვლენია და დაუსჯია მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები. 2021 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წელს საქართველოს სახელმწიფომ არ დაიცვა მშვიდობიანი დემონსტრანტები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობისგან, რითიც დაირღვა შეკრების თავისუფლება და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის და დისკრიმინაციის აკრძალვა. 2013 წლის 17 მაისს მოძალადეთა ბრბო თავს დაესხა აქტივისტთა ჯგუფს, რომელიც ცდილობდა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. ამ ძალადობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. ქალთა უფლებები პროკურატურის მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 13 ქალი მოკლეს და 11 ქალის მკვლელობა სცადეს ოჯახის წევრებმა. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თქმით, სასამართლოები, ხშირად, გირაოთი ათავისუფლებენ მოძალადეებს, რომლებიც აგრძელებენ ძალადობის მსხვერპლი ქალების დაშიებას.   2021 წლის ნოემბერში გაერო-ს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW)  დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის“ რამდენიმე მუხლი ხანუმ ჯეირანოვას საქმესთან დაკავშირებით. ჯეირანოვა 2014 წელს გარდაიცვალა თანასოფლელების მხრიდან საჯარო დამცირების და ფიზიკური ძალადობის შემდეგ. CEDAW-მ დაადგინა, რომ საქართველომ, მათ შორის, ვერ უზრუნველყო ჯეირანოვას მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მისი სიკვდილის გამოძიება და ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების დასჯა; ასევე, ვერ დაიცვა ის გენდერული დისკრიმინაციისგან. საერთაშორისო აქტორები ივნისში, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის პასუხად, ევროპულმა საბჭომ მზადყოფნა გამოთქვა, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ თორმეტ პრიორიტეტს შეასრულებს. ამ პრიორიტეტებს შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულების გაძლიერება, დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფა, მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის გარანტირება, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება. ივნისში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გამოხატა უკმაყოფილება საქართველოში მედიის თავისუფლების „მნიშვნელოვანი გაუარესების“, მათ შორის დაშინების, ძალადობის და „მედიის წარმომადგენლების და მფლობელების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი გამოძიებების“ გამო და დაგმო გვარამიას დაპატიმრება. ივნისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა დაკავების ორდერები ომის დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩადენილი იქნა 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის დროს. დაკავების ორდერები გამოიცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის სამი წევრის მიმართ შემდეგი ბრალდებებით: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შელახვა, მძევლების აყვანა და უკანონო გადაადგილება. ეჭვმიტანილები ჯერ არ დაუკავებიათ. ფიქრობენ, რომ ისინი ამჟამად სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. 2023 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ვარაუდობს გამოძიების შეკვეცას საქართველოში და ძალისხმევის მიმართვას დაკავების სამი ორდერის აღსრულებაზე. სექტემბერში გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოუწოდა ხელისუფლებას, გამოიძიოს ადამიანი უფლებათა დარღვევები და დასაჯოს დამნაშავეები, გააძლიეროს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და დაიცვას ადამიანები სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობისგან. ივნისში აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოხატეს მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული მისწრაფების მიმართ და, ამავე დროს, „ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის გამო“. თებერვალში ვიზიტის შემდეგ დუნია მიატოვიჩმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელება და შრომითი და გარემოსდაცვითი უფლებების უკეთ დაცვა.

Amnesty International-ი და Human Rights Watch-ი: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სააკაშვილის სამედიცინო ნიშნით გათავისუფლება

Amnesty International-ისა და Human Rights Watch-ის ერთობლივი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უარს ეუბნება ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე, აყენებს მას სიკვდილის, ან ჯანმრთელობის სხვა შეუქცევადი ზიანის საფრთხის წინაშე. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ჯერ არ მიუღიათ პასუხი 2023 წლის 10 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი მიწერილ ერთობლივ წერილზე, რომელშიც ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ. Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შესაძლოა, წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას უთანაბრდებოდეს და მის სიცოცხლეს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს“. „საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის, განიხილოს მისი გათავისუფლება სამედიცინო ნიშნით“, - განაცხადა დენის კრივოშეევმა. Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორი, ჰიუ უილიამსონი ამბობს, რომ „პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს, სადაც განკურნებადი დაავადებები ტრაგიკულად ფატალური ხდება“. „მათ უნდა დაიწყონ ისეთი ზომების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ სამედიცინო დახმარებას და, საჭიროების შემთხვევაში, ითვალისწინებს ნებისმიერი ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობაში დარჩენისთვის ქმედუუნაროდ ითვლება“, - აცხადებს ჰიუ უილიამსონი.

HRW: ისრაელმა ღაზასა და ლიბანში ფოსფორიანი ჭურვები გამოიყენა

Human Rights Watch-ის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ 10 და 11 ოქტომბერს ღაზის სექტორისა და ლიბანის დაბომბვის დროს ისრაელის სამხედროების მიერ თეთრი ფოსფორის გამოყენების მტკიცებულება აღმოაჩინა. ამ ფაქტზე ორგანიზაცია ვიდეოჩანაწერებისა და თვითმხილველთა ჩვენების საფუძველზე მიუთითებს. კერძოდ, სააგენტო AFP-ის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ღაზაში, ცაზე, თეთრი ზოლებია გამოსახული. ადამიანის უფლებათა დამცველების შეფასებით, ღაზაში თეთრი ფოსფორის გამოყენება ზრდის რისკს სამოქალაქო მოსახლეობისთვის და წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების დარღვევას. ისრაელის სარდლობამ Reuters-ს განუცხადა, რომ "ამჟამად არ იციან ღაზის სექტორში თეთრი ფოსფორის შემცველი იარაღის გამოყენების შესახებ." ისრაელის ელჩმა რუსეთში ალექსანდრე ბენ ცვიმ უარყო ისრაელის არმიის მიერ ფოსფორიანი ბომბების გამოყენება. "ეს ასე არ არის. დღეს თქვენ იცით, ყველაფერია სოციალურ ქსელებში, ყველას აქვს საკუთარი მობილური ტელეფონი, ეს უბრალოდ სისულელეა," - განუცხადა დიპლომატმა რუსულ სააგენტო TASS-ს. თეთრი ფოსფორი ჟანგბადთან შეხებისას იწვის და სქელ თეთრ კვამლს ქმნის. ამ ნივთიერებას ზოგჯერ სამხედროები ტერიტორიების მონიშვნისთვის იყენებენ, მაგრამ მას ასევე შეუძლია, გამოიწვიოს მძიმე დამწვრობა და ხალხმრავალ ადგილებში მისი გამოყენება შესაძლოა, ადამიანებისათვის, უკიდურესად საშიში იყოს. თეთრი ფოსფორი არ არის აკრძალული საერთაშორისო სამართლით, მაგრამ ადამიანებზე მავნე ზემოქმედების გამო, მისი გამოყენება მკაცრად რეგულირდება. ICC-ის იურისდიქცია ვრცელდება „ჰამასის“ თავდასხმასა და ისრაელის საპასუხო ზომებზე - მთავარი პროკურორი

რას წერს Human Rights Watch-ი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი თავის წლიურ დოკუმენტში მიუთითებს, რომ საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა „არათანაბარი იყო.“ „მსოფლიო ანგარიში 2024“ ხუთშაბათს, 11 იანვარს გამოქვეყნდა. ყველაზე მწვავე საკითხებს შორის, რომლებიც დომინირებდა შარშან ქართულ პოლიტიკაში, ნახსენებია დაძაბულობა 12 რეკომენდაციის მთავრობის მიერ შესრულების გარშემო, რომლებიც ევროკავშირმა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად განუსაზღვრა და რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან კრიტერიუმებს. როგორც „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონთან დაკავშირებით არის აღნიშნული, ეს კანონი გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავდა. ამასთან, უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ პოლიცია წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა „აგენტების შესახებ კანონის“ გასაპროტესტებლად შეკრებილთა მიმართ.   სახალხო დამცველის ოფისის თანახმად, ეს ზომები იყო არაპროპორციული და არ იყო აუცილებელი, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კი, სამართალდამცავების მოქმედებების გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების შესახებ 124 საჩივარი მიიღო. „ხელისუფლება შეეცადა მიეღო კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრიდა გამოხატვის თავისუფლებას. კვლავაც რჩებოდა პასუხისმგებლობის დეფიციტი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დარღვევებისთვის, განსაკუთრებით, შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები მოიცავდა მედიის თავისუფლების შეზღუდვას და მედიაზე თავდასხმას, ისევე, როგორც შრომის უსამართლო პირობებს. ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიაში არ შევიდა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების (ლგბტ) უფლებები,“ წერია ანგარიშში. Human Rights Watch-ის ანგარიში ხაზს უსვამს მთავრობის წარმომადგენელთა „მტრულ რიტორიკას“ არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით. ანგარიშში ნათქვამოა, რიტორიკა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა.  დოკუმენტის თანახმად, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ შეშფოთება გამოხატა „უფლებადამცველთა საქმიანობისთვის ძირის გამოთხრისკენ მიმართული სისტემატური ძალისხმევის“ გამო, მათ შორისაა მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წარმოებული ცილისწამების კამპანიები სოციალურ ქსელებში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სექტემბერში სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოძიება დაიწყო სავარაუდო „შეთქმულების“ თაობაზე, რომელსაც აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID აფინანსებდა და რომელიც მიზნად ისახავდა აქტივისტების გადაბირებას საზოგადოებაში არეულობის დასათესად და საქართველოს მთავრობის დამხობას. „აშშ-ის მთავრობამ კატეგორიულად უარყო ეს ბრალდებები. ანგარიშის დაწერის მომენტისთვის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა ათობით აქტივისტი დაკითხეს, მათ ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე, რათა არ დაეშვათ ამ საქმის საჯაროდ განხილვა,“ აღნიშნავს Human Rights Watch-ი. ანგარიშის ავტორები „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლასაც ეხებიან. „ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ არავინ დაუკავებიათ თავდასხმასთან დაკავშირებით,“ წერს უფლებადამცველი ორგანიზაცია. მარტში მიღებულ 2023-2030 წლების ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიაში არ არის ნახსენები ლგბტ ადამიანების უფლებები, განსხვავებით წინა პერიოდის დოკუმენტისგან. ქართული ჯგუფებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკის შემდეგ მთავრობამ პირობა დადო, რომ დოკუმენტის ნაკლოვანებებს შეავსებს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მან ტრანსგენდერებს არ მისცა საკუთარ ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერული მარკერის შეცვლის უფლება სქესის შესაცვლელი სამედიცინო პროცედურების გაუვლელად. Human Rights Watch-ი ასევე მიუთითებს ევროპარლამენტის თებერვლის რეზოლუციაზე, რომელშიც „სერიოზული შეშფოთებაა“ გამოხატული პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ევროპარლამენტი გამოვიდა მოწოდებით, გაათავისუფლონ ის და მისცენ წვდომა „სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე“ უცხოეთში. ანგარიში ასევე ეხება მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმებს. დოკუემნტში ასევე მოხვდა შრომითი უფლებების საკითხიც. აღნიშნულია, რომ გარკვეული საკანონმდებლო გაუმჯობესების მიუხედავად, შრომითი უფლებები კვლავ შეშფოთებას იწვევს. ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულაციები სუსტია, პროფკავშირებს არ აქვთ იურიდიული გარანტიები, რაც მათ საშუალებას მისცემს, ეფექტიანად მოაგვარონ სისტემური ცვლილებები.  

Human Rights Watch-ი: პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოო მოსმენაზე უნდა უარყოს

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი (HRW) აცხადებს, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი საბოლოო მოსმენაზე უნდა უარყოს. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა და პოლიციის ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ყველა ბრალდების ეფექტიანი გამოძიება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანონპროექტი, ეს კანონპროექტი თითქმის იდენტურია იმ კანონპროექტისა, რომლის მიღებაც საქართველოს პარლამენტმა სცადა 2023 წელს, მაგრამ მასობრივი პროტესტის შემდეგ მან უკან დაიხია. ახალ ვერსიაში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტები“ „უცხო ძალის ინტერესების მომსახურე ორგანიზაციებით“ ჩაანაცვლა. Human Rights Watch-ის შეფასებით, კანონპროექტი, რომელიც „გარკვეულ არასამთავრობო ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირებას "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად," ემუქრება ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანაში.“ HRW-ის განცხადებით, „კანონპროექტი არ შეესაბამება საკანონმდებლო ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს აღებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციასთან მიერთებით. საერთაშორისო სამართლით, დაშვებულია გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ეს კანონპროექტი დიდად აჭარბებს ნებისმიერ ლეგიტიმურ ჩარევას ამ უფლებებში.“ HRW აცხადებს, რომ „გაერთიანების თავისუფლების უფლების განუყოფელი ნაწილია ეროვნული, საერთაშორისო და უცხოური წყაროებიდან რესურსების მოძიება, მიღება და გამოყენება.“ ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონპროექტი არის რუსეთის „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის მსგავსი და იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილებას რუსეთის კანონზე, რომლის თანახმადაც, დაირღვა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი შეკრების თავისუფლების შესახებ, რომ დაუსაბუთებელი იყო სპეციალური სტატუსისა და სამართლებრივი რეჟიმის შექმნა უცხოური და საერთაშორისო წყაროებიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის და რომ ეს შეზღუდვები არის მათი ლეგიტიმური საქმიანობის შეზღუდვა. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.