თეგი: VTB ბანკი
ეკონომიკის მინისტრი VTB ბანკის შესაძლო გაყიდვაზე: დავით ხიდაშელის გეგმებზე ინფორმაციას არ ვფლობ
ეკონომიკის მინისტრმა VTB ბანკის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, არსებობს კონკრეტული პროცედურები, რომლებსაც ეროვნული ბანკი იცავს. „არ მაქვს ინფორმაცია ბატონი დავითის გეგმების შესახებ. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, არსებობს კონკრეტული პროცედურები, რომლებსაც ეროვნული ბანკი იცავს იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ ბანკში ხდება აქციონერების ცვლილება და შესაბამისად, ეროვნული ბანკი იმოქმედებს იმ წესების მიხედვით, რომლებიც თანაბრად ეხება ნებისმიერ კომერციულ ბანკს საქართველოში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ. ეროვნული ბანკის განცხადებით, VTB ბანკის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს, თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შესულა. VTB ბანკის ხელმძღვანელი: მხოლოდ საქართველოდან გავდივართ შეგახსენებთ, მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვითიბი“ ბანკს დავით ხიდაშელი ყიდულობს. მორიგი ცნობა კი, 25 ივლისს, bm.ge-ს მიერ გავრცელდა. ქართული მედიის ინფორმაციით, შეკითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ შესაძლო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს. IPN-ის ცნობით, ბიზნესმენმა ერთი მხრივ აღნიშნა, რომ საქართველოში 47 პროექტი აქვს დაგეგმილი და ყველა მათგანს ბოლომდე მიიყვანს, მეორე მხრივ კი განაცხადა, რომ მის მიმართ „ჩირქის მოცხების უსაფუძვლო მცდელობებს აქვს ადგილი“. „საქართველოში დაგეგმილი მაქვს 47 პროექტი. რამდენი ტყუილიც არ უნდა წერონ ჩემზე, ვინც არ უნდა ეცადოს დეზინფორმაციის გავრცელებას ან ჩემ შეჩერებას, მაინც მივიყვან ბოლომდე ყველა პროექტს. მე პოლიტიკაში არ ვიღებდი, არ ვიღებ და არ ვაპირებ რაიმე მონაწილეობას არანაირი სახით. მე ვარ ქართველი და ვცდილობ, დავეხმარო საქართველოს საზღვრების აღდგენა-გასწორებაში. საქართველო ეკუთვნის ქართველებს და მეც მათი ნაწილი ვარ“, - განაცხადა ხიდაშელმა. ცნობისათვის, „VTB ბანკის“ საქართველოს ფილიალს ჩამოერთვა ფიზიკური პირების, მსესხებლებისა და დეპოზიტარების მომსახურების უფლება. საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი გადაეცა „ბაზისბანკს“, კორპორაციული საბანკო პორტფელი კი „ლიბერთი ბანკს“.