თეგი: Siemens
გერმანია სანქციების დარღვევაში Siemens-ის თანამშრომლების მონაწილეობას იძიებს
ჰამბურგის პროკურატურამ გერმანიის ოთხ და საფრანგეთისა და შვეიცარიის ერთ მოქალაქეს სანქციების დარღვევაში ბრალი წაუყენა, რაც ანექსირებული ყირიმისთვის Siemens-ის გაზის ტურბინების მიწოდებაში მონაწილეობას გულისხმობს. გერმანული მხარის ცნობით, ჰამბურგიდან პეტერბურგში 111 მილიონი ევროს ღირებულების ტურბინების ექსპორტში დახმარებისას, ხუთმა ბრალდებულმა იცოდა, რომ ტურბინების საბოლოო დანიშნულების ადგილი ოკუპირებულ ყირიმში ორი ელექტროსადგური იქნებოდა. Reuters-ის ცნობით, Siemens-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია აგრძელებს ხელისუფლების დახმარებას გამოძიებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი კვლავ კომპანიაში მუშაობს. ხუთივე ეჭვმიტანილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ასაჩივრებს ბრალდებას. 2017 წლის ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ანექსირებულ ყირიმს, სანქციების გვერდის ავლით, Siemens-ის ოთხი ძლიერი გაზის ტურბინა მიეწოდა. ხელშეკრულების საერთო თანხა, 7 ტურბინაზე გათვლით 213 მილიონ ევროს (ერთი ტურბინის ღირებულება, დოკუმენტის თანახმად, 27,95 მილიონი ევროა) შეადგენდა. ანექსირებულ ყირიმს შვიდი ტურბინიდან მხოლოდ ოთხი მიეწოდა. 2014 წლის მარტში რუსეთმა უკრაინის ნახევარკუნძულის, ყირიმის ანექსია მოახდინა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დასავლეთის ქვეყნებმა ყირიმის ანექსია უკანონოდ აღიარეს და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესეს. კერძოდ, ევროპულ კომპანიებს ეკრძალებათ ბიზნესის კეთება ენერგეტიკის, ტურიზმის, მძიმე მრეწველობისა და ტრანსპორტის სფეროებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიებს ევროკავშირის ქვეყნებში ჯარიმები და სხვა სერიოზული შედეგები ემუქრება.