თეგი: OSCE/ODIHR

ომბუდსმენმა OSCE/ODIHR-ს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების სამართლებრივი შეფასება სთხოვა

სახალხო დამცველმა OSCE/ODIHR-ს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სამართლებრივი შეფასების წარმოდგენა სთხოვა. „18 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებების თაობაზე სამართლებრივი შეფასების წარმოდგენა სთხოვა. წერილში საქართველოს სახალხო დამცველმა მიუთითა რომ წარმოდგენილი პროექტით სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა განცხადება 2023 წლის 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად აქვს განხილული კანონპროექტის არსი და ის ზიანი, რაც მისი დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება მიადგეს შეკრება-მანიფესტაციის უფლების კონსტიტუციურ სტანდარტს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. პრეზიდენტმა 17 ოქტომბერს  ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს.“ როგორ აფასებს ომბუდსმენი „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ომბუდსმენი: სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ სადავო კანონპროექტი 5 ოქტომბერს დაამტკიცა.  

OSCE/ODIHR-მა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა მოამზადა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), სახალხო დამცველის 24 თებერვლისა და 6 მარტის მიმართვების საფუძველზე, სამართლებრივი დასკვნა მოამზადა. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, საუბარია ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის თებერვალში ინიცირებულ ორ კანონპროექტზე, რომელიც შესახებაც, ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა ნეგატიურად შეაფასა ხსენებული ინიციატივები. „დოკუმენტი ფოკუსირდება ძირითად უფლებებზე, რომლებზეც კანონპროექტები ნეგატიურ გავლენას ახდენს, კერძოდ: გაერთიანების, გამოხატვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებსა და დისკრიმინაციისაგან თავისუფლებაზე. დასკვნაში ასევე მიმოხილულია აშშ-ს და ავსტრალიის კანონმდებლობა. ხაზგასმულია, რომ ისინი ფუნდამენტურად განსხვავებული შემთხვევებია, სრულიად სხვა მიზანი და მასშტაბი აქვთ, რის გამოც არ წარმოადგენენ რელევანტურ შედარებით მაგალითებს ქართულ კონტექსტში,“ წერია სახალხო დამცველია აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. OSCE/ODIHR-ის სამართლებრივი დასკვნა „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტებზე   დასკვნა “საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და რეგულირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივებზე ან ე.წ. „უცხოეთის აგენტების კანონებსა და მსგავს კანონმდებლობებზე და მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან“ დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ გაერთიანების თავისუფლების ფუნდამენტური უფლება აქტიური და მონაწილეობითი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და გადაჯაჭვულია ადამიანის სხვა უფლებებთან. ამ უფლებისთვის არსებითია ხელმისაწვდომობა დაფინანსების მრავალფეროვან წყაროებზე, მათ შორის საერთაშორისო და უცხოურ დაფინანსებაზე. მიუხედავად ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ქვეყანა ეჭვის თვალით უყურებს უცხოურ დაფინანსებას. დოკუმენტი დასძენს, რომ საერთო ჯამში, ე.წ. „უცხოეთის აგენტების კანონების“ ან მსგავსი კანონმდებლობის მიზანია, ზოგადად ასეთ დაფინანსებებსა და მიმღები ორგანიზაციების აქტივობებზე კონტროლის გაზრდა, მათთვის ახალი ვალდებულებების დაკისრებით, როგორიცაა მაგალითად ცალკე და გართულებული რეგისტრაცია, ე.წ. “იარლიყის” მიწებება, აღრიცხვა, ანგარიშგების დავალდებულება და ა.შ. დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ეს რეგულაციები ხშირად არ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებს. ეს კრიტერიუმები გვკარნახობს, რომ გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვები უნდა იყოს კანონიერი, მიჰყვეს ლეგიტიმურ მიზნებს, აჩვენოს პროპორციულობა და აუცილებლობა დემოკრატიული საზოგადოებისთვის და არ იყოს დისკრიმინაციული ხასიათის. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონების შემოღების აუცილებლობის დასასაბუთებლად ხშირად არ არსებობს სათანადო მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ეროვნულ ინტერესებისთვის ან დემოკრატიისთვის ხელშესახებ, მიმდინარე ან სერიოზულ საფრთხეზე. ამასთან, კანონის შემოღების მიზანშეწონილობაზე მსჯელობის დროს ხშირ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო სექტორის რისკზე-დაფუძნებული ადეკვატური შეფასებები, რომელიც ადასტურებს კრიმინალურ საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას. უფრო მეტიც, ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივების ეროვნული დასაბუთება, როგორც წესი არ არის „რელევანტური და საკმარისი“. ისინი ვერ ახერხებენ არსებული კანონების არასრულყოფილების ან ახალი ზომების მიღების მიზანშეწონილობის დემონსტრირებას. „აბსტრაქტული ვარაუდი, რომ უცხოეთიდან შემოსული ყველა თანხა წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ეროვნული ინტერესებისთვის, შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან,“ – ნათქვამია დასკვნაში. ასევე აღნიშნულია, რომ დაფინანსების უცხოური წარმოშობის გამო განსხვავებული მოპყრობა პოტენციურ დისკრიმინაციაზე მიუთითებს. არასამთავრობოებზე დაკისრებული რეგულაციები ხშირად და მკაფიო განმარტებების გარეშე უფრო მკაცრია, ვიდრე რეგულაციები ბიზნესების მიმართ. გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „კანონმდებლები, როგორც წესი, ვერ ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ მათ შეაფასეს კანონმდებლობის პოტენციური უარყოფითი გავლენა ორგანიზაციებზე ან განიხილეს სხვა სამართლებრივი ალტერნატივები და შეარჩიეს ფუნდამენტური უფლებების ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი ზომები.“ დასკვნაში ასევე ხაზგასმულია, რომ ორგანიზაციის დაფინანსების „გამჭვირვალობის“ ან „საჯაროობის“ მოთხოვნა თავისთავად არ არის ლეგიტიმური მიზანი, თუმცა ის შეიძლება, დასაშვები იყოს კონკრეტულ გარემოებებში, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ან დანაშაულის თავიდან აცილებასთან. დასკვნა ხაზს უსვამს იმას, რომ ისეთი მიზნები, როგორიცაა ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა, ავტომატურად არ ამართლებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ ახალი ანგარიშგების ვალდებულების შემოღებას. უცხოურ კანონებზე მითითებები, როგორიცაა აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და ავსტრალიის „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი“ (FITS) არ არის შესაფერისი იმ ინიციატივების გასამართლებლად, რომლებიც მიმართულია უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავროებო ორგანიზაციებისკენ. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონები აწესებს კონტროლის ზომებს, როგორიცაა, დაუგეგმავი ინსპექტირება მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის ან სასამართლოს ნებართვის გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს კანონები გამოიყენება დაჯარიმების, თავისუფლების აღკვეთის ან არასამთავრობო ორგანიზაციის დახურვისთვის, რაც დარღვევებთან შედარებით არაპროპორციულ დამსჯელ ზომებად არის მიჩნეული. ეს კანონები ხშირად არღვევს თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს, ირიბად გავლენას ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უმცირესობების ადვოკატირებას ახდენენ. ამასთან, „უცხოეთის აგენტების“ კანონები წარმოშობენ მოქმედი ორგანიზაციების დისკრედიტაციის, საზოგადოებაში უნდობლობის, შიშისა და მტრობის გაღვივების რისკებს, რაც ართულებს მათ საქმიანობას. შეგახსენებთ, რომ ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების უმკაცრესი კრიტიკის ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ 9 მარტს განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.   როგორც სახალხო დამცველის ოფისი განმარტავს, მწვავე სოციალური პროტესტების შედეგად, მითითებულ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტში მსჯელობა არ გაგრძელებულა, ერთი მათგანი გამოთხოვილია, მეორე კი, მეორე მოსმენით ჩავარდა. თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეუთო/ოდირმა გააგრძელა დასკვნაზე მუშაობა და ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და რეკომენდაციების ფართო მიმოხილვა წარმოადგინა.

ომბუდსმენმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დასკვნის მომზადება OSCE/ODIHR-ს სთხოვა

ომბუდსმენმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დასკვნის მომზადების თხოვნით OSCE/ODIHR-ს მიმართა. „2024 წლის 22 აპრილს სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დასკვნის მოსამზადებლად ეუთო/ოდირს მიმართა. ზემოაღნიშნული კანონპროექტის შესახებ საზოგადოებისათვის პირველ აპრილს გახდა ცნობილი და დაჩქარებული წესით განხილვის შედეგად 4 აპრილს ის უკვე სამივე მოსმენით იყო მიღებული. კანონპროექტს სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა და ნეგატიურად შეაფასა. 17 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა. როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე, კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებას ამზადებს ასევე, ვენეციის კომისია. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნების გამოქვეყნებამდე და უზრუნველყოს თითოეული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობა,“ წერია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სახალხო დამცველი გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს უარყოფთად აფასებს