თეგი: WHO

ჯანმო: 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი საქართველოში და 400 მილიონი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რეაბილიტაციას საჭიროებს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის უახლესი ანგარიში ცხადჰყოფს, რომ 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი საქართველოში, ხოლო 394 მილიონი ევროპის რეგიონში ცხოვრობს ჯანმრთელობის სულ მცირე ერთი მდგომარეობით, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას. მოსახლეობის სწრაფად დაბერება, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა და რეაბილიტაციის სარგებლის შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობა მთავარ მიზეზთა შორისაა. ანგარიშის მიხედვით ადამიანთა უმეტესობას, რომლებიც საჭიროებენ რეაბილიტაციას, არ აქვთ წვდომა მასზე. რეაბილიტაციაზე ხელმისაწვდომობის ძირითადი ბარიერებია ინფორმირებულობის სიმცირე იმის შესახებ, თუ რა არის რეაბილიტაცია, როგორ მუშაობს ის და რა არის მისი სარგებელი, ასევე მცდარი წარმოდგენები მისი ხელმისაწვდომობის შესახებ. რეაბილიტაციის პროფესიონალების დეფიციტი აფერხებს მისი სერვისების ხელმისაწვდომობას. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საშუალო შემოსავლის ქვეყნებში 12-ჯერ ნაკლები ფიზიოთერაპევტი, 141-ჯერ ნაკლები ოკუპაციური თერაპევტი და ექვსჯერ ნაკლები პროთეზირებისა და ორთოტიკის პროფესიონალები არიან, ვიდრე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში. ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული მდგომარეობები, რომელიც იწვევს რეაბილიტაციის საჭიროებას არის წელის ტკივილი, მოტეხილობები, სმენისა და მხედველობის დაკარგვა, ასევე ინსულტი და დემენცია. ვინაიდან ისინი გავლენას ახდენენ ადამიანების ცხოვრებაზე და მათ შრომის უნარზე, ქვეყნებს ემუქრებათ მილიონობით დოლარის ხარჯები ეკონომიკური პროდუქტიულობის ნაკლებობის, მზარდი სიღარიბისა და უმუშევრობის გამო. „რეაბილიტაცია ჯანდაცვის საბაზისო სერვისია, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც იგი სჭირდება და ჯანდაცვის ყველა დონეზე“, - ამბობს ჰანს ჰენრი კლუგე, ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი. „თუ საჭირო ზომები არ იყო მიღებული, ქვეყნები რისკავენ ადამიანთა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური პროდუქტიულობის შემცირებას, რადგან ბევრ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია საზოგადოებაში სრულფასოვანი წვლილი შეიტანოს.“ რეაბილიტაციის მიზანია ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირის მხარდაჭერა, რათა შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს მისი ფუნქციონირება. ფუნქციონირების სირთულეები წარმოიქმნება ისეთი დარღვევების გამო, როგორიცაა ტკივილი ან კუნთების სისუსტე, თავის მოვლისა ან სიარულის სირთულე. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაცია ხელმისაწვდომი იყოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც ქრონიკულ დაავადებათა უმეტესობა იმართება, ასევე სახლზე და სკოლებში. „ევროპასა და ცენტრალური აზიის ბევრ ქვეყანაში, სარეაბილიტაციო სერვისები ხელმისაწვდომია ჯანდაცვის მხოლოდ მეორე და მესამე დონის დაწესებულებებში და ძირითადად ურბანულ ზონებში, სოფლად კი რეაბილიტაციის სერვისების ნაკლებობაა. ჯანდაცვის სისტემათა უმეტესობაში რეაბილიტაცია არ არის სრულად და ეფექტურად ინტეგრირებული პირველადი ჯანდაცვის სფეროში. ეს უნდა შეიცვალოს“, - ამბობს თავის მხრივ, ნატაშა აზოპარდი მუსკატი, ჯანმოს ქვეყნების ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების დირექტორი. განვლილი პროგრესის მიუხედავად, გაცილებით მეტია საჭირო იმისათვის, რათა რეაბილიტაცია გახდეს უფრო ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ რეაბილიტაცია ხარჯთეფექტურია და ხელს უწყობს ჯანმრთელობის ინტერვენციების საუკეთესო შედეგების მიღწევას და შენარჩუნებას. რაც მთავარია, რეაბილიტაციაზე ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ყველა ადამიანის ჯანმრთელობის უფლების რეალიზებას. პოსტ-კოვიდურმა მდგომარეობამ გაამახვილა ყურადღება რეაბილიტაციის საჭიროებაზე. ქვეყნები აღიარებენ მდგომარეობის სერიოზულობას და თუ რამდენად დიდი როლი აკისრია რეაბილიტაციას ხანგრძლივი კოვიდით დაავადებული ადამიანების მხარდაჭერაში. კვლევებმა აჩვენა, რომ რეაბილიტაციას პოტენციალი აქვს თავიდან აიცილოს ძვირადღირებული ჰოსპიტალიზაცია, შეამციროს საავადმყოფოში გატარებული დრო, ხელახალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და ჯანმრთელობის პრობლემების გართულებების რისკი. ფუნქციებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობის უნარის გაუმჯობესებით, რეაბილიტაცია ამცირებს მუდმივი მოვლის ხარჯებს და ეხმარება ადამიანებს მონაწილეობა მიიღონ განათლებასა და მუშაობაში. WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისი მოუწოდებს ქვეყნებს: გახადონ რეაბილიტაცია პრიორიტეტული და მიიჩნიონ იგი ჯანდაცვის საბაზისო სერვისად, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის დროს. მოახდინონ რეაბილიტაციის ინტეგრირება ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე – პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში, საავადმყოფოებსა და სპეციალიზებულ ცენტრებში. ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა რეაბილიტაციის სერვისებზე. ხელი შეუწყონ ადექვატური და კარგად გაწვრთნილი მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო სამუშაო ძალის ჩამოყალიბებას რეაბილიტაციის სერვისების მიწოდების მიზნით.

WHO ძუძუს კიბოს სიკვდილიანობის შესამცირებლად ახალ ინიციატივას წარადგენს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი, ჯანმოს საქართველოს ოფისთან და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად აქვეყნებს ახალ ინიციატივას რეგიონში ძუძუს კიბოს სიკვდილიანობის შემცირების მიზნით. პოლიტიკის დიალოგი, რომელიც თბილისში, 27-28 თებერვალს გაიმართება, აერთიანებს პოლიტიკის შემქმნელებს, ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლებს, პაციენტთა უფლებადამცველებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან, რათა აღმოიფხვრას ძუძუს კიბოზე ზრუნვის ხარვეზები და ყველა ქალს ჰქონდეს წვდომა ძუძუს ჯანმრთელობაზე. კიბოს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კუთხით არსებული მიღწევების მიუხედავად, ძალიან ბევრი ქალი კვლავ აწყდება ბარიერებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს კიბოს გამოსავალზე. ხშირად ქალებს დიაგნოზი ძალიან გვიან უდგინდებათ, მულტიდისციპლინური მკურნალობა და შემდგომი დაკვირვება არაოპტიმალურია და დამხმარე და პალიატიური მზრუნველობა კრიტიკულად განუვითარებელი რჩება. ძუძუს კიბოს 5-წლიანი განკურნების მაჩვენებელი დასავლეთ ევროპის მაღალშემოსავლიან ქვეყნებში აღემატება 90%-ს, თუმცა მისი მაჩვენებელი 75%-ია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. საშუალო შემოსავლის მქონე უკრაინაში განკურნების მაჩვენებელი 56%-ია, ხოლო უზბეკეთში - 43%. ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალი, ორჯერ მეტი ალბათობით დაიღუპება ავადმყოფობისგან, თუ ის ცხოვრობს კავკასიაში, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში. მოწყვლად ჯგუფებში და დაბალი განათლებისა და შემოსავლის მქონე ქალებში უფრო გვიან ხდება დიაგნოზის დასმა და მათი გადარჩენის მაჩვენებელიც უფრო დაბალია. „ძუძუს კიბოს გამოსავლის კუთხით არსებული უთანასწორობა მხოლოდ მაშინ შემცირდება, როდესაც პაციენტს ყურადღების ცენტრში დავაყენებთ და ინვესტიციას ჩავდებთ ჯანდაცვის სისტემებში, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ ხელმისაწვდომობას ყოვლისმომცველ და ხარისხიან ზრუნვაზე. ამ უთანასწორობის გადალახვა მოითხოვს სისტემურ გაუმჯობესებას, კიბოზე ზრუნვის ნათელი გზამკვლევის დასახვას და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას პაციენტების სამსახურში, - განაცხადა ნინო ბერძულმა, ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ჯანმრთელობის პროგრამების დირექტორმა. WHO-ს ახალი ინიციატივა მოიცავს რეკომენდაციებს ქვეყნებისთვის, თუ როგორ უნდა შემცირდეს ძუძუს კიბოს სიკვდილიანობა ადრეული გამოვლენისა და კიბოს ყოვლისმომცველი მენეჯმენტის გაზრდის გზით. ორი სტრატეგიის კომბინაციამ წარმატებით შეამცირა ძუძუს კიბოს სიკვდილიანობა პოპულაციის დონეზე: 1) ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა (მათ შორის ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ჩათვლით) 2) ეფექტიანი მულტიმოდალური მკურნალობა. ეს ორი სტრატეგია ერთმანთის ალტერნატივა არ არის - სიკვდილიანობის შესამცირებლად ორივეს დანერგვაა საჭირო. WHO მხარს უჭერს ქვეყნებს ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების ეფექტური სტრატეგიების განსახორციელებლად და ძუძუს კიბოს სიკვდილიანობის შესამცირებლად. „ჩემთვის დიდი პატივია ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა. დაინტერესებული მხარეების შეხვედრა, რათა განიხილონ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პოლიტიკის საკითხები და როგორ დაინერგოს საუკეთესო პრაქტიკა ძუძუს კიბოს მართვის სერვისების გაძლიერებისა და გაუმჯობესდეს მიზნით, აუცილებელია კიბოს გამოსავლის გასაუმჯობესებლად და სიკვდილიანობის შესამცირებლად“, - განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა საქართველოში სილვიუ დომენტემ. ძუძუს კიბო კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობაა ევროპის რეგიონში და ქალებში - კიბოს სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი. 2020 წელს რეგიონში 576,337 ქალს დაუდგინდა ძუძუს კიბო, 157,111 კი - მისგან დაიღუპა, რაც საათში 18 სიკვდილს უტოლდება. თუ მიმდინარე ტენდენციები არ შეიცვალა, 2020-2040 წლებში რეგიონში ძუძუს კიბოს ახალი შემთხვევები 12.8%-ით, ხოლო კი სიკვდილიანობა კი 25.2%-ით გაიზრდება. საქართველოში 2020 წელს ძუძუს კიბოს 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მისგან 910 ქალი გარდაიცვალა. ძუძუს კიბო რეპროდუქციული ასაკის ქალებში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია.

საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება, რათა დავიცვათ ბავშვები და თავიდან ავიცილოთ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება ელექტრონული სიგარეტების კონტროლისთვის, რათა დავიცვათ ბავშვები და არამწეველები და მინიმუმამდე დავიყვანოთ ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი მოსახლეობაში. პოპულაციურ დონეზე ელექტრონული სიგარეტი, როგორც სამომხმარებლო პროდუქტი, არ არის ეფექტიანი, თამბაქოს მოხმარებაზე თავის დანებებისთვის. სამაგიეროდ, არსებობს საგანგაშო მტკიცებულებები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მისი მავნე ზეგავლენის შესახებ. ორგანიზაციის განცხადებით, ელექტრონული სიგარეტი დაშვებულია ღია ბაზარზე და მოხდა მისი აგრესიული მარკეტინგი ახალგაზრდებში. 34 ქვეყანა კრძალავს ელექტრონული სიგარეტების გაყიდვას, 88 ქვეყანას არ აქვს დადგენილი მინიმალური ასაკი მის შესაძენად და 74 ქვეყანას კი - არ გააჩნია ამ მავნე პროდუქტის რეგულაციური ჩარჩო. „ბავშვებს ადრეულ ასაკში იზიდავენ და აბამენ მახეში, რათა დაიწყონ ელექტრონული სიგარეტის მოიხმარება, რითაც მათ შესაძლოა, განუვითარდეთ ნიკოტინზე დამოკიდებულება,“ - ამბობს ტედროს ადანომ გებრეიესუსი, ჯანმოს გენერალური დირექტორი. „მოვუწოდებ ქვეყნებს, გაატარონ მკაცრი ზომები, რათა თავიდან აიცილონ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება და დაიცვან თავიანთი მოქალაქეები, განსაკუთრებით კი - მათი შვილები და ახალგაზრდები“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტი იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას და საზიანოა ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი გავლენის მასშტაბი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი, დამტკიცებულია, რომ ის წარმოქმნის ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომელთაგან ზოგიერთი ცნობილი კანცეროგენია, ზოგიერთი კი ზრდის გულის და ფილტვების დაავადებათა განვითარების რისკს. ელექტრონული სიგარეტის გამოყენებამ ასევე შეიძლება მოახდინოს გავლენა თავის ტვინის განვითარებაზე და გამოიწვიოს სწავლის დარღვევები ახალგაზრდებში. მისმა ზემოქმედებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულ ქალებში ნაყოფის განვითარებაზე. ელექტრონული სიგარეტის ემისიების ზემოქმედება რისკის შემცველია პასიური მწეველებისთვისაც. „სოციალური მედიისა და ინფლუენსერების საშუალებით და არანაკლებ 16 000 არომატით, ელექტრონული სიგარეტი მიზანში იღებს ბავშვებს. ზოგიერთი ელ-სიგარეტი იყენებს მულტფილმის პერსონაჟებს და აქვს დახვეწილი დიზაინი, რომელიც მიმართულია ახალგაზრდა თაობაში მისი პოპულარიზაციისკენ. ელ-სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი ბავშვებში და ახალგაზრდებში  საგანგაშოდ იზრდება, იგი ბევრ ქვეყანაში ზრდასრულთა მოხმარების მაჩვენებელსაც აღემატება,“ - ამბობს რუდიგერ კრეჩი, ჯანმოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის დირექტორი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეგიონში 13-15 წლის ასაკის უფრო მეტი ბავშვი მოიხმარს ელექტრონულ სიგარეტს, ვიდრე ზრდასრული ადამიანი. კანადაში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება 16-19 წლის ახალგაზრდებს შორის 2017-2022 წლებში გაორმაგდა, ხოლო ინგლისში (გაერთიანებული სამეფო) ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ ახალგაზრდების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. ჯანმოს განცხადებით, სოციალურ მედიაში ელექტრონული სიგარეტის შესახებ კონტენტის ზეგავლენის ქვეშ ხანმოკლე ყოფნამაც კი შეიძლება, გაზარდოს ამ პროდუქტის მოხმარების სურვილი და მის მიმართ უფრო დადებითი დამოკიდებულება. კვლევები მუდმივად აჩვენებს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, მოგვიანებით ტრადიციულ სიგარეტის მოხმარების გასამმაგებული რისკის ქვეშ დგანან. აქედან ამომდინარე, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება ელექტრონული სიგარეტების მოხმარების დაწყებისა და ნიკოტინზე დამოკიდებულების განვითარების წინააღმდეგ, თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველი მიდგომით და ადგილობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ:  იმ ქვეყნებში, სადაც ელექტრონული სიგარეტი იკრძალება, აუცილებელია  გაძლიერდეს რეგულაციების აღსრულება და გაგრძელდეს მონიტორინგი და ზედამხედველობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციების მხარდასაჭერად და ძლიერი აღსრულების უზრუნველსაყოფად;                 იმ ქვეყნებში, სადაც ელექტრონული სიგარეტის, როგორც სამომხმარებლო პროდუქტის მიმოქცევა (რეალიზაცია, იმპორტი, დისტრიბუცია და წარმოება)   ნებადართულია, აუცილებელია მკაცრი რეგულაციების მიღება მათი მიმზიდველობისა და მიყენებული ზიანის შესამცირებლად, მათ შორის არომატების აკრძალვით, ნიკოტინის კონცენტრაციისა და ხარისხის შეზღუდვით და დაბეგვრით; „თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს ეფექტურობის საუკეთესო ხელმისაწვდომ მტკიცებულებებს, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს და უნდა ექვემდებარებოდეს მონიტორინგს და შეფასებას. მიმდინარე მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რეკომენდებული არ არის მთავრობებმა დაუშვან ელექტრონული სიგარეტების, როგორც სამომხმარებლო პროდუქტების გაყიდვა თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მიზნით. ნებისმიერმა ხელისუფლებამ, რომელიც თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის სტრატეგიაში იყენებს ელექტრონული სიგარეტებს, უნდა აკონტროლოს პროდუქტზე ხელმისაწვდომობის პირობები, რათა დაცულ იყოს შესაბამისი კლინიკური პირობები და უნდა არეგულიროს პროდუქტები, მედიკამენტების მსგავსად (მათ შორის, მოითხოვოს მარკეტინგული ავტორიზაცია, როგორც მედიკამენტისა). გადაწყვეტილება თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მიზნის მიღწევის შესახებ, თუნდაც ასეთი კონტროლირებადი ფორმით, უნდა იქნას მიღებული მხოლოდ ადგილობრივი გარემოებების გათვალისწინების შემდეგ, მოხმარების დაწყების რისკის და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის სხვა დადასტურებული სტრატეგიების სრულად ამოწურვის შემდეგ. თამბაქოს ინდუსტრია მდიდრდება ჯანმრთელობის განადგურებით და იყენებს ამ ახალ პროდუქტებს, რათა დაიკავოს ადგილი გადაწყვეტილების მიღების მაგიდასთან მთავრობებთან ერთად და მოახდინოს ლობირება ჯანდაცვის პოლიტიკის წინააღმდეგ. თამბაქოს ინდუსტრია აფინანსებს და ხელს უწყობს ცრუ მტკიცებულებების გავრცელებას, იმის დასამტკიცებლად, რომ ეს პროდუქტები ამცირებს ზიანს, ახდენს მათ პოპულარიზაციას ბავშვებსა და არამწეველებში და, ამავდროულად, აგრძელებს მილიარდობით სიგარეტის გაყიდვას. საჭიროა ძლიერი გადამწყვეტი ქმედება, რათა თავიდან იყოს აცილებული ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ბავშვებში და მოზარდებში მისი გამოყენებისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მზარდი მტკიცებულებების საფუძველზე.“    

ჰაერის ხარისხი WHO-ს ნორმებს მხოლოდ შვიდ ქვეყანაში შეესაბამება

ჰაერის მაკონტროლებელმა კომპანია IQAir-მა გამოაქვეყნა 2023 წლის მონაცემები, რომლსი თანახმად, ჰაერის ხარისხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ნორმებს მხოლოდ შვიდ ქვეყანაში შეესაბამება. ჰაერში მყარი მიკრონაწილაკების, PM2.5-ის, მათ შორის ჭვარტლისა და მტვრის, - შემცველობა, რომელთა ჩასუნთქვა მრავალ პრობლემას იწვევს ჯანმრთელობისთვის, ყველაზე დაბალია მავრიკიში. მას მოსდევენ ისლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, ესტონეთი და ფინეთი. 2023 წელს ყველაზე დაბინძურებული ჰაერი იყო ბანგლადეშში: საშიში მიკრონაწილაკების რაოდენობა იქ 16-ჯერ აღემატებოდა ნორმას - კუბურ მეტრ ჰაერზე ხუთ მიკროგრამს, რაც WHO-მ 2021 წელს დააწესა. ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქვეყნების სამეულში ასევე შედიან პაკისტანი და ინდოეთი. საქართველო 62-ე ადგილზეა კატეგორიაში, სადაც შემავალ ქვეყნებშიც ჰაერის დაბინძურება ნორმას 3-5-ჯერ აღემატება. მყარი მიკრონაწილაკების, PM2.5-ის, ემისია ძირითადად ხდება ისეთი საწვავის წვის შედეგად, როგორებიცაა, ნახშირი, ხეტყე, დიზელის საწვავი, და მოცულობის გამო დიდხანს რჩება ჰაერში. WHO-ს მონაცემებით, დაბინძურებული ჰაერი იწვევს შვიდი მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს, ასევე, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 2,2 წლით ამცირებს. The Guardian-ი წერს რომ, ზოგიერთი კვლევით, ჰაერის მცირე დაბინძურებაც კი ახდენს გავლენას სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვის რაოდენობის ზრდაზე სასუნთქი გზებისა და გულის პრობლემების გამო. ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად IQAir-ის ექსპერტები ქვეყნებს ურჩევენ, გაზარდონ ფეხით მოსიარულეთა წილი, შეცვალონ სატყეო მეურნეობის წარმოების მეთოდები და უფრო სწრაფად შეცვალონ წიაღისეული ენერგომატარებლები სუფთა ენერგიით.