თეგი: გალი

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს,  რომელიც ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.  ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.  ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულს თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების შეკვრა. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული მორიგი მძიმე ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.  

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი: ოკუპირებული გალის რაიონში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს

არასამთავრობო ორგანიზაცია, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ოკუპირებული გალის რაიონში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადრეც წერდა, რომ რუსული პროპაგანდა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იდეოლოგიური გადაბირება ოკუპირებულ აფხაზეთში ახალ ფაზაშია შესული. თუმცა მათი ცნობით, ახლა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ოკუპირებული გალის მოსახლეობას გეგმაზომიერად და ეტაპობრივად, ახალ-ახალ პროექტებს და ღონისძიებებს სთავაზობენ. „მაგალითად კი, ივნისის დასაწყისში, რუსეთის საელჩოს ინიციატივით, ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ბავშვები ექსკურსიებზე წაიყვანეს; რიწის ტბაზე, ბიჭვინთაში, ბედიაში და ახალ ათონში. ტრანსპორტირების, კვებისა და ექსკურსიასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, როგორც „მეგობარი რუსეთის საჩუქარი“კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის, მთლიანად რუსულმა მხარემ დაფარა. მეორე ეტაპზე, რუსეთის საელჩოს მიერ, კვლავ ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლები შეირჩა; ამჯერად ბავშვები იმ 15 სოფლიდან წაიყვანეს ექსკურსიაზე, რომელიც ახალი დაყოფის მიხედვით, ოჩამჩირესა და ტყვარჩელს ეკუთვნის. რუსეთის განათლების სამინისტროს ინიციატივით, გალის ჰუმანიტარულ კოლეჯში, რომელთანაც „თანამშრომლობის“ ექსკლუზიური მემორანდუმია გაფორმებული, „ღია სასწავლო ცენტრი“ გაიხსნა. ცენტრში ფილოლოგებისათვის რუსულ ენასა და ლიტერატურაში ტრენინგები და გადამზადების კურსები ჩატარდება. სამომავლოდ, გადამზადება დაგეგმილია ყველა საგანში. სპეციალისტთა ჩამოყვანას მთლიანად რუსეთის განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს. ამავე დროს, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რუსეთის განათლების სამინისტრო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, გაზარდოს გალის ჰუმანიტარული კოლეჯის თანამშრომელთა ხელფასები“, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია. მისივე თანახმად, 6 ივნისს ოკუპირებულ სოხუმში ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღე აღნიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მათ შორის, ოკუპირებული გალის რაიონიდან. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, შეკრების ძირითადი მიზანი სავარაუდოდ იყო არასრულწლოვანებზე იდეოლოგიური ზემოქმედება, რამდენადაც ღონისძიების მიმდინარეობისას ძირითადად სჭარბობდა განცხადებები რუსეთის იმპერიაში და სსრკ-ში ცხოვრების დადებითი მხარეების შესახებ. „გალში მიწის დამუშავებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემის მოსაგვარებლად, რუსებმა კრასნოდარის ოლქიდან ჩამოიყვანეს 120 ტრაქტორი და გალის მოსახლეობას მიწის დამუშავებაში უსასყიდლოდ დაეხმარნენ: „ეს არის რუსეთის საჩუქარი მოძმე ქართველების მიმართ, არ უღალატოთ რუსეთს და ყველაფრის მოგვარება შეიძლება, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, გადაეცით“. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აშკარაა, რომ რუსეთი მუშაობს ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებლების იდეოლოგიურ გადაბირებაზე. „ამ ფონზე, უცნობია, რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გაძლიერებულ გავლენებს გალის რეგიონში“, - აცხადებს ორგანიზაცია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, ხელისუფლებამ უნდა შექმნას მექანიზმები გალში გამძაფრებული იდეოლოგიური კამპანიის შესაკავებლად და ასევე, შეიმუშაოს დამატებითი სოციალური პაკეტები გალის მოსახლეობისთვის. ორგანიზაციის თანახმად, 2023 წლის მაისის ბოლოს, გალში კრასნოდარის ოლქიდან სოციალური დახმარება ჩავიდა, რაც რუსეთის მიმართ ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობის სიმპათიისა და მხარდაჭერის გაზრდას ისახავს მიზნად. „კრასნოდარის ოლქიდან სპეციალური სოციალური დახმარება ოკუპურებული გალის რაიონის იმ სოფლებისთვის ჩაიტანეს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას უკიდურესად უჭირს.  ესენია: ხუმუშკური, სიდა, გუდაა, წარჩე და ცხირი. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუსტად იცოდნენ, თუ რომელ ოჯახს კონკრეტულად რა საჭიროება ჰქონდა. მოსახლეობას დაურიგეს ტანსაცმელი, საკვები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. სოციალური დახმარების დარიგებისას მოსახლეობას მიუთითეს, ეფიქრათ, რა შეუძლია დიდ სახელმწიფოს; შეახსენეს, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა, დახმარება მიიტანოს იმ ადგილებში, რომელიც არავის ახსოვს და დეტალებში იცოდეს, ვის რა უჭირს; რომ „რუსეთი არასდროს ივიწყებს ქრისტიან ძმებს, მთავარია მათ არ უღალატონ რუსეთს“. მოსახლეობას ისიც გაახსენეს, რომ 1991 წელს, როდესაც რუსეთმა „დატოვა“ აფხაზეთი, სწორედ მაშინ გაუჭირდათ და დაუმძიმდათ საცხოვრებელი პირობები და თუ ადგილობრივებს სურთ, რეგიონი კვლავ აღორძინდეს, ამისთვის რუსეთის დაბრუნებაა საჭირო“, - წერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი. მისივე თანახმად, სოფლებში, სადაც რუსული დახმარება დარიგდა, მოსახლეობა საგრძნობლად შემცირებულია და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. „შესაბამისად, დიდია მათი კეთილგანწყობის მარტივად მოპოვების ალბათობა“, - მიიჩნევენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ საერთაშორისო აქტორებთან ერთად გამოიყენოს ყველა ბერკეტი და შეიმუშაოს ადგილობრივ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სპეციალური პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.   საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში, მათი კომენტარი მასალაში აისახება.

მედიის ცნობით, ოკუპირებული გალის მცხოვრების გაუჩინარებასთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს ოჩამჩირელი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც, სავარაუდოდ, კავშირი აქვს ახალგაზრდა გოგოს გაუჩინარებასთან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ ოკუპირებული აფხაზეთიდან აცნობა. წყაროს ცნობით, დაკავებულის დაკითხვა ოკუპირებულ სოხუმში მიმდინარეობს და ის ჯერჯერობით დუმილის უფლებას ინარჩუნებს. შვილის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობების საპასუხოდ, გაუჩინარებულის დედამ Facebook-ზე დაწერა, რომ „მისი შვილი ცოცხალია და ბიჭი, რომელმაც ის მოიტაცა, დაკავებულია." რას ეფუძნება ეს ინფორმაცია, დედას არ დაუკონკრეტებია. ოკუპირებული გალის მცხოვრები (ნ.ბ) 28 ივლისს გაუჩინარდა. მისმა დედამ 31 ივლისს სოციალური ქსელით დახმარება ითხოვა, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ე.წ. სახალხო დამცველ ანას ქიშმარიასგან. ქიშმარია გაუჩინარებული გოგოს დედას პირველ აგვისტოს შეხვდა და განუცხადა რომ კავშირი აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან, რომლებიც ყველა ზომას მიმართავენ ახალგაზრდის მოსაძებნად.  

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „პროკურატურამ“ დაადასტურა, რომ გალში დაკარგული ახალგაზრდა მოკლულია

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალიდან გაუჩინარებული ნათია ბახტაძის ცხედარს ეძებენ. მისი მკვლელობის ფაქტი დღეს, 3 აგვისტოს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა „პროკურატურამ“ დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, ნათია ბახტაძის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულია ოჩამჩირის მცხოვრები, 1998 წელს დაბადებული აინარ წვიჟბა. გამოძიების თანახმად, 2023 წლის 28 ივლისს, წვიჟბამ ნათია ბახტაძე „ლექსუსის“ მარკის ავტომობილში მოკლა. მკვლელობის მოტივი დაკონკრეტებული არ არის. მედიის ცნობით, ოკუპირებული გალის მცხოვრების გაუჩინარებასთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „პროკურატურის“ ცნობით, ეჭვმიტანილმა მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ გვამი გადააგდო მდინარე ენგურზე მდებარე ვარდნილჰესი 3-თან. „ამჟამად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები მოკლული ბახტაძის გვამის აღმოსაჩენად,“ - ნათქვამია დე ფაქტო პროკურატურის განცხადებაში. ეჭვმიტანილს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

გამახარიას თქმით, ჟენევაში ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება, რომ IPRM-ის ფორმატი აღდგეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) დიალოგის აღდგენის შესახებ შეთანხმება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე ფაქტობრივად მიღწეულია. „არსებობს ჟენევის ფორმატი, რომელიც ერთადერთი ადგილია, სადაც აფხაზური, ოსური მხარეები პიროვნულად მონაწილეობენ, ისინი არ მონაწილეობენ, მაგალითად, როგორც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან რაღაც უწყების წარმომადგენლები, ისინი იქ პიროვნულად მონაწილეობენ. კიდევ ე.წ. გალის ფორმატი არსებობდა, კონფლიქტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც 2008 წლიდან აფხაზური მხარის პოზიციის გამო არ ფუნქციონირებს. ჟენევაში, ფაქტობრივად, უკვე მიღწეულია შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფორმატი აღდგეს. აქ სხვა საკითხი წარმოიშვა - ქართული მხარე არ აპირებს საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს და რაღაც შტამპი ჩაურტყან. ამ ფაქტორმა ფორმატის განახლება რამდენიმე თვით შეაფერხა. ახლახან გალის დე ფაქტო გამგებლის, ფილიას განცხადება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ენგურისპირას, იქითა მხარეს, რაღაც სივრცის მოწყობა მიმდინარეობს, სადაც ეს შეხვედრები გაიმართება. ესეც ჟენევის ფორმატის შემადგენელი ნაწილია,” – განაცხადა გამახარიამ. ჯემალ გამახარია აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებით არანაირად არ იცვლებ პოლიტიკა. „ალბათ, მოისმინეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასება ამასთან დაკავშირებით. მგონი, ეს საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ მე, როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიდასტურებთ, რომ პოლიტიკის არანაირ ცვლილებას, არანაირი ახალი ფორმატის ჩამოყალიბებას ადგილი არ აქვს," - განაცხადა გამახარიამ. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის გამართვა 5-6 დეკემბერს იგეგმება. მანამდე, კონსტანტინე ფილიამ, ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამზადებენ სივრცეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრის გასამართად. საგარეო უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრა 2018 წლიდან არ გამართულა. თბილისი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან დიალოგს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში აწარმოებს. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლები.  

ლაშა დარსალია: გალის ფორმატი უნდა ჩატარდეს იმ სახით, როგორც ამას ითვალისწინებს ჟენევის დოკუმენტები, არანაირ პირობებს არ განვიხილავთ

გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრები ჟენევის ფორმატის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ყოველგვარი პირობების წაყენება ქართული მხარისთვის მიუღებელია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა. დარსალიას თქმით, ეს ფორმატი უნდა ჩატარდეს იმ სახით, როგორც ამას ითვალისწინებს ჟენევის დოკუმენტები და ქართული მხარე არანაირ პირობებს არ განიხილავს. „აქ ამ თემის არანაირი განხილვა არ ყოფილა. ხვალ იქნება განხილვა. მესმის სხვადასხვა სპეკულაცია ამ თემაზე და მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ვისაც საერთოდ არ აქვს შეხება ამ თემასთან, ნუ სპეკულირებენ ამ თემაზე, ეს მხოლოდ დამაზიანებელია. გალის აიპიარემი მნიშვნელოვანი ნაწილია ჟენევის ფორმატის, მაგრამ ყოველგვარი პირობების წაყენება ქართული მხარისთვის მიუღებელია. ეს ფორმატი უნდა ჩატარდეს იმ სახით, როგორც ამას ითვალისწინებს ჟენევის დოკუმენტები. ნებისმიერი პირობის წაყენება ცალსახად მიუღებელია ქართული მხარისთვის და არანაირ პირობებს ჩვენ არ განვიხილავთ. ერთადერთი პირობა ისაა, რომ გალის აიპიარემის ფორმატი უნდა აღდგეს იმ ფორმატით, რასაც ითვალისწინებს შეთანხმებული დოკუმენტები. აქვე გეტყვით, რომ ქართული მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უნდა იყოს განხილული, პირველ რიგში არის დაკავებების თემა. ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, რომ ყველა დაკავებული ადამიანი, ვინც დღესაა ციხეებში, იყოს გათავისუფლებული,“ – განაცხადა ლაშა დარსალიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით ჟენევაში იმყოფება. დღევანდელი დღე თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხევდრებს დაეთმობა, ხვალ კი, ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი ოფიციალურად დაიწყება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) დიალოგის აღდგენის შესახებ შეთანხმება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე ფაქტობრივად მიღწეულია.