თეგი: PACE

PACE: პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის ძირითადი დაბრკოლებაა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ „უწყვეტ და თვალსაჩინო პროგრესს“, მაგრამ ხაზს უსვამს მთელი რიგ ხარვეზებს და გამოხატავს შეშფოთებას. დღეს დაამტკიცებულ რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს საკითხებზე მომხსენებლების, ტიტუს კორლატეანის (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნის (საფრანგეთი, ALDE) მოხსენებას ეფუძნება, ასამბლეამ განაცხადა, რომ საქართველოში „უკიდურესად დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. „ეს იყო საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის „ძირითადი დაბრკოლება“, -  ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ერის საერთო სიკეთე ნებისმიერ ვიწრო პარტიულ-პოლიტიკურ სტრატეგიაზე მაღლა დააყენონ. ასამბლეის შეფასებით, მისი რეკომენდაციები იძლევა „ნათელ პერსპექტივას“ საქართველოს პროგრესისთვის, მაგრამ მხოლოდ ყველა პოლიტიკური ძალის, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის, „სრული ვალდებულებისა და პოლიტიკური ნების“ გათვალისწინებით. თანამომხსენებლები საქართველოში 2021 წლის დეკემბერში იმყოფებოდნენ.        

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია უკრაინას ეწვევა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრთა დელეგაცია უკრაინას მომავალ კვირას ეწვევა. ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარიია მეზენცევამ განაცხადა. „28 ივნისს, ჩვენს ქვეყანას ეწვევა ევროსაბჭოს სხვადასხვა ქვეყნიდან 14 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომლებიც  იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტს წარმოადგენენ“, - განაცხადა მეზენცევამ. მისივე განცხადებით, ომის დანაშაულების ფაქტების გაცნობის გარდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები შეხვედრებს გამართავენ პროკურატურის წარმომადგენლებთან და მათ უკრაინელ კოლეგებთან უმაღლეს რადაში. „ეს არის ჩვენი სტრატეგიის პირდაპირი გაგრძელება - ომის დანაშაულების ფაქტების შეგროვება. ჩვენ არ ვანელებთ ჩვენი თანამშრომლობის ტემპს", - აღნიშნა მეზენცევამ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები: სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრის შეფასებით, „რამდენიმე დამოუკიდებელმა ექიმმა ციხეში სააკაშვილის გასინჯვის შემდეგ დაადასტურა მთელი რიგი დაავადებები და მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა. ამის შესახებ დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელსაც PACE-ს წევრები აწერენ ხელს. განცხადების ავტორები შეშფოთებულები არიან, რომ არ შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველის რეკომენდაციები და მას სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა. „სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იზიარებს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა დასტაბილურდეს“, - აღნიშნულია ტექსტში. „ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის სტაბილურობასთან დაკავშირებული მდგომარეობით და გვეშინია საზოგადოებაში ისედაც ღრმა განხეთქილების შემდგომი გაღრმავების. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური შერიგების პროცესი. სააკაშვილის მძიმედ დაავადების ან გარდაცვალების შემთხვევაში ამ პროცესს საფრთხე დაემუქრება", - აღნიშნავენ განცხადების ავტორები.  მას ხელს აწერენ „ევროპის სახალხო პარტიის” ჯგუფის წარმომადგენელი, პოლონელი პოლიტიკოსი, ალექსანდრე პოციე, იტალიელი პოლიტიკოსი მარინა ბერლინგერი, „ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ წევრი, რუმინელი იულია ბულა, უკრაინელი პოლიტიკოსი ლესია ვასილენკა, „ევროპის კონსერვატორთა ჯგუფი და დემოკრატიული ალიანსი“ წევრი, ბრიტანელი იენ ლიდელი-გრეინჯერი და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. საპატიმროში შიმშილობის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს. ოჯახი და მისი თანაგუნდელები ექსპრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ, მთავრობა თვლის, რომ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა საქართველოშიც შესაძლებელია.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციის მიღებით აღიარა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი 2014 წელს დაიწყო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რეზოლუციის მიღებით აღიარა, რომ რუსეთმა ომი უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს დაიწყო. შესაბამის რეზოლუციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2023 წლის ზამთრის სესიაზე სამშაბათს, სტრასბურგში დაუჭირეს მხარი. „2014 წლის თებერვლიდან რუსეთის ფედერაცია აწარმოებდა აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მან ხელახლა დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში მასიური შეჭრით“, - ნათქვამია დოკუმენტში. გარდა ამისა, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქმეების რაოდენობა, რომლებიც ოფიციალურად არის დაფიქსირებული, რუსეთის ფედერაციის დანაშაულთა მასშტაბებს სრულად არ ასახავს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ კონკრეტული საექსპერტო და ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ სპეციალური (ad hoc) საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას შეუწყობს ხელს.  

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმის საფუძვლიანი, დამოუკიდებელი შეფასება, რომ ნამდვილი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად, მომავალი რეფორმები წარმართოს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედიაგარემოში დაძაბულობის შესამცირებლადაც. „ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც რეფორმების განხორციელებაზე გავლენას ახდენს. ამასთან, ემხრობა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას რეფორმებში, რომლებიც საჭიროა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმის საფუძვლიანი, დამოუკიდებელი შეფასება, რათა წარმართოს მომავალი რეფორმები ქვეყანაში ნამდვილი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად. ასამბლეა ითვალისწინებს მედიასთან მიმართებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ამასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებას. მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედიაგარემოში დაძაბულობის შესამცირებლად. რეზოლუცია იმეორებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მის შეშფოთებასა და გმობას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას“, - აღნიშნულია ტექსტში.  ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, რათა საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომლისკენაც სამართლიანად ისწრაფვის. ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ფოკუსირდნენ ამ რეზოლუციაში გამოხატულ დანარჩენ რეკომენდაციებზე.

PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. შესაბამისი ტექსტი ორგანიზაციის Twitter-ის გვერდზე განთავსდა. აშშ-ის მსგავსად PACE-ც შესაძლო დამაზიანებელ შედეგებზე მიუთითებს.  ნედ პრაისი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ფრაქციას, არ დაუჭირონ მხარი ამ კანონპროექტს, რომელიც მიღების შემთხვევაში დამაზიანებელი ეფექტი ექნება“, - აღნიშნულია ტექსტში. ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირებას გეგმავს. მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ხსენებულ ინიციტივას ვაშინგტონის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. 15 თებერვალს კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. „მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს. იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე: თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში, ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ გამჭვირვალობაში, პირიქით. ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს სასჯელი ხომ არ არის. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა პოლიტიკაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას მათ შორის ფინანსური კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან”, – განაცხადა კობახიძემ. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ მედია, რომელსაც ზემოხსენებული კანონპროექტი ასევე ეხება, ისედაც გამჭვირვალეა (კომუნიკაციების კომისიის გავლით), კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებსაც შეეხება. “ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას რეალურად. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ ლაპარაკია ვებგამოცემებზე და ბეჭდურ მედიაზე, ყველაფერზე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2-ის“ ეთერში. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება.

PACE-ს თანამომხსენებლები: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მტკიცედ დაგმონ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ თავდასხმები

ევროპის საბჭოს თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ანონიმური სუბიექტების მხრიდან გახშირებულ თავდასხმებს გმობენ“. განცხადების ავტორების შეფასებით, „აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არსებობს საქართველოში, არსებითად მნიშვნელოვანია კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს 12 პრიორიტეტი არ არის ახალი საქართველოსთვის. „ისინი დიდწილად ემთხვევა იმ პრიორიტეტულ რეფორმებს, რაც მოცემულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკანასკნელ რეზოლუციაში, რომელიც ეხება საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. როგორც აღნიშნულ რეზოლუციაშია ჩაწერილი, ფუნდამენტური პრიორიტეტი არის პოლიტიკურ გარემოში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის აღმოფხვრა, რომელიც საზოგადოების ყველა სფეროში აღწევს. პოლარიზაციის აღმოფხვრა დამოკიდებულია ყველა პოლიტიკური ძალის თანაზომიერ პოლიტიკურ ნებაზე, როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის, რომ შეცვალონ ქცევა და დამოკიდებულებები“. ამ კონტექსტში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები გმობენ ანონიმური სუბიექტების მხრიდან გახშირებულ თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელობაზე, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტისადმი მათი ერთგულების ბოროტი განზრახვით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას. „აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ის არსებობს საქართველოში, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციონალური დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მტკიცედ დაგმონ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიძიონ ეს თავდასხმები, რომელთა მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაჩუმება და სტიგმატიზაცია“, – აცხადებენ თანამომხსენებლები. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელების აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლი. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის პროექტს, მომხსენებლების შეფასებთ, პოლიტიკური გარემოს უკიდურესი პოლარიზაციის კონტექსტში და სასამართლო სისტემაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონტროლთან დაკავშირებით არსებული კითხვების ფონზე, პერსონალურმა მიდგომამ შეიძლება, კანონი მოწყვლადი გახადოს პოლიტიკური ძალადობის მიმართ, რაც კანონის მიზნებს ეწინააღმდეგება. თანამომხსენებლები იმეორებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ხელისუფლებამ ამ კანონპროექტის მიღებისას უარი თქვას პერსონალურ მიდგომაზე. შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის შეფასებით, საქართველოს კანონპროექტი ფოკუსირებულია ეგრეთ წოდებულ „პერსონალურ“ (დასჯის) მიდგომაზე, რომელიც ცდილობს ე.წ. „ოლიგარქების“ იდენტიფიცირებას კონკრეტული კრიტერიუმების მეშვეობით, მაგალითად, როგორიცაა, სიმდიდრე, მედიამფლობელობა და ასე შემდეგ. ეს მიდგომა, ვენეციის კომისიის აზრით, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკებს, რაც პოტენციურად ზიანს აყენებს პოლიტიკურ პლურალიზმს.  

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები: საქართველო გზაჯვარედინზეა

„საქართველო გზაჯვარედინზეა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC) საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ბოლოს (2023 წლის 27-29 მარტი) გავრცელებულ განცხადებაში. „საქართველო ევროპული ქვეყანაა. ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ მრავალი რეფორმა განხორციელდა და კარგი პროგრესი მიიღწა. ამავდროულად, საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივის ამ მნიშვნელოვან მომენტში, აშკარად ჩანს, რომ რეფორმების პროცესი ფერხდება“, - აღნიშნულია გაცხადებაში. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი შუღლი და პოლარიზაცია, უარი თქვან ვიწრო პარტიულ ინტერესებზე და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა განახორციელონ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტი. ვიზიტის დროს თანამომხსენებლებს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, შესაბამისმა თანამოსაუბრეებმაც მიაწოდეს ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ კომენტარს არ აკეთებენ საქმის იურიდიულ ასპექტებზე, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, თანამომხსენებლებმა გამოთქვეს შეშფოთება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული დავის გამო. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას და ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს, შეთანხმდნენ უცხოელი ექიმების ხელმისაწვდომობაზე. „მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა დაინტერესებული მხარე დაეყრდნოს ნეიტრალურ და სანდო ინფორმაციას“, - აცხადებენ თანამომხსენებლები.  

PACE-ში საქართველოს დელეგაციის წევრმა განმარტა, რატომ არ მონაწილეობდნენ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრაში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ „სპეკულაციური“ და „მანიპულაციური“ უწოდა კითხვას, თუ რატომ არ მიიღეს ქართველმა დეპუტატებმა მონაწილეობა ასამბლეის გუშინდელ სხდომაზე, სადაც უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს. „დღეს დილით მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გვქონდა, გვაქვს კომიტეტი და ასე შემდეგ. ეს არის მანიპულაცია, რადგან ჩვენ უკრაინასთან დაკავშირებით ყველა საკითხს შეერთებული ვართ. შესაბამისად, ეს არის მორიგი მცდელობა, აწიოთ თემა, რომ თითქოს, უკრაინას რაღაცაში მხარს არ ვუჭერთ. მანიპულაციურ განცხადებებს მორჩით! მინისტრთან შეხვედრა ერთი თვით ადრე იყო დაგეგმილი. ამიტომ, დელეგაციამ მუშაობა დაასრულა და წამოვიდა. ეს არის სუფთა სპეკულაცია, რომელიც აწეულია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და თქვენ ამას ხელს უწყობთ. ჩვენ ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული და ამ მხრივ გამონაკლისი არ არსებობს - იმაზე საუბარი, რომ თითქოს, საქართველოს დელეგაცია რაღაცას არ უერთდება, არის სრული სპეკულაცია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ მედიასთან. შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ბავშვების დეპორტაციის შესახებ PACE-ს რეზოლუცია მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს დელეგაციის წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციაში იყვნენ „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ირაკლი ჩიქოვანი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე და „ხალხის ძალის“, წევრი ეკა სეფაშვილი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივისცემა მკაფიო სიგნალს აგზავნის: სამართლიანი სასჯელი მოსკოვის წარსული და ამჟამინდელი დანაშაულისთვის, გარდაუვალია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ თავის გზავნილში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.  2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.  

აზერბაიჯანის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობას წყვეტს

აზერბაიჯანის დელეგაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ წყვეტს თანამშრომლობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან (PACE). ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის დაწყებამდე, სადაც ასამბლეამ უნდა განიხილოს გადაწყვეტილება აზერბაიჯანელი დეპუტატების უფლებამოსილების შესახებ, აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლებმა პრესასთან განცხადება გააკეთეს, რომ ისინი აღარ არიან დაინტერესებულნი არსებულ პირობებში ევროპის საბჭოში მუშაობით. კითხვას, რჩება თუ არა აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს შემადგენლობაში, აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა სამად სეიდოვმა კონკრეტული პასუხი არ გასცა. „ჩვენ ვხედავთ, რომ შეუძლებელია ჩვენი დელეგაციის აქ ყოფნა ჩემი ქვეყნისადმი მიუღებელი და აუტანელი მიდგომის გამო,“ აღნიშნა სეიდოვმა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დაინიცირდა აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების არსებითი შეზღუდვა, ევროსაბჭოში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და თანამშრომლობის არარსებობის გამო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოთხშაბათს დებატებს მართავს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს. პროცედურა ოფიციალურად სოციალ-დემოკრატების ჯგუფის ხელმძღვანელმა და ევროსაბჭოში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფრანკ შვაბემ წამოიწყო. მან აზერბაიჯანი ოპოზიციის დევნაში, ყარაბაღში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ზემოქმედების სხვა გზა არ არსებობს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის უფლებების შეზღუდვისა გარდა. "აზერბაიჯანის დელეგაციის პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა ვერ მოინახულეს პოლიტპატიმრები და ლაჩინის დერეფანი და არ მიიწვიეს ისინი არჩევნებზე დასაკვირვებლად," - აღნიშნა შვაბემ.  

PACE-მ აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილების რატიფიცირებაზე უარი განუცხადა. მიზეზად დასახელდა „აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ოპოზიციის და დამოუკდებელი მედიის დევნა და ქმედებები, რომლებმაც ყარაბაღიდან სომხური მოსახლეობის განდევნა გამოიწვია.“ საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც სტრასბურგში მიმდინარეობს, შესაბამისი რეზოლუციის პროექტს 24 იანვარს უყარეს კენჭი. რეზოლუციას დარბაზში მყოფი 90-დან 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგი იყო, ხოლო 4-მა თავი შეიკავა. მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ თურქეთის საპარლამენტო დელეგაციის 9 და ალბანეთის დელეგაციის 1 წევრი. საქართველოს პარლამენტის დელეგაციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაციამ ჯერ კიდევ რეზოლუციის პროექტზე დებატებსა და კენჭისყრამდე გამოაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობას დროებით წყვეტს.  

PACE მოუწოდებს ეროვნულ პარლამენტებს, უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაცია გენოციდად აღიარონ

უკრაინელი ბავშვების მდგომარეობა: PACE სასწრაფო ზომების მიღებას ითხოვს დებატების შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის დროებით ოკუპირებულ, რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის ტერიტორიებზე იძულებით გადაყვანილი და დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილებას და პრობლემის გადაჭრას. „დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის მთავრობის პლატფორმამ - „ომის ბავშვები“ ინფორმაცია 19 546-ზე მეტი ბავშვის შესახებ შეაგროვა, ისინი იძულებით გაიყვანეს (ან მათი იძულებითი დეპორტაცია მოხდა) სხვადასხვა ადგილიდან, მათგან მხოლოდ 388 დაბრუნდა სახლში,“ ნათქვამია რეზოლუციაში. ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ სთხოვა ეროვნულ პარლამენტებს, გაერთიანდნენ, რათა აიძულონ რუსეთი, შეასრულოს სულ მცირე ჟენევის კონვენციები და დაუყოვნებლივ მიაწოდონ ყოვლისმომცველი სიები ყველა უკრაინელი ბავშვის სახელებითა და ადგილსამყოფელით, რომლებიც უკანონოდ არიან დეპორტირებულები.“ „ყოველი გადარჩენილი ბავშვი „ეს არის სპეცოპერაცია, რომელშიც ჩართულია მრავალი ქვეყანა და ათეულობით ადამიანი, ვინც ზრუნავს მათზე. ასე მივაღწიეთ წარმატებას. და მსოფლიოში ათობით მზრუნველი ქვეყანა და მილიონობით მზრუნველი ადამიანია. ყოველ შემთხვევაში მე ამის მჯერა,“ - დასძინა მან. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ყველა უკრაინელ ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს უფლებებითა და თავისუფლებებით, რომლებიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებში და რომ გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტი ბავშვის უფლებები და საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს. „ომმა არცერთი უკრაინელი ბავშვი არ დაინდო. უკრაინელი ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველი მსხვერპლნი არიან, არასოდეს არ უნდა იქნან გამოყენებული, როგორც ზეწოლის საშუალება, ან ომის ნადავლი,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. ამიტომ ასამბლეამ მოუწოდა ეროვნულ პარლამენტებს, მიიღონ რეზოლუციები, რომლებიც აღიარებენ ამ დანაშაულებს გენოციდად და ასევე მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას, ითანამშრომლოს უკრაინასთან, დაკარგული ბავშვების სიის დასადგენად და რეპატრიაციის მიზნით, კერძოდ, „დააბრუნონ ისინი უკრაინაში.“  

PACE-ს თანამომხსენებლები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დღის წესრიგიდან მოხსნას მოითხოვენ

საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) საქართველოს მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი შემოტანის გამო, დღეს ღრმა შეშფოთება გამოხატეს. "უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოტანა, რომლის შარშან გატანასაც ჩვენ თბილად მივესალმეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ის, რაც ჩვენ ამ კანონის პირველად შემოღებისას ვთქვით, ამ წინადადებაზეც ძალაში რჩება - არსებობს სერიოზული კითხვები კანონპროექტის შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით ევროპის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და ნორმებთან. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამოიღონ ეს პროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან," - წერენ თანამომხსენებლები. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

PACE-მ ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე დაჩქარებული წესით მოსაზრების მომზადება სთხოვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ევროპულ კომისიას სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად (ვენეციის კომისია) დაჩქარებული წესით მოსაზრების მომზადება 15 აპრილს სთხოვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე. ევროპის საბჭოს კანონპროექტს ამჟამად საქართველოს პარალამენტი განიხილავს. ამ თვის დასაწყისში, 4 აპრილს, საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC - სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი), ღრმა შეშფოთება გამოთქვეს კანონპროექტის ხელახლა წარდგენის თაობაზე. „ამ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალი წარდგენა, რომლის გაწვევაც ჩვენ დადებითად შევაფასეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ჩვენი განცხადება, რომელიც ამ კანონპროექტის პირველად შემოღებისას გავაკეთეთ, კვლავაც ძალაში რჩება: ეს კანონპროექტი წარმოშობს სერიოზულ კითხვებს ევროპულ დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და ნორმებთან მისი შესაბამისობის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ამოიღონ ეს კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან,“ - განაცხადეს თანამომხსენებლებმა. დღევანდელი შეხვედრის დასასრულს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა, ადამიანის უფლებებზე შესაძლო ზეგავლენის გათვალისწინებით, ასევე გადაწყვიტა, ვენეციის კომისიის მოსაზრებები მოეთხოვა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტის და საქართველოს საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ ბოლოდროინდელი ცვლილებების თაობაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ერთ-ერთი ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია