თეგი: NATO Tiger Meet 2022
საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში
საბერძნეთის საჰაერო ძალების 335-ე ესკადრილია არაქსოსის საჰაერო ბაზაზე, საჰაერო წვრთნებს - NATO Tiger Meet პირველად მასპინძლობს. NATO Tiger Meet 2022, 9 მაისს დაიწყო და დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში გასტანს. წვრთნებში ბელგია, საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი იტალია, ჩეხეთი, ავსტრია, გერმანია, აშშ, ნიდერლანდები, პორტუგალია და პოლონეთი მონაწილეობენ. ბერძნული წყაროები წერენ, რომ წლევანდელ წვრთნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აღმოსავლეთ ევროპაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, შესაბამისად, მის მიმართ ინტერესი დიდია. „335-ე ესკადრილიისთვის დიდი პატივია NATO Tiger Meet 2022-ის მასპინძლობა. მაღალი ინტენსივობის ერთობლივი წვრთნების ჩატარება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად აუცილებელია ჩვენი უნარების გასაძლიერებლად და საჰაერო ოპერაციების განხორციელებისთვის კოლექტიური ურთიერთქმედების შესაქმნელად“, - განაცხადა ნტანოს იოანისმა, 335-ე ესკადრილიის მეთაურმა. NATO Tiger Meet-სთვის მზადებას, თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაპირისპირება უძღოდა წინ, ყოველ შემთხვევაში, თურქულ და ბერძნულ მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ცნობები ამაზე მიუთითებს. კერძოდ, თურქული მედია წერს, რომ თურქეთმა გადაწყვიტა, არ მიიღოს მონაწილეობა წვრთნებში - Tiger Meet, რომელიც საბერძნეთში ტარდება. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ანკარამ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მასპინძელ ქვეყანას უკვე აცნობა. თუმცა სხვა, ბერძნულ წყაროებში ვკითხულობთ, რომ საბერძნეთმა საჰაერო წვრთნებში თურქეთის დაგეგმილი მონაწილეობა თავად გააუქმა. ოფიციალური კომენტარები მხარეების მხრიდან არ გაკეთებულა. მანამდე, საბერძნეთი და თურქეთი საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. თურქეთმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი საბერძნეთი თურქეთის საჰაერო სივრცეში „სამ დღეში ოცდაათჯერ“ შევიდა. მანამდე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისიც მსგავსი პრეტენზიებით გამოვიდა. მიცოტაკისმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედროები ახორციელებდნენ უნებართვო ფრენებს საბერძნეთის რამდენიმე დიდ კუნძულზე. მიცოტაკისმა ისიც აღნიშნა, რომ დაუკავშირდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რათა თურქეთის მიერ საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის შესახებ ეცნობებინა. „ეს ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და NATO-ს ერთიანობას“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური საჩივრის მისაღებად, ათენში თურქეთის ელჩიც დაიბარა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ, მოუწოდა საბერძნეთს, „შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და რიტორიკა“ და მხარი დაუჭიროს ახლახან განახლებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ნდობის დამყარებას. NATO-ს წევრებს საბერძნეთსა და თურქეთს დიდი ხანია, უთანხმოება აქვთ, ნავთობით და მინერალებით მდიდარ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო უფლებების შესახებ. უთანხმოებამ გამოიწვია საჰაერო ძალების თითქმის ყოველდღიური პატრულირება ძირითადად საბერძნეთის კუნძულების ირგვლივ, სადავო საჰაერო სივრცეში, რომელზეც თურქეთმა არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია, თავად კი, მისი მხრიდან რაიმე სახის დარღვევას უარყოფს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ თვეს მოლაპარაკებები გამართეს და შეთანხმდნენ, რომ გადაჭრიდნენ თავიანთი ქვეყნების დიდი ხნის უთანხმოებას, ყოველ შემთხვევაში, დაძაბულობის დაფარვას, რადგან უკრაინაში კონფლიქტი მძვინვარებს. ცნობისთვის, Tiger Meet-ის წარმოშობის ისტორია ცოტა ბუნდოვანია. წყაროების თანახმად, როგორც ჩანს, მისი გააქტიურება 79 და 74-ე ესკადრილიის RAF-ის შეკრებით, 1960 წელს დაიწყო. მთავარი სულის ჩამდგმელი კი, ვიცე-პოლკოვნიკი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი და USAF-ის (აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები) შტაბის უფროსი მაიკ დუგანი გახლდათ. 1962 წელს, სწორედ ვიცე-პოლკოვნიკი მაიკ დუგანი იყო პროექტის ოფიცერი და მოხალისე. მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის ოფისის ინფორმაციით, ყოველწლიური წვრთნები „NATO Tiger Association“-ის მიერ არის ორგანიზებული და ტარდება ასოციაციის ერთ-ერთ წევრ ესკადრილიასთან (სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური ქვეგანაყოფი, რომელიც შედგება რამდენიმე რგოლისა და რაზმისაგან) თანამშრომლობით. წვრთნები NATO-ს სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს და ის აერთიანებს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების თვითმფრინავებს. მრავალეროვნული ერთობლივი სწავლება კიდევ უფრო ზრდის ფრენის უნარებს, აძლიერებს საერთაშორისო ურთიერთობებს ესკადრილიებს შორის და ახალისებს ასოციაციის („NATO Tiger Association“) ტრადიციებს. წვრთნებში მონაწილეობენ 60-ზე მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და საჰაერო ძალები მთელი ევროპიდან. NATO-სგან მიღებულ წერილობით კომენტარში, ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან განმარტავს, რომ Tiger Meet არ არის NATO-ს სამხედრო წვრთნები და ალიანსი არ არის მისი ინიციატორი. „მას არ აქვს რაიმე ბრძანების ან კონტროლის მექანიზმი ამ წვრთნების მომზადებისა და წარმართვის განმავლობაში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.