თეგი: გამოფენა

პრეზიდენტი: ვიცი, რომ ეს რთული დღეები გაივლის და ამ ომის შემდეგ უკრაინა აღდგება უფრო ძლიერი და უფრო შემართებული

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში უკრაინელ ხელოვან ქალთა ნამუშევრების გამოფენას ,,ჩამოქცეული ცა“ უმასპინძლა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  გამოფენის მიზანი ქართველი ხალხის მიერ უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა და თავად, ხელოვანების მხრიდან კი, ეს ომის წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი მანიფესტია. „ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, აქ, ორბელიანების სასახლეში ვუმასპნძლოთ პირველ გამოფენას, ვიცი შემდეგ კიდევ იქნება სხვადასხვა გამოფენები და გამოფენა-გაყიდვები სხვა გალერიებშიც, მაგრამ აქ გამოფენას სხვა დატვირთვა აქვს. ეს სწორედ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების გამოხატვაა არა მხოლოდ თქვენ მიმართ, არამედ თქვენი ქვეყნისა და იმ მდგომარეობის მიმართ, რომელშიც დღეს თქვენი ქვეყანა იმყოფება. თქვენი აქ ყოფნა, ამ გამოფენის გამართვა უკვე განაცხადია; განაცხადია იმისა, რომ ჩვენ თქვენთან ვდგავართ და ვიცით, რა მძიმე ფასს იხდის თქვენი ქვეყანა ამ საერთო მიმართულებაში, რასაც ჩვენი ერთობლივი, ევროპული გზა ჰქვია. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ერთად და რაც შეიძლება სწრაფად ვიაროთ ამ გზაზე, რადგან ნამდვილი უსაფრთხოება რეალურად მიღწეულია, როცა იმ ოჯახში ხარ, სადაც ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთის უსაფრთხოებაზე ზრუნავს ყველა. ეს ჩვენი მომავალია! მე ამ მომავალს გისურვებთ თქვენ და ვუსურვებ ჩვენს ხალხს! ვიცი, რომ ეს რთული დღეები გაივლის და ვიცი, რომ ამ ომის შემდეგ უკრაინა აღდგება უფრო ძლიერი და უფრო შემართებული!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს უკრაინის დახმარებისა და ამ ტრაგიკულ მომენტში, უკრაინული კულტურის მხარდაჭერისთვის. „დიდება უკრაინასა და საქართველოს! დიდება იმ გმირებს, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს იცავენ! ერთად გავიმარჯვებთ!“- განაცხადა კასიანოვმა. ორბელიანების სასახლეში გამოიფინა ლიუბოვ დუშინას, ოლგა ლისიცკას, ირინა ვინიჩენკოს, პოლინა ბალაცკოს, ევა კოჟარინოვას, ანასტასია კლიმენკოს, ნიკა ხვოროსტენკოს, ნატალია კოსსის ნამუშევრები.  

Laughter for laughter And Sorrow for lies - ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენა

დღეს, 2 დეკემბერს, 19:00-22:00 საათზე ობსკურა ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენას წარმოგიდგენთ, რომელიც ნაჩუქარი ნივთებისგან შეიქმნა. საჩუქრებმა ჯერ თავის სახლში, შემდეგ სახელოსნოში, ბოლოს კი გამოფენისკენ გადაინაცვლა… მაგრამ რა კავშირი აქვს ამას სახელთან „სიცილი სიცილისთვის და მწუხარება სიცრუისთვის“? დეტალების გასარკვევად „მარკეტერი“ ნესტან აბდუშელიშვილს ესაუბრა. ამ ინტერვიუს Europetime უცვლელად გთავაზობთ. _მოგვიყევით, რა არის გამოფენის Laughter for laughter And Sorrow for lies კონცეფცია?  გამოფენა საგნებზეა, რომლებიც მე დროთა განმავლობაში შევაგროვე. ეს საგნები სხვადასხვა ადამიანის საჩუქრებია — ისინი ჯერ ჩემს სახლში დაგროვდა, შემდეგ კი სახელოსნოში გადაინაცვლა. ამ ნივთებმა იმ ადამიანებზე დამაფიქრა, ვისგანაც მივიღე ისინი, ურთიერთობებზე და ისტორიებზე, რაც მათთან მაკავშირებს… გამოფენის გაკეთება კი სოფო კობიძემ _ _რატომ აირჩიეთ სახელი „სიცილი სიცილისთვის და მწუხარება სიცრუისთვის“? გამოფენის სახელი შუა საუკუნეების სკანდინავიური პოემიდან არის ამოღებული, რომელიც მარსელ მოსის წიგნ Gift-ში არის ციტირებული, იგი არქაული ცივილიზაციების დროიდან ადამიანებს შორის საჩუქრის ჩუქების თეორიას განსაზღვრავს. პოემის ამ ნაწილში ავტორი მეგობრობაზე, ორი ადამიანის ურთიერთობაზე და ემოციების გაცვლაზე საუბრობს და სწორედ ამაზე არის ჩემი გამოფენა.  _ნესტან, რა ტიპის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე? გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტო-ნამუშევრები. ობიექტების ახლო ხედები. ამას ჩემს სახელოსნოში თითქმის ორი წელია ვაკეთებ და მინდოდა რაღაც დროს დასრულებულიყო. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ამ გამოფენისთვის ახალი ნამუშევრები გავაკეთე იგივე პრაქტიკიდან, მაგრამ სივრციდან გამომდინარე. კედლების ფაქტურების ნაირსახეობამ უფრო კონკრეტული მიმართულებები მომცა. _როგორც გავიგეთ, როგორც ხელოვანი, ნივთებს თითქოს ფოტოგრაფიის მთავარი პრინციპის, decisive moment-ის საწინააღმდეგოდ აღბეჭდავთ, რატომ იქცევით ასე? Decisive moment კარტიე ბრესონის მიხედვით ჯადოსნურ წამში იდეალური გამოსახულების ჩატევაა. ჩემთვის ეს უფრო სისწრაფესთან და შემთხვევითობასთან ასოცირდება, რაზეც დოკუმენტური ფოტოგრაფია დგას. ამისგან გასათავისუფლებლად დიდი დრო დამჭირდა, განსაკუთრებით სწავლის პერიოდში. ამ ნამუშევრებში კი პირიქით მინდოდა გამოსულიყო, რადგან უფრო გამოგონილ სამყაროსა და შენელებულ დროს მინდოდა შევხებოდი. _გაგვიზიარეთ, როგორია თქვენთვის ნამუშევრების შექმნის პროცესი? შექმნის პროცესი ყველაზე დიდი ადრენალინია, მეტაფიზიკურ დონეზე, არ ვიცი, როგორ უნდა ავხსნა… ტექნიკურად კი ძალიან ქაოტურია, ყველაფერი თავზე მაყრია, ყველაფერს ვკარგავ, ერთი იდეიდან სწრაფად გადავდივარ მეორეზე და თან დამაქვს მთელი ასხმა, რაც გადასაღებად მჭირდება. ეს შეიძლება იყოს როგორც კამერა, ისე რაიმე მძიმე ავეჯი, გააჩნია, რას ვიღებ. ბევრს ვმუშაობ და, შესაბამისად, დიდი რაოდენობა მაქვს ნამუშევრების, რომლებიც არ მომწონს, მაგრამ შეიძლება ერთი წლის შემდეგ მომეწონოს… შერჩევა კიდევ მუშაობის ცალკე ნაწილია, რომელ ნამუშევრებს გააგრძელებინო სიცოცხლე, ამას კიდევ ცალკე დაფიქრება სჭირდება.  _და ბოლოს, რა გეგმები გაქვთ მომავალში? შემდეგ პროექტს სხვა ფოტოგრაფთან ერთად ვგეგმავ. 50-იანი წლების ექსპერიმენტის გამეორებას ვაპირებთ, დანარჩენს კი მოგვიანებით მოგიყვებით… ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენა Laughter for laughter And Sorrow for lies დღეს 19:00-ზე გაიხსნება და 9 დეკემბრამდე გაგრძელდება. ნამუშევრების ნახვას პავლე ინგოროყვას 16 ნომერში შეძლებთ. marketer.ge