თეგი: IPRM
IPRM-ის მრავალსაათიანი შეხვედრა ერგნეთში - რამ გამოიწვია დაძაბული და ვრცელი დისკუსია
ერგნეთში თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში. რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც წინ უძღოდა 27 აპრილს გამართულ შეხვედრას, იყო 21 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ მომხდარი ინციდენტი, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სცადეს საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება. მათ თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ჭვრინისის ინციდენტის თემამ დაძაბული და ვრცელი დისკუსია გამოიწვია. „ამ აღმაშფოთებელ ფაქტს მიეცა უაღრესად მკაცრი შეფასება", - აღნიშნა ანთაძემ. როგორც ის ამბობს, აუცილებელია, მონაწილეები დეტალურად გაერკვნენ საქმის ვითარებაში და დამნაშავეებმა აგონ პასუხი, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეს მიაყენეს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება და მისი სიცოცხლე იყო რეალური საფრთხის ქვეშ. ანთაძემ დაამატა, რომ საქმის არსში გარკვევა და სავარაუდო დამნაშავეების დასჯის მოთხოვნა პირდაპირ გულისხმობს, რომ საჭიროა მათი იდენტიფიცირება. „რა თქმა უნდა, მიჭირს საუბარი, ეს რა შედეგს გამოიღებს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ეს გავაჟღერეთ და, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივდევთ ამ საქმეს ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ და აღნიშნა, რომ დასჯის მოთხოვნის დაყენების საპასუხოდ, „რეაქცია არ ყოფილა, კომენტარისგან თავი შეიკავეს". მისივე ინფორმაციით, ერგნეთში შეხვედრა დაიწყო ტექნიკური საკითხით, რომელზეც განიხილეს მომავალი საირიგაციო სეზონისთვის მზადება. ამ მიმართულებით, როგორც ანთაძე ამბობს, ყველაფერი იქნება ისე, როგორსაც წინა წლების პოზიტიური გამოცდილება გვკარნახობს. რაც შეეხება თავად IPRM-ის შეხვედრას, როგორც ანთაძე აცხადებს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მთავარი საკითხია უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის საკუთარ სახლებში დაბრუნება. „დავინტერესდით მათი პერსპექტივით, რა პერსპექტივას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში. გაჟღერდა გარკვეული სიგნალები, რაც შესაძლებელია განვითარდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით. მე ოჯახებს გავუზიარებ ამ ინფორმაციას. თუმცა, რა თქმა უნდა, ვიდრე ყველაფერი არ იქნება გაზიარებული ურთიერთობის არსებული ოფიციალური არხების მეშვეობით, მანამდე მე ვერ გავამხელ ვერცერთ დეტალს. ეს არის მხოლოდ სიგნალი და პერსპექტივა“, - ამბობს ირაკლი ანთაძე. 9 მაისისთვის ოკუპირებულ ცხინვალის ციხეში მყოფი ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მამუკა ჩხიკვაძის შესაძლო „შეწყალებაზე“, ირაკლი ანთაძე ამბობს: „ძალიან ბევრი ხმა მუსირებს ორივე მხარეს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ვიდრე ყველაფერი არ დადასტურდება კომუნიკაციების ოფიციალური არხებით, მანამდე ამაზე შეფასების გაკეთება არ მიმაჩნია სწორად“. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ტრადიციულად აყენებენ ჩორჩანის საგუშაგოს გაუქმებისა და ე.წ. საზღვართან დაკავშირებულ საკითხებს. „ცხინვალელმა მონაწილეებმა კვლავ წამოაყენეს ჩორჩანის საკითხი - მათ გააჟღერეს ჩვეული პოზიცია. დარტყმის მთავარი ობიექტი არის ჩვენი პოლიციის სტანდარტული საგუშაგო, რომელმაც შეუძლებელია, რაიმე საფრთხე შეუქმნას ვინმეს, საკუთარი ბუნებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე. ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცადეთ ჩვენი გზავნილების მათთან მიტანას. სამწუხაროდ, დივერგენციები ამ მიმართულებაზე არის ძალიან დიდი ჩვენს შორის. ეს არის ჩვენთვის დამატებითი სტიმული, რომ შეხვედრიდან შეხვედრამდე გზავნილები მათდამი მივიტანოთ. დარწმუნებული ვართ, რომ რაღაც პერიოდში ჩვენი პოზიციების დაახლოება მოხერხდება ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა სუს-ის წარმომადგენელმა. რაც შეეხება ე.წ. საზღვარს, ანთაძე აცხადებს: „ყველა შეხვედრაზე არის მცდელობა, რომ წინ წამოიწიოს აღნიშნული საკითხი, მაგრამ ამაზე არსებობს მხოლოდ ერთადერთი პასუხი - IPRM-ი არის დეპოლიტიზებული მექანიზმი და არ შეესაბამება მის მანდატს მის შეხვედრაზე პოლიტიკური დატვირთვის საკითხების განხილვა. შესაბამისად, ე.წ. საზღვრის ე.წ. დემარკაციასა და ე.წ. დელიმიტაციის დისკუსიაში ვერავისთან ვერ შევალთ. მით უმეტეს, ჩვენ არ ვაღიარებთ არანაირ საზღვარს“. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. გადასასვლელებზე შეზღუდვის მოხსნის საკითხს აყენებს. „ვადის გახანგრძლივების საკითხი ჩვენ დავაყენეთ. ზოგადად, ჩვენ დავაყენეთ საკითხი და ამას ყოველ შეხვედრაზე ვაყენებთ, რომ მოიხსნას ყოველი ხელოვნური შეზღუდვა თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით ან, როგორც მინიმუმ, გახანგრძლივდეს იმ დღეების რაოდენობა, რომელიც დღეის მდგომარეობით შეადგენს ათ დღეს. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი მათ ჩვენთვის არ გაუციათ, მაგრამ საკითხი ღიაა და ეს აუცილებლად დადგება ყველა შეხვედრაზე“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. 2008 წლის ომის შემდეგ ისინი დღეს 112-ედ შეიკრიბნენ. 21 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი გაათავისუფლეს.
სუს-ი ერგნეთის შეხვედრაზე: ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს უკანონოდ დაკავებულების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერგნეთის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს. მისი მიხედვით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სიმკაცრით მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება. „გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 113-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა მოთხოვნილი უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება. დისკუსია გაიმართა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე არსებულ ჰუმანიტარულ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობებზე. ასევე, იმსჯელეს ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებულ პრაქტიკასა და მისი მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2023 წლის 12 სექტემბერს ჩაინიშნა. EUMM ერგნეთის შეხვედრაზე: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ „გამოთქვეს შეშფოთება“ „დაკავებების პრაქტიკის გაგრძელების გამო“
EUMM ერგნეთის შეხვედრაზე: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ „გამოთქვეს შეშფოთება“ „დაკავებების პრაქტიკის გაგრძელების გამო“
ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 113-ე შეხვედრა სამ ივლისს გაიმართა. შეხვედრა ჩატარდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით. Europetime-მა ხსენებულ საკითხზე მხარეების პოზიციები შეკრიბა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ „გამოთქვეს შეშფოთება დაკავებების პრაქტიკის გაგრძელების გამო და ყველა დაკავებულის გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდნენ. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებმა ასევე განიხილეს დამატებითი საკითხები, რომლებიც კვლავაც უარყოფითად მოქმედებს საოკუაპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე კერძოდ, „ბორდერიზაცია“ და სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობას ამ თემაზე ინფორმაციის გაცვლის ხელშესაწყობად. EUMM-ის თანახმად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ დადებითად შეაფასეს მონაწილეთა მყარი ერთგულება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ (საოკუპაციო ხაზი, რედ.) გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების დროებით გახსნას ივნისში ლომისობის რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნისას, რამაც ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას მისცა რელიგიური ადგილების მონახულების შესაძლებლობა. ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე მოითხოვს დაკავებული 7 მოქალაქის უპირობო გათავისუფლებას „ამავე დროს მათ გაიმეორეს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მიმართული მათი მოწოდება, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება ადგილზე მცხოვრები ქალების, კაცების, ბავშვების და მოხუცებისთვის. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ კონსტრუქციულ თანამშრომლობას სარწყავი წყლის გაზიარების კუთხით და წაახალისეს შემდგომი წინსვლისთვის შესაბამისი ძალისხმევები. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსიებში, რომელთა დროსაც, ყურადღება გამახვილდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომელთა შორისაც იყო გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები და უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ ბოლოდროინდელი მოვლენები“, - განაცხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, უკანონო ბორდერიზაციის საკითხსა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე მსჯელობისას, ოკუპირებული ცხინვალიდან მონაწილეების მხრიდან მიდგომა „დავიდა პოლიტიკურ სპეკულაციამდე და აპელირებამდე ჰიპოტეტურ „სახელმწიფო საზღვართან“ დაკავშირებით“. „რა თქმა უნდა, საუბარი იყო უკანონო ბორდერიზაციის საკითხსა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე, რაც ამ შეხვედრების ფორმატის ერთ-ერთი ნაწილია. რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციის საკითხს, საუბარი შეეხო ბოლო სხდომებს შორის არსებულ პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს. რაც შეეხება პასუხებს, პასუხები იყო ორდინალური, მათ ახალი არაფერი უთქვამთ და ყველაფერი დავიდა პოლიტიკურ სპეკულაციამდე და აპელირებამდე ჰიპოტეტურ „სახელმწიფო საზღვართან“ დაკავშირებით. მათ კვლავ გააჟღერეს სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს თემა, გაჟღერდა ჩვეულ კონტექსტში, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილია ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია აღნიშნული საკითხის მიმართ და ეს პოზიცია არ შეიცვლება“, - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ. 2019 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში, საქართველოს ხელისუფლებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ წნელისის მიმდებარედ საპოლიციო საგუშაგო მოაწყო. ოკუპირებულმა ცხინვალმა პროტესტის ნიშნად ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დატოვა და ქართული საგუშაგოს მოხსნა მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ, საოკუპაციო ძალებმა თავიანთი საგუშაგო სოფელ წნელისში მოაწყვეს, შემდეგ კი, დამატებითი საგუშაგოების მოწყობა და უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჩორჩანასა და წაღვლის მახლობლად განაგრძეს. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთის შეხვედრაზე დისკუსია შედგა ჰუმანიტარული საკითხების მიმართულებითაც. „დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნების საკითხი. ამ თემას მიეძღვნა ვრცელი დისკუსია. დავიწყებ იმ პირებიდან, ვინც ყველაზე ხანგრძლივ უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, ესენი არიან კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე და მათი გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება ძალიან ინტენსიური კონსულტაციები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, იპრმ-ის ფორმატის მონაწილეებთან და ეს დისკურსი, რა თქმა უნდა, გადავა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზეც. ჩვენ ვიბრძვით, რომ ისინი უმოკლეს ვადებში დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში და ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ეს პირები არ დაბრუნდებიან საკუთარ ოჯახებში. რაც შეეხება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენ დანარჩენ თანამოქალაქეებს - ლევან პეტრიაშვილს არჩილ ბასნიძესთან ერთად, ორივეს გაუგრძელდა ე.წ. წინასწარი პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის 19 ივლისამდე. ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფ ილურიძეს შეეფარდა ორთვიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა. რაც შეეხება სერგო გოგოტიშვილს და თამაზ კახაბრიშვილს, შედგა რამდენიმე ე.წ. სასამართლო სხდომა, ეს ე.წ. სასამართლო სხდომები არ დამთავრებულა და როგორც გაგვიზიარეს ინფორმაცია, ჩანიშნულია კიდევ ერთი ე.წ. სასამართლო სხდომის გამართვა, თუმცა თარიღთან დაკავშირებით, შეხვედრის ცხინვალელ მონაწილეებს ინფორმაცია ამ ეტაპზე თავადაც არ ჰქონდათ“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ 3 ივლისს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, უკანონო ბორდერიზაციის საკითხსა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე მსჯელობისას, შეხვედრის ცხინვალელი მონაწილეების მხრიდან მიდგომა დავიდა პოლიტიკურ სპეკულაციამდე და აპელირებამდე ჰიპოტეტურ „სახელმწიფო საზღვართან“ დაკავშირებით. „რა თქმა უნდა, საუბარი იყო უკანონო ბორდერიზაციის საკითხსა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე, რაც ამ შეხვედრების ფორმატის ერთ-ერთი ნაწილია. რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციის საკითხს, საუბარი შეეხო ბოლო სხდომებს შორის არსებულ პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს. რაც შეეხება პასუხებს, პასუხები იყო ორდინალური, მათ ახალი არაფერი უთქვამთ და ყველაფერი დავიდა პოლიტიკურ სპეკულაციამდე და აპელირებამდე ჰიპოტეტურ „სახელმწიფო საზღვართან“ დაკავშირებით. მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2023 წლის 12 სექტემბერს ჩატარებაზე.
რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ქართულმა მხარემ IPRM-ის შეხვედრაზე, ერგნეთში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 4 მოქალაქესთან დაკავშირებით პოზიტიურ სიახლეს მოელიდან. ამის შესახებ მან ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული 114-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. „არ ვისაუბრებ დეტალებზე ახლა, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ ახლო მომავალში გვექნება საშუალება, ოჯახებს ვამცნოთ გარკვეული პოზიტიური ამბავი მათ ბედთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ, მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს უკანონო ე.წ ბორდერიზაციის საკითხი, რაც ერთ-ერთი მთავარი პუნქტია ქართული მხარის დღის წესრიგში. ირაკლი ანთაძის განცხადებით, წლის განმავლობაში უკანონანო ე.წ ბორდერიზაციის 28 შემთხვევა დაფიქირდა. „დაფიქსირდა კიდევ ერთხელ აქტიური პროტესტი და მიუღებლობა, ვინაიდან ეს პროცესი ძირეულად ლახავს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და ყოველდღიური რისკის ქვეშ არის მათი სიცოცხე და ჯანმრთელობა. ოპონენტის პოზიცია ცნობილია და აქ ძირეული პროგრესი არ ყოფილა,“ - განუცხადა მედიას ირაკლი ანთაძემ. დღესვე ერგნეთში განხილივის მოსახლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების საკითხი, რომელიც მანამდე ტექნიკური ჯგუფის განსახილველ საკითხთა სიაში იყო. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა ერგნეთში პირველ ნოემებერს გაიმართება. ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. 2008 წლის ომის შემდეგ ისინი დღეს 114-ედ შეიკრიბნენ.
EUMM ერგნეთის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
ერგნეთში 12 სექტემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (EUMM) 114-ე შეხვედრა გაიმართა. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის მონიტორინგის მისია ინფორმაციას ავრცელებს. ევროკავშირიდან და ეუთოდან თანამონაწილეებმა გადაადგილების თავისუფლებისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს, რადგან „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული საზღვრის (ABL) (საოკუპაციო ხაზი, რედ.) ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა კვლავ აწყდება დაბრკოლებებს, რომლებიც ზღუდავს მათ საარსებო შესაძლებლობებს, აფერხებს მათ ურთიერთობებს. თანამონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს, თუ როგორ მოქმედებს ეს დაბრკოლებები განსაკუთრებით ქალებზე, ბავშვებსა და მოხუცებზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ მათი შეფასებით, უსაფრთხოების ვითარება შედარებით სტაბილურია ბოლო ორი თვის განმავლობაში. IPRM-ის მონაწილეებმა ასევე განიხილეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების წინაშე მდგარი გამოწვევები, მათ შორის ბოლოდროინდელი უსაფრთხოების ინციდენტები და დაკავებები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ დადებითად აღნიშნეს, რომ გრძელვადიანი დაკავების ზოგიერთი შემთხვევა ახლახან გადაიჭრა. მათ ასევე მოუწოდეს მონაწილეებს, შეწყვიტონ დაკავების პრაქტიკა და მხარი დაუჭირინ დანარჩენი დაკავებულების გათავისუფლებას. მონაწილეები მიესალმნენ დღევანდელ კონსტრუქციულ დისკუსიებს სხვადასხვა შემაშფოთებელ თემაზე, როგორიცაა, ელექტროენერგიასა და სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობა. მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობას დაძაბულობის განმუხტვისა და ინფორმაციის გაცვლის გასაადვილებლად. რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ქართულმა მხარემ IPRM-ის შეხვედრაზე, ერგნეთში ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. 2008 წლის ომის შემდეგ ისინი დღეს 114-ედ შეიკრიბნენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ მზად არიან, განაახლონ მუშაობა IPRM-ის ფორმატში
ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ მზად არიან განაახლონ მუშაობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში. როგორც ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, წინადადებების პაკეტს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს სოხუმში ვიზიტის დროს წარუდგენენ. „აფხაზურმა მხარემ მოამზადა წინადადებების კიდევ ერთი პაკეტი IPRM-ის ფორმატის განახლების მიზნით. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ამჟამინდელი წინადადებები სათანადო გამოხმაურებას პოვებს საქართველოში და ჩვენ შევძლებთ ამ ფორმატში მუშაობას“, - აღნიშნა ტუჟბამ. მისი თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობენ ფორმატის გასაახლებლად. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორმატია - ჟენევის პროცესის ნაწილი, ე.წ უსაფრთხოების ლოკალური მექანიზმი. ჩვენ 2021 წელს ოფიციალური წინადადება წარვადგინეთ, რომელიც ქართველ კოლეგებს გაეროს წარმომადგენლების მეშვეობით მივაწოდეთ“, - განაცხადა ტუჟბამ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. შეხვედრები გალში, რომლებშიც მონაწილეობენ აფხაზური მხარე, საქართველო, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო, 2018 წლიდან არ ჩატარებულა. შეერთებული შტატები „იმედოვნებს გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლებას.“
ერაყის მოქალაქეები ენგურის ხიდის გავლით, ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლას ცდილობდნენ
ერგნეთში ინციდენტების პრევნციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული რიგით 115-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, განხილული საკითხები დაასახელა. მათ შორის არის ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს შვიდი მოქალაქის გათავისუფლებისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები. „განვიხილეთ შვიდივე შემთხვევა და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა დისკუსიას. არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა პოზიტიური შედეგები ვამცნოთ საზოგადოებას,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ე.წ უკანონო ბორდერიზაცის შემთხვევევზე, „საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა ბორდერიზაციის სამ ფაქტს. უკანასკელი დაფიქსირდა გუშინ. კიდევ ერთხელ გაჟღერდა ცენტრალური ხელისუფლების მტკიცე პოზიცია აღნიშნიული დესტრუქციული ქმედებების მიუღებლობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ რადიო თავისუფლების ცნობით. ირაკლი ანთაძის თქმით, ისაუბრეს ასევე ე.წ. გადასასვლელებისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეთა გადაადგილებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. „გადადასვლელები უნდა ფუნქციონირებდეს 24 საათის განმავლობაში, რაც შეეხება კონკრეტულ ვითარებას, ისევ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო წინ კონკრეტული არაფერი გაჟღერებულა, მაგრამ შესაძლოა არსებული გადაადგილების რეჟიმი გაუმჯობესდეს,“ - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ. მანვე ისაუბრა ლომისის ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტზე და საქართველოს დროშის ჩამოხნის თემაზე. „დროშის ჩამოხსნაზე შედგა დისკუსია და მიეცა პრინცუპული შეფასება, საოკუპაციო ძალების ქმედება არის ცალსახად დასაგმობი, რაც მოხდა ლომისის წმიდნა გიორგის სალოცავზე,“- განაცხადა ირაკლი ანთაძემ. ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ ასევე ისაუბრა ენგურის ხიდის გავლით, ოკუპირებულ აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის მცდელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. როგორც ანთაძემ განაცხადა, ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ერაყის მოქალაქეებს. ანთაძის განცხადებით, ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდნენ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ოკუპირებული ტერიტორიიდან კვლავ უკან დააბრუნეს. „როგორც თქვენთვის ცნობილია პერიოდულად უცხო ქვეყნის მოქალაქეები კვეთენ საოკუპაციო ხაზს, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვქონდა ერაყის მოქალაქეებთან. გააქტიურდა ევროკავშირის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი და შედეგად აღნიშნული პირები დაბრუნდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ისინი საქართველოში იმყოფებიან აბსოლუტურად ლეგალურად. ასევე მოგახსენებთ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, შედგა კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით და ინციდენტი არის ამოწურული," - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. შეკითხვაზე, რამდენად უწყობს დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებები ვითარების დესტაბილიზაციას ხელს, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ არ გააკეთებს კომენტარს დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებზე. მისივე ცნობით, ცხელი ხაზით წარმოებული კომუნიკაციის შედეგად შესაძლებელი გახდა ერაყის მოქალაქეების უკან დაბრუნება და ისინი საქართველოში იმყოფებიან. „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ენგურის ხიდზე დააკავეს რვა არაბი ლტოლვილი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცდილობდნენ აფხაზეთში შესვლას. შამბას თქმით, მათ უკან დაბრუნებაზე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შეუთანხმდნენ. EUMM: IPRM-ის შეხვედრების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველთვის მხარს უჭერს დაკავებულთა სწრაფად გათავისუფლებას
გამახარიას თქმით, ჟენევაში ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება, რომ IPRM-ის ფორმატი აღდგეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) დიალოგის აღდგენის შესახებ შეთანხმება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე ფაქტობრივად მიღწეულია. „არსებობს ჟენევის ფორმატი, რომელიც ერთადერთი ადგილია, სადაც აფხაზური, ოსური მხარეები პიროვნულად მონაწილეობენ, ისინი არ მონაწილეობენ, მაგალითად, როგორც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან რაღაც უწყების წარმომადგენლები, ისინი იქ პიროვნულად მონაწილეობენ. კიდევ ე.წ. გალის ფორმატი არსებობდა, კონფლიქტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც 2008 წლიდან აფხაზური მხარის პოზიციის გამო არ ფუნქციონირებს. ჟენევაში, ფაქტობრივად, უკვე მიღწეულია შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფორმატი აღდგეს. აქ სხვა საკითხი წარმოიშვა - ქართული მხარე არ აპირებს საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს და რაღაც შტამპი ჩაურტყან. ამ ფაქტორმა ფორმატის განახლება რამდენიმე თვით შეაფერხა. ახლახან გალის დე ფაქტო გამგებლის, ფილიას განცხადება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ენგურისპირას, იქითა მხარეს, რაღაც სივრცის მოწყობა მიმდინარეობს, სადაც ეს შეხვედრები გაიმართება. ესეც ჟენევის ფორმატის შემადგენელი ნაწილია,” – განაცხადა გამახარიამ. ჯემალ გამახარია აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებით არანაირად არ იცვლებ პოლიტიკა. „ალბათ, მოისმინეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასება ამასთან დაკავშირებით. მგონი, ეს საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ მე, როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიდასტურებთ, რომ პოლიტიკის არანაირ ცვლილებას, არანაირი ახალი ფორმატის ჩამოყალიბებას ადგილი არ აქვს," - განაცხადა გამახარიამ. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის გამართვა 5-6 დეკემბერს იგეგმება. მანამდე, კონსტანტინე ფილიამ, ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამზადებენ სივრცეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრის გასამართად. საგარეო უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრა 2018 წლიდან არ გამართულა. თბილისი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან დიალოგს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში აწარმოებს. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლები.
ერგნეთში, IPRM-ის შეხვედრაზე განხილვის თემა თამაზ გინტურის მკვლელობა იქნება
ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 116-ე შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმე იქნება. შესაბამისი განცხადება შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ. „თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის გაცხადებული. უნდა მოხდეს მკლელების მიმართ სამართლის აღსრულება, ყველაზე ლოგიკური გზაა მკვლელების გადმოცემა. [მკვლელები] იდენტიფიცირებულნი არ არიან, "ოქროს მოწმემ" ვერ ამოიცნო," - განაცხადა ანთაძემ. ანთაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 დეკემბრის ჩათვლით საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 37 მოქალაქე. მათ შორის ხუთი პირველ ნოემბერს გამართული 115-ე შეხვედრის შემდეგ. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ განსახილველ საკითხებს შორის იქნება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციტენტი - მათ შორის, უკანონო დაკავებები და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. ერგნეთში ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს ჩატარდა, რასაც წინ უძღოდა, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა.
ერგნეთის შეხვედრაზე, გინტურის მკვლელების ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხი დაისვა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული რიგით 116-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე. „ჩვენი მოთხოვნა გახლავთ მკვლელების მიმართ სამართლის აღსრულება, რომლის ყველაზე ლოგიკური გზა არის მათი ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა. ასევე ვისაუბრეთ თამაზ გინტურის მკვლელობის დეტალებზე,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. მისივე თქმით, „სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის პოზიცია იყო უკიდურესად დესტრუქციული.“ თავის მხრივ, ოსურმა მხარემ, ირაკლი ანთაძის თქმით, დააყენა „დაუსაბუთებელი პრეტენზიები ჩორჩანასთან ქართული პოლიციის სტანდარტულ პოსტთან დაკავშირებით, რასაც გაეცა პასუხი და დასაბუთდა მათი უსაფუძვლობა." „ისინი შეეცადნენ, წარმოეჩინათ მკვლელობის ეს ბარბაროსული აქტი ე.წ. მესაზღვრეების მართლზომიერ ქმედებად. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ცენტრალური ხელისუფლების პოზიციას, რომ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის მიმართ ჩვენ ვიქნებით შეურიგებლები და ყოველთვის ვიბრძოლებთ და ყველა არსებულ ფორმატში გამოყენებული იქნება ყველა შესაძლებლობა მკვლელების მიმართ მოხდეს სამართლის აღსრულება,“ - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ. მანვე აღნიშნა, რომ გამოძიების პრეროგატივაა მკვლელების იდენტიფიცირება. მისივე თქმით, "ოქროს მოწმემ", ლევან დოთიაშვილმა, ვერ შეძლო მკვლელების ამოცნობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ასევე ისაუბრა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი 5 მოქალაქის საკითხზეც და აღნიშნა, რომ მათ შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით "არანაირი კონკრეტული დაპირება არ გაჟღერებულა." ქართული მხარის მოთხოვნა იყო მათი ოჯახებში დაბრუნება. ერგნეთში ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს ჩატარდა. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
რა საკითხებს დააყენებს ქართული მხარე ერგნეთის შეხვედრაზე
ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 118-ე შეხვედრა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე უკანონო „ბორდერიზაციისა" და უკანონო დაკავებების საკითხებს დააყენებს. შეხვედრის წინ მედიასთან კომენტარი სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ გააკეთა. „დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს. ესენი გახლავთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო ე.წ. დაკავებები. უკანონო „ბორდერიზაციის“ კუთხით, წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა სამი ფაქტი, რომელმაც მოიცვა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები. ეს გახლდათ უკანონო ინსტალაციების - მავთულხლართების - დამონტაჟებისა და განახლების პროცესი. ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ კნოლევსა და სოფელ ჩოლიბაურის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხორციელდებოდა აღნიშნული პროცესი. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, აღნიშნული პროცესი დაფიქსირდა სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ," - განაცხადა ანთაძემ. სუსის წარმომადგენლის თქმით, დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაშია საქართველოს ექვსი მოქალაქე. „დღევანდელ შეხვედრაზე მათი გათავისუფლება იქნება დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა," - განაცხადა ანთაძემ. შეხვედრაზე ქართული მხარე ასევე შეეცდება, გაარკვიოს გასული წლის 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან მოკლული თამაზ გინტურის საქმის დეტალები. „დადგება საკითხი, არის თუ არა აღძრული საქმე თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით და გამოვლენილნი არიან თუ არა დამნაშავეები," - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში 117-ე შეხვედრა მიმდინარე წლის 13 თებერვალს გაიმართა.