თეგი: NATO-
NATO-უკრაინის საბჭო ვილნიუსის სამიტის შემდეგ პირველად შეიკრიბა: შეხვედრის შედეგები
დღეს, 26 ივლისს NATO-უკრაინის საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა. NATO-უკრაინის საბჭო პირველად შეიკრიბა ვილნიუსის სამიტის შემდეგ, რათა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ვითარება განეხილა მას შემდეგ, რაც რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა ცალმხრივი შეწყვიტა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და მისმა წევრებმა დაადასტურეს, რომ გააგრძელებენ გაძლიერებულ მეთვალყურეობას შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ, საზღვაო საპატრულო თვითმფრინავების და დრონების დახმარებით. „NATO-უკრაინის საბჭოს მნიშვნელოვანი სხდომა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის გასვლას „მარცვლეულის შეთანხმებიდან“; მის ცინიკურ გადაწყვეტილებას, გამოიყენოს საკვები იარაღად; მის სახიფათო ქმედებებს შავ ზღვაში. NATO ერთიანია და მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას და ფხიზლად ყოფნას ამ ზონაში,“ - წერს სტოლტენბერგი. NATO შავ ზღვაში დაზვერვას აძლიერებს, მათ შორის საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით
NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეცწარმომადგენელი საქართველოს და აზერბაიჯანს ეწვევა
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ელჩი კევინ ჰამილტონი უახლოეს მომავალში აზერბაიჯანსა და საქართველოს ეწვევა. NATO-მ სამხრეთ კავკასიაში ახალი სპეციალური წარმომადგენელი მიმდინარე წლის მარტში დანიშნა. შესაბამისად, ჰამილტონი ამ რანგში საქართველოში პირველად ჩამოდის. ჰამილტონი მანამდე, სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა. NATO-ს მაღალჩინოსანი პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიიღო. მან ასევე შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან და უშიშროების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანთან. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, სპეციალურმა წარმომადგენელმა თანამოსაუბრეებთან ისაუბრა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, NATO-სომხეთის პარტნიორობის განვითარებაზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესზე. ელჩმა ჰამილტონმა შეაქო სომხეთის მუდმივი წვლილი კოსოვოში, NATO-ს სამშვიდობო მისიაში (KFOR); სომხეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და NATO-ს ძალებთან მათი თავსებადობის დონის გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე სამუშაო. NATO აცხადებს, რომ მზადაა, გააგრძელოს პოლიტიკური დიალოგი და უსაფრთხოებისა და თავდაცვის თანამშრომლობა სომხეთთან. ვიზიტის დროს ელჩი ჰამილტონი ასევე შეხვდა სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების და ერევანში აკრედიტებულ, მოკავშირე ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს. „ეს არის ელჩ ჰამილტონის პირველი ვიზიტი. მოგეხსენებათ, ის ცოტა ხნის წინ შეუდგა მოვალეობის შესრულებას, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე პარტნიორობების საკითხებში, პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტში, ასევე, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა შეხვედრების სერია სომხეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან. ეს იყო შესაძლებლობა, შეფასებულიყო სომხეთის ხანგრძლივი პარტნიორობა NATO-სთან და გაზიარებულიყო ხედვები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო განვითარდეს NATO-სა და სომხეთს შორის პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა, ასევე, განხილვის საგანს წარმოადგენდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ასევე, მოსალოდნელია, რომ ელჩი ჰამილტონი უახლოეს მომავალში ვიზიტით ეწვევა საქართველოსა და აზერბაიჯანს,“ - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს.