თეგი: UFC

შონ ო’მალი აბუ დაბიში მომხდარზე: მერაბის მეგობარი ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი შონ ო’მალი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება. ამერიკელმა მებრძოლმა მერაბის 21 წლის მეგობარზე გაამახვილა ყურადღება. ო’მალის თქმით, ახალგაზრდა მოჭიდავემ ნურმაგომედოვის გუნდის ორ წევრს წინააღმდეგობა გაუწია. „მერაბის მეგობარი ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას. როგორც ამბობენ, ის MMA-ის მებრძოლი არ არის, 21 წლის მოჭიდავეა, რომელიც მხოლოდ ჭიდაობითაა დაკავებული და დარტყმებზე არ ვარჯიშობს. ამის მიუხედავად, მან ხაბიბის, უფრო სწორად, უსმანის გუნდიდან ორი ადამიანი ძირს დააგდო. არ ვიცი, უსმანმა წინასწარ დაგეგმა თავდასხმა თუ უბრალოდ სილის გაწვნა ჰქონდა განზრახული. თუმცა, როცა ადამიანს სილას აწნავ, რა რეაქციას ელოდები? გგონია, ამის შემდეგ მშვიდად დაგელაპარაკება? ბიჭმა კეპი უკუღმა დაიხურა, წინ წამოიწია და მოქმედებისთვის მოემზადა,“ – განაცხადა შონ ო’მალიმ. საბა ლაზიშვილი თავდასხმის დროს ქართველ სპორტსმენთან ერთად იმყოფებოდა.  

დანა უაითი აბუ-დაბიში მომხდარზე: ასეთი რამ ბიზნესისთვის არასდროს არის კარგი

UFC-ს პრეზიდენტმა დანა უაითმა დაადასტურა, რომ აბუ-დაბიში მომხდარი ჩხუბის მონაწილეები კვლავ პატიმრობაში იმყოფებიან. უაითმა UFC 334-ის წინ გამართული პრესკონფერენციისას დაგმო მომხდარი და აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსგავსი ქმედებები სერიოზულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს. „ასეთი რამ ბიზნესისთვის არასდროს არის კარგი,“— განაცხადა დანა უაითმა. „ეს ყველა მონაწილეს ცუდად წარმოაჩენს და სამწუხაროა. ჩვენ ჩხუბის ინდუსტრიაში ვართ და ზოგჯერ წარმოუდგენელი რამეები ხდება. ახლა ისინი ყველანი აბუ-დაბიში, ციხეში არიან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. უაითს ასევე ჰკითხეს ნიუ-იორკში UFC 334-ის წინასატურნირო პრესკონფერენციაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ. ამასთან, მან აბუ-დაბიში მოქმედი კანონების სიმკაცრე გააკრიტიკა. „ეს სრულიად აბსურდული და უაზრობაა,“ — განაცხადა უაითმა. „ისინი ყველანი ციხეში არიან. აბუ-დაბი ის ადგილი არ არის, სადაც შეიძლება, თავაშვებულად მოიქცე და წესები დაარღვიო“. აბუ დაბის პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ სულ 10 ადამიანი დააკავეს – რვა უშუალოდ ჩხუბში მონაწილეობისთვის, ორი კი ინციდენტის გადაღებისთვის. დაკავებულებს შორის არიან მერაბ დვალიშვილი და მისი მეგობარი საბა ლაზიშვილიც, რომლებიც თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ. მომხდარს გამოეხმაურა უსმან ნურმაგომედოვის მენეჯერი ალი აბდელაზიზი, რომელმაც ინციდენტს სამარცხვინო უწოდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოსახლეობას საჯაროდ მოუბოდიშა. ამასთან, RAF-ის ხელმძღვანელობა ადგილობრივ სამართალდამცავებთან თანამშრომლობს და იმედოვნებს, რომ მერაბ დვალიშვილი 14 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებამდე გათავისუფლდება. ორგანიზაციამ უსმან ნურმაგომედოვს ღონისძიებაზე დასწრება აუკრძალა.  

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - რა გადაწყვიტა სასამართლომ

მერაბ დვალიშვილი პარასკევს, დილით ადრე გაათავისუფლეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან. მისი დაკავება სასტუმროში მომხდარ ჩხუბს უკავშირდებოდა, რომელშიც PFL-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი უსმან ნურმაგომედოვი მონაწილეობდა. RAF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ჩად ბრონშტაინმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც დვალიშვილთან დაკავშირებით საუბრობს. ჟურნალისტ არიელ ჰელვანის თქმით, ბრონშტეინმა გადამწყვეტი როლი ითამაშა დვალიშვილის გათავისუფლებაში; ის 48 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჰელვანის ცნობით, ასევე გათავისუფლდა საბა ლაზიშვილიც. ჰელვანის ინფორმაციით, ბრონშტაინი დაწესებულებაში მათი გათავისუფლების დროსაც იმყოფებოდა. ამ შაბათ-კვირას, RAF-ის ღონისძიებაზე, დვალიშვილი და ნურმაგომედოვი უნდა გამოსულიყვნენ. დვალიშვილს WSOF-ის უმსუბუქესი წონის ყოფილ ჩემპიონ მარლონ მორაესთან უნდა ეჩხუბა, ხოლო უმარ ნურმაგომედოვი — უსმან ნურმაგომედოვის ძმა — UFC-ის დიდების დარბაზის წევრ იურაია ფაბერს უნდა დაპირისპირებოდა. MMA Fighting-ის ცნობით, ხუთშაბათს გამართულ RAF-ის პრესკონფერენციას არცერთი მათგანი არ დასწრებია; RAF-ის თანადამფუძნებელმა ჩად ბრონშტეინმა კი განაცხადა, რომ ამ ბრძოლების ბედი ჯერჯერობით უცნობია. ბრონშტეინმა ასევე აღნიშნა, რომ უსმან ნურმაგომედოვს ღონისძიებაზე არ დაუშვებენ. „ცხადია, უსმანი შაბათ საღამოს ჩვენს ღონისძიებას არ დაესწრება“, — განაცხადა ბრონშტეინმა. ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა The National-ი აბუ-დაბის სასამართლო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სასამართლომ ათი ადამიანი დამნაშავედ ცნო.  The National-ის ინფორმაციით, სასამართლომ ექვს პირს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, პანიკის გამოწვევისა და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის გამო ექვსთვიანი პატიმრობა, თითოეულს 300 ათასი დირჰამის - დაახლოებით 212 ათასი ლარის - ჯარიმა და სასჯელის მოხდის შემდეგ დეპორტაცია შეუფარდა. ინფორმაციაში არ არის დასახელებული, კონკრეტულად ვის რომელი სასჯელი დაეკისრა. კიდევ ორ პირს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევისა და სხვებზე თავდასხმისთვის თითოეულს 50 ათასი დირჰამის - დაახლოებით 35 300 ლარის - ჯარიმა დაეკისრა. დანარჩენ ორ პირს ინციდენტის გადაღებითა და კადრების გავრცელებით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისთვის ექვსთვიანი პატიმრობა, თითოეულს 300 ათასი დირჰამის ჯარიმა და დეპორტაცია შეეფარდა. სასამართლომ მათი ტელეფონების კონფისკაცია და ჩანაწერების წაშლაც დაავალა. უსმან ნურმაგომედოვს RAF Abu Dhabi-ზე დასწრება აეკრძალა, მერაბ დვალიშვილის მონაწილეობა ჯერ გაურკვეველია შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. ინფორმაცია თავად მერაბ დვალიშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდასხმის კადრებიც.