თეგი: NATO-GEO EX 2022
NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლებას საქართველო მესამედ უმასპინძლებს
NATO-საქართველოს სწავლება 2022 საქართველოში მარტში გაიმართება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლებას NATO-GEO EX 2022 საქართველო მარტში მესამედ უმასპინძლებს. სწავლებას დაგეგმვიდან აღსრულების ფაზის ჩათვლით ქართული მხარე უხელმძღვანელებს და მასში მონაწილეობას NATO-ს წევრი და პატნიორი ქვეყნები მიიღებენ. სამი დღის განმავლობაში „NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) სწავლების დაგეგმვის საბოლოო კონფერენციაზე NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისა და ქართული მხარის წარმომადგენლებმა საბოლოო დეტალები შეაჯამეს. კონფერენციაზე სპეციალურად NATO-ს გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრის მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯოზეფ სპიშაკი და ვიცე-პოლკოვნიკი გაბორ ენდროდი იმყოფებოდნენ. NATO-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გამართეს. შეხვედრებზე მხარეებმა NATO-საქართველოს სწავლების დეტალები განიხილეს. საუბარი ასევე NATO-სთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს შეეხო. „NATO-საქართველოს სწავლება 2022“ NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ჩატარდება. სწავლებაში მონაწილეობას 20-ზე მეტი NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით NATO-ს ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ. სწავლება NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ხორციელდება და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ცნობით, მზადება 2022 წლის წვრთნებისათვის უკვე დაიწყო. JFTC-ის გუნდმა, სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კრწანისში, საბოლოო საკოორდინაციო კონფერენციაში. „აშკარაა, რომ მონაწილეებმა NATO-დან, საქართველოდან, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ბევრი შრომა ჩადეს და საჭიროა, რომ მათი ძალისხმევა დაფასდეს. მათი გუნდური მუშაობა შთამბეჭდავია და დარწმუნებული ვარ, წვრთნები წარმატებით ჩატარდება“, - განაცხადა, JFTC-ის მეთაურის მოადგილემ და შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯოზეფ შპიშაკმა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ორ მოადგილეს, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძეს, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესა და კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა.
ხავიერ კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლება NATO-GEO EX 2022-ზე Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში საუბრობს. ხავიერ კოლომინას შეფასებით, NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები 2022, ქმნის შესაძლებლობას NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნებისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალებს გაუზიარონ გამოცდილება, უნარები, ცოდნა და განავითარონ როგორც მათი მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები ასევე, NATO-ს წევრების ძალებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ეფექტურად მოქმედების უნარები. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, სწავლება ასევე იქნება ერთგვარი პლატფორმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების შესამოწმებლად და კონსოლიდაციისთვის, რომ შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები, ყოვლისმომცველი მიდგომის მეშვეობით, რაც თავის მხრივ ეფუძნება მრავალ სამოქალაქო და სამხედრო აქტორთან, მათ შორის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. „ეს წვრთნები არის დამკვიდრებული პრაქტიკა, მრავალეროვნული, კრიზისზე რეაგირების სწავლება, რომელიც ტარდება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. NATO-საქართველოს წვრთნები 2022 ტარდება გამჭვირვალედ, NATO-ს სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით, NATO-ს პროცედურების შესაბამისად და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით“, - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ Europetime-თან. ხავიერ კოლომინას განცხადებით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ქვეყანა განაგრძობს NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მიღებას. „პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერების მიზნით, NATO-ს სარდლობის სტრუქტურასთან ერთად მუშაობას მოიცავს. ამ თანამშრომლობის შედეგად, რომელიც არსებითი პაკეტის საშუალებით, წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა, საქართველოს თავდაცვის ძალები ახლა უფრო ქმედუნარიანი და NATO-სთან თავსებადი გახდა, ვიდრე ეს ოდესმე იყო. NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს ძალების წვრთნებსა და მომზადებას, რაც თავის მხრივ, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ალიანსთან თავსებადობის გაზრდას, წვლილის შეტანას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. NATO-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრი (JFTC) LANDCOM-თან ერთად მხარს უჭერს JTEC-ს NATO-საქართველოს წვრთნების მომზადებასა და ჩატარებაში“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ Europetime-თან. შეგახსენებთ, NATO-საქართველოს სწავლება 2022 საქართველოში მარტში გაიმართება.