თეგი: Netflix
კალიფორნიის სასამართლომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის შეწყვეტასთან დაკავშირებით Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნეტფლიქსის“ (Netflix) შუამდგომლობა ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ცნობილი გამოცემა Variety სტატიას აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. სტატიის თანახმად, Netflix საქმის წარმოების შეწყვეტას ცდილობს და ამტკიცებს, რომ სერიალი მხატვრული ნამუშევარია, ხოლო აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება გამოხატვის თავისუფლების შესახებ კინოხელოვანებს ფართო მხატვრულ უფლებებს ანიჭებს. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ნაწარმოების შექმნისას ჭადრაკის ორ ექსპერტს ეყრდნობოდნენ და სერიალის შემქმნელებს არ სურდათ ნონა გაფრინდაშვილის შეურაცხყოფა. Netflix-ის დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ სერიალში მოსარჩლის ხსენება მიზნად ისახავდა მის აღიარებას და არა დამცირებას.
ნონა გაფრინდაშვილი: ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია
ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია. მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ, -ასე ეხმიანება ნონა გაფრინდაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას. მოჭადრაკემ ამერიკულ სასამართლოს მადლობა გადაუხადა. „მადლობა ამერიკულ სასამართლოს რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ეხლაც ღრმად მწამს რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს. დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის. უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელს მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა. ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე“, - აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი. ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე, მოსამართლემ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.