თეგი: Indorama Group
Indorama Group-ის დირექტორი: ჩვენი მიზანია, რეგიონში გავაფართოოთ ბიზნესი, რაც ხელს შეუწყობს, ქვეყანა გახდეს რეგიონში ქიმიური პროდუქტების მნიშვნელოვანი მწარმოებელი
თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ინვესტორები არიან წარმოდგენილები. სადისკუსიო პანელში „აბრეშუმის გზის ღირებულების ჯაჭვები“ სინგაპურული კორპორაციის Indorama Group-ის დირექტორმა, პრაკაშ კეჟრივალმა მიიღო მონაწილეობა. „საქართველოში ჩვენს მფლობელობაშია რუსთავის აზოტის 100 %-იანი წილი. ჩვენი მიზანია, რეგიონში გავაფართოოთ ბიზნესი, რაც ხელს შეუწყობს, ქვეყანა გახდეს რეგიონში ქიმიური პროდუქტების მნიშვნელოვანი მწარმოებელი. საქართველოს ძალიან მიმზიდველი ბიზნესგარემო აქვს, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას. ვფიქრობ, თქვენი ქვეყანა ინვესტორებს ძალიან დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც ეხმარება მანუფაქტურული ინდუსტრიის განვითარებას და პროდუქტების ევროკავშირისთვის შეთავაზებას”, - განაცხადა პრაკაშ კეჟრივალმა. მისი თქმით, დღეს საქართველოს ინფრასტრუქტურაში, სატრანსპორტო კორიდორებში, პორტებში საჭიროა ინვესტიციების ჩადება, რაც დაეხმარება ექსპორტის გაზრდას ევროპის მიმართულები. ამასთან, Indorama Group-ის დირექტორის განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, რუსთავის აზოტის ექსპორტი არ შემცირებულა. „გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ მოგვიწია ფასების კორექტირება, ბოლო ერთ წელიწადში ფასები დასტაბილურდა და ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე გასწორდა, ასევე მიწოდების ჯაჭვიც დასტაბილურდა,“ - განაცხადა პრაკაშ კეჟრივალმა.