თეგი: ენერგოომბუდსმენი

სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში მიმართონ უშუალოდ სემეკ-ს, ან ენერგოომბუდსმენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოუწოდებს მოქალაქეებს, კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში მიმართონ უშუალოდ სემეკ-ს ან ენერგოომბუდსმენს, შემდგომი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. როგორც სემეკ-ში აცხადებენ, ბოლო დღეების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მოქალაქეებს მოუწოდებს კომუნალური გადასახადის გასაჩივრებისთვის დაუკავშირდნენ პარტიას. „ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მოქალაქეებს ჰპირდება საკითხის გასაჩივრებაში დახმარებას. თუმცა, დღემდე მათი მხრიდან არც სემეკ-ში და არც ენერგოომბუდსმენის სამსახურში მოქალაქეთა კომუნალურ გადასახადებზე განცხადება/საჩივარი არ არის შემოსული. როგორც მოქალაქეებისთვის ცნობილია, სემეკ-ის სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ. აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში გადამოწმდება 2021 წლის პირველი დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე  პერიოდში ყველა აბონენტზე განხორციელებული დარიცხვა მიუხედავად იმისა, მომხმარებელმა მომართა თუ არა განცხადებით სემეკ-ს. მომხმარებელს თუ სურვილი აქვს, რომ მისი განცხადების საფუძველზე მოხდეს კომუნალური მომსახურების კომპანიის მხრიდან განხორციელებული დარიცხვის შესწავლა, მომართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს. სემეკ-თან დაკავშირება შესაძლებელია როგორც ქოლცენტრის საშუალებით, ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან), ასევე Facebook-ზე სემეკ-ის გვერდის საშუალებით. გარდა ამისა, წერილის ან განცხადების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mail@gnerc.org“, – აცხადებენ სემეკ-ში.

გამათბობლებთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენი მოსახლეობას აფრთხილებს

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ ცივი სეზონის დადგომისთანავე, გაზის დანადგარები და შიდა ქსელები სპეციალისტებს შეამოწმებინონ. როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ განმარტა, არის რისკი, რომ შესაძლოა, გაზის დანადგარები არასწორად იყოს განთავსებული საცხოვრებელ ფართში ან კუსტარულად დამონტაჟებული იყოს. „ჯერ კიდევ არის როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონული ქალაქების მასშტაბით ის რისკი, რომ შესაძლოა, გაზის დანადგარები არასწორად იყოს განთავსებული საცხოვრებელ ფართში ან ისეთი დანადგარები იყოს, რომელიც იქ არ უნდა არსებობდეს ან კუსტარულად დამონტაჟებული იყოს, ქსელი არასწორად იყოს გაყვანილი და ა.შ. საფრთხე არის მრავალი. ცივი სეზონი პიკში შედის და ახლა ყველამ გათბობა უნდა ჩართოს. პირველ რიგში, ჩემი რეკომენდაცია არის ის, რომ გამათბობელი, თუნდაც ცენტრალური, რასაც წარმოვიდგენთ, რომ არის უსაფრთხო, ყველამ შეამოწმოს ცივი სეზონის დადგომისთანავე და მის ჩართვამდე. ეს არის უსაფრთხოების კულტურის წესი, რომელიც კარგია, რომ ჩვენს კულტურაში დავამკვიდროთ. კომპანიის ვალდებულება წელიწადში ერთხელ ტექნიკურ შემოწმებაზე ძალაში რჩება. ჩვენ ამას ძალიან მკაცრ მონიტორინგს ვუტარებთ. ეს კომპანიის მხრიდან გაკეთდება, მაგრამ მოწყობილობის შემოწმება ყოველთვის არის მომხმარებლის ვალდებულება. ყოველი ცივი სეზონის დადგომისთანავე გაზის დანადგარები და შიდა ქსელები შევამოწმებინოთ“, - განაცხადა ვარდიაშვილმა. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც საცხოვრებელ ფართებში განთავსებულია ისეთი დანადგარები, რომელიც დაუშვებელია დახურულ სივრცეში იყოს. სალომე ვარდიაშვილის განმარტებით, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ღია წვის წყლის გამაცხელებელი, რომლის ნამწვი ბინაში არ უნდა დაგროვდეს. „ეს პირდაპირ იწვევს სიკვდილს იმ შემთხვევაში, თუ იმ რაოდენობის CO დაგროვდება, რაც ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის წარმოუდგენელია. ეს არის ისეთი ტიპის დანადგარი, რომელიც არ შეიძლება დახურულ ფართში არსებობდეს. ის არის მხოლოდ ღია მოხმარებისთვის“,-განაცხადა ვარდიაშვილმა IPN-ის ცნობით. მისი თქმით, „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით ს მოქალაქეებს მოწყობილობების შემოწმებას სრულიად უფასოდ სთავაზობს.  

2022 წელს, მხუთავი აირისგან ინტოქსიკაციის 76 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი - ენერგოომბუდსმენის ანგარიში

2022 წელს მთლიანობაში ბუნებრივი გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირისგან ინტოქსიკაციის 76 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი. ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის ანგარიშშია ნათქვამი. „2022 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა 3 მოქალაქე, აფეთქების შემთხვევებიდან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა. 2022 წელს მთლიანობაში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირისგან ინტოქსიკაციის 76 შემთხვევა, გარდაიცვალა 15 ადამიანი,” - ნათქვამია ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის წყლით სისტემური მომარაგების საკითხი დღემდე მოუგვარებელია. „დახარჯულია მრავალი მილიონი ლარი, თუმცა მოსახლეობა კვლავ აწყდება ყოფით პრობლემებს. იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც არ არსებობს 24/7 წყალმომარაგება, მოსახლეობა აგროვებს, ინახავს წყალს. რეგიონებს შორის დიდი სხვაობაა – ბევრ ქალაქსა და სოფელს სასმელი წყალი მიეწოდება შეზღუდულად, განრიგის მიხედვით. აღნიშნული გარემოება, უმრავლეს შემთხვევაში, გამოწვეულია მწყობრიდან გამოსული და მოძველებული ქსელით და, შესაბამისად, ამორტიზირებული ინფრასტრუქტურის გამოცვლა წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წყალმომარაგების სექტორში,” – ნათქვამია ანგარიშში. დედაქალაქში მოქმედი ლიცენზიატი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში დაფიქსირებული წყლის წყვეტის ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო წყალმომარაგების ქსელებზე მიმდინარე საავარიო/აღდგენითი და გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები. ანაგრიშის მიხედვით, კომპანია უყურადღებოდ არ ტოვებს აღნიშნული კატეგორიის საქმეებს, თუმცა პრაქტიკული საქმეების შესწავლამ ცხადყო, რომ ჩატარებული ტექნიკური სამუშაოების დიდი ნაწილი ატარებს ერთჯერად ხასიათს, ანუ, პრობლემა გვარდება იმ მომენტისთვის და შესაძლებელია, გამეორდეს. ანაგრიშის მიხედვით, ენერგოომბუდსმენისთვის შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, საანგარიშო წლის განმავლობაში კომპანიის შესაბამის სამსახურებში დაფიქსირდა 2 4891 შეტყობინება  თბილისში წყალარინების ქსელის გაუმართაობასთან დაკავშირებით. „აღნიშნული რიცხვი ნათლად ასახავს, თუ რა პრობლემების წინაშე დგას დედაქალაქის მოსახლეობა. ზემოხსენებული სტატისტიკური მონაცემებზე დაყრდნობით, დღეში საშუალოდ 68 შეტყობინება დაფიქსირდა. წყალარინების გაუმართაობა, რა თქმა უნდა, საჭიროებს დაუყოვნებლივ, სწრაფ რეაგირებას. თუ რამდენად უმკლავდება კომპანია თავისი რესურსებით (წარმოდგენილი ინფორმაციით, 15 ბრიგადა, სამუშაოს სხვადასხვა სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელთა შემადგენლობაში შედის 188 თანამშრომელი) პრობლემური საკითხების გადაწყვეტას, შეგვიძლია დავასკვნათ მომხმარებლების კმაყოფილების შეფასებით, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე მაღალია,“- ნათქვამია ანაგარიშში.