თეგი: UNHCR
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი: ყარაბაღიდან სომხეთში 100 000-ზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მცხოვრებთა რაოდენობამ, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, სომხეთში წასულიყვნენ, 100 000-ს გადააჭარბა. ამ მონაცემებს გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისი აქვეყნებს. წლის დასაწყისში რეგიონის სომხური მოსახლეობის სავარაუდო რაოდენობად 120 ათასი სახელდებოდა. აზერბაიჯანი ლტოლვილთა რაოდენობის შესახებ საკუთარ მონაცემებს არ აქვეყნებს. „ყარაბაღიდან სომხეთში 100 000-ზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა. ბევრი მშიერია, დაღლილი და საჭიროებს სასწრაფო დახმარებას. UNHCR და სხვა ჰუმანიტარული პარტნიორები აძლიერებენ დახმარებას სომხეთის ხელისუფლების მიმართ, მაგრამ საერთაშორისო დახმარება ძალიან სასწრაფოდ არის საჭირო,“ - წერს Twitter-ზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, ფილიპო გრანდი. ფაშინიანი: უახლოეს დღეებში ყარაბაღში სომხები აღარ დარჩებიან, ეს არის ეთნიკური წმენდის აქტი შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. 30 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს