თეგი: ემიგრანტები

პრეზიდენტი ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებთან ონლაინ შეხვედრას გამართავს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, 8 ნოემბერს დაწყებული ხელმოწერების კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში 10 დეკემბერს, პრეზიდენტი Zoom პლატფორმის მეშვეობით შეხვედრას გამართავს ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებთან.  „შეხვედრის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა საქართველოდან მიაწვდინოს ხმა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ქვეყნების ლიდერებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თხოვნით.   კამპანიის მიზანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ ევროპას ჩვენი საზოგადოების ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ერთ-ერთი განცხადებაში, სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ უნდა გაიზარდოს საზღვარგარეთ მყოფი იმ თანამემამულეების რაოდენობა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ.  

საქსტატი: 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას წარმოადგენს. „2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და მან 205 857 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2023 წელს, იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.