თეგი: IMO
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი თბილისს ეწვევა
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი, კიტაკ ლიმი თბილისს ეწვევა და 26 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმს დაესწრება. ლიმი მოხსენებით წარდგება სესიაზე „შუა კორიდორი,“ რომელშიც საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლები და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების (IRU) გენერალური მდივანი მონაწილეობენ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კიტაკ ლიმი კორეის საზღვაო და პორტის ადმინისტრაციას 1985 წელს შეუერთდა. 2006 წელს იგი დაინიშნა საზღვაო ატაშედ, მრჩეველად კორეის რესპუბლიკის საელჩოში ლონდონში და 2009 წლის აგვისტომდე IMO-ში მუდმივ წარმომადგენლად მუშაობდა. მოგვიანებით ლიმი დაინიშნა საზღვაო უსაფრთხოების ბიუროს გენერალურ დირექტორად სახმელეთო, ტრანსპორტისა და საზღვაო საქმეთა სამინისტროში (MLTM), ხოლო შემდეგ გახდა პუსანის პორტის პრეზიდენტი. 2016 წლიდან კიტაკ ლიმი IMO-ს გენერალური მდივნის პოზიციას იკავებს. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში მიმდინარე წლის 26 - 27 ოქტომბერს ჩატარდება და მას მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „ფორუმი, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება - ის საერთაშორისო ბრენდად და წარმომადგენლობით პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა. ორდღიანი ფორუმის მონაწილეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებს. ღონისძიების ფარგლებში ათი სესია გაიმართება: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე. ფორუმის მეორე დღე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას და ორმხრივ შეხვედრებს (B2B) დაეთმობა,“ - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
IMO-ს გენერალური მდივანი: შუა დერეფანი დიდად შეუწყობს ხელს გლობალურ ეკონომიკას და ასევე, გლობალური ვაჭრობის გაფართოებას
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანმა, კიტაკ ლიმმა განაცხადა, რომ გლობალური მიწოდების ჯაჭვის თვალსაზრისით, შუა დერეფანი დიდად შეუწყობს ხელს გლობალურ ეკონომიკას და ასევე, გლობალური ვაჭრობის გაფართოებას. მისი შეფასებით, კავშირისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა სარგებელს მოუტანს ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი მოსახლეობას რეგიონის ქვეყნებში“ „აბრეშუმის გზის ფორუმზე დავინახე უფრო მაღალი მონდომება და მოტივაცია რეგიონის ქვეყნებიდან შუა დერეფნის პროექტთან დაკავშირებით - ჩანს მათი დიდი მონდომება და იციან, რა გააკეთონ, რაც ძალიან პერსპექტიულია. მე დავინახე მეტი ყურადღება გლობალური საზოგადოების მხრიდან - ეს პროექტი აღარ შემოიფარგლება ამ რეგიონით, არამედ, ეხება გლობალურ ვაჭრობას და გლობალურ ეკონომიკას. ამ თვალსაზრისით, მე დავინახე დადებითი სიმპტომები, რაც უფრო მეტ ყურადღებას იქცევს გლობალური საზოგადოებიდან. აბრეშუმის გზის ფორუმი მუშაობს ძალიან ეფექტურად, ძალიან სტაბილურად,“ - აღნიშნა კიტაკ ლიმმა ფორუმზე გამოსვლისას.