თეგი: eGA)
კიბერშესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საქართველო ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიასთან ითანამშრომლებს
საქართველოს კიბერშესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიას (eGA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თავდაცვის სამინსიტროს ცნობით, დოკუმენტს ხელი კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ლუკა მგელაძემ და ელექტრონული მმართველობის აკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანეს ასტოკმა მოაწერეს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ურთიერთთანამშრომლობა ევროკავშირის ევროპული სამშვიდობო ინიციატივის (EPF) ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტრუმენტს წარმოადგენს და საქართველოს თავდაცვის ძალების მედეგობისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის პროცესში წინგადადგმული ნაბიჯია. „მემორანდუმი, კიბერუსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებისთვის კიბერსწავლებებისა ტრენინგების ორგანიზებას, ასევე ინფრასტრუქტურულ განახლებას ითვალისწინებს. აღნიშნული ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებს ითვალისწინებს და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდას შეუწყობს ხელს,“ - აღნიშნავენ თავდაცვის უწყებაში.