თეგი: KMG
ყაზახეთი აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდას აანონსებს
KazMunayGas JSC (KMG, ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანია) აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ KMG-ის საბჭოს თავმჯდომარის მაგზუმ მირზაგალიევის განცხადებაშია ნათქვამი. „სახელმწიფოს მეთაურმა (ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი) ამოცანად დასახა ე.წ. შუა დერეფნის - ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარება, რომელიც მოიცავს ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის გავლით. ამ მარშრუტის ფარგლებში, გასულ წელს დავიწყეთ ნავთობის ტრანსპორტირება ბაქოს მიმართულებით და შემდგომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის გასწვრივ. ჩვენი გეგმებია ამ მარშრუტზე ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდა,“ - განაცხადა მირზაგალიევმა.როგორც მან აღნიშნა, ეს არ ნიშნავს, რომ ყაზახეთი კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ნავთობსადენის ალტერნატივას ეძებს. „CPC რჩება საიმედო, სტაბილურ და, რაც მთავარია, უსწრაფეს მარშრუტად ჩვენი ნავთობის საექსპორტო ბაზრებზე. გასულ წელს ჩვენ ასევე დავიწყეთ ნავთობის ტრანსპორტირება გერმანიაში. 2023 წლის ბოლოს ამ ქვეყანაში გადავიტანეთ თითქმის 1 მილიონი ტონა ნავთობი. და ჩვენ ველით, რომ წელს ამ მოცულობას გადავაჭარბებთ,“ - აღნიშნა მირზაგალიევმა.