თეგი: მონტენეგრო

ალბანეთისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები უკრინაში ჩავიდნენ

მონტენეგროს პრემიერ მინისტრი დრიტან აბაზოვიჩი და ალბანეთის პრემიერ მინისტრი ედი რამა უკრაინაში, ირპენსა და ბოროდიანკას ეწვივნენ. შესაბამისი ინფორმაცია პრეზიდენტ ზელენსკის Facebook- გვერდზე განთავსდა. თავის მხრივ, აბაზოვიჩმა ვიზიტისადმი მიძღვნილ Facebook პოსტში აღნიშნა, რომ მონტენეგრო უკრაინისთვის ამ რთულ დროს დახმარებას განაგრძობს. ბოროდიანკაში ვიზიტისას აბაზოვიჩმა განაცხადა, რომ გათავისუფლებულ დასახლებაში „ომის ჯოჯოხეთური შედეგები“ ჩანს. კიევის რეგიონის ირპენის, ბუჩას და ჰოსტომელის დასახლებები რუსი ოკუპანტებისგან აპრილის დასაწყისში განთავისუფლდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მონტენეგროს პარლამენტმა აბაზოვიჩის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

მონტენეგროს პარლამენტმა დრიტან აბაზოვიჩის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. კენჭისყრა სოციალისტების დემოკრატიული პარტიის (DPS) ინიციატივით გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი ხელმძღვანელობდა. კენჭისყრის შედეგები  დღეს CdM პორტალმა გამოაცხადა. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების წინადადება სოციალისტების დემოკრატიული პარტიის, ლიბერალური პარტიის, სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და ალბანელთა დემოკრატიული კავშირის 36 წარმომადგენელმა წამოაყენა მონტენეგროს 43-ე მთავრობის ქმედებების განხილვა 12 საათს გაგრძელდა, რის შედეგადაც 51 დეპუტატიდან 50-მა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.  კენჭისყრის შედეგებზე გავლენა იქონია იმან, რომ აბაზოვიჩმა მონტენეგროს ევროინტეგრაციის შესახებ, ნაკისრი ვალდებულებები ას დღეში არ შეასრულა. ქვეყანა 2010 წლიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები კი 2012 წლიდან მიმდინარეობს. ევროკავშირის განცხადებით, მონტენეგროს სჭირდება ღრმა რეფორმები კანონის უზენაესობის მშენებლობის, კონკურენტული ეკონომიკის განვითარების, რეგიონული თანამშრომლობისა და შერიგების სფეროებში. მთავრობა აბაზოვიჩის მეთაურობით 28 აპრილს ჩამოყალიბდა. მანამდე, 4 თებერვალს მონტენეგროს პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე ზდრავკო კრივოკაპიჩის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.  

მონტენეგროში სამთავრობო სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა

მონტენეგროს ციფრულ ინფრასტრუქტურაზე უპრეცედენტო კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ სახელმწიფო მმართველობის მინისტრმა მარას დუკაიმ Twitter-ზე დაწერა.   „ზოგიერთი სერვისი უსაფრთხოების მიზნით დროებით გათიშულია, მაგრამ მოქალაქეებისა და კომპანიების საკუთრებაში არსებული ანგარიშებისა და მათი მონაცემების უსაფრთხოება არ დაზიანებულა“, - ნათქვამია განცხადებაში. დუკეიმ განაცხადა, რომ კიბერშეტევა, რომელიც ხუთშაბათს საღამოს დაიწყო, 2015 და 2016 წლების თავდასხმების მსგავსი იყო. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ამის შესახებ მონტენეგრომ მოკავშირეებს აცნობა. ჰაკერული თავდასხმები მონტენეგროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ციფრულ ინფრასტრუქტურაზე პირველად 2016 წლის არჩევნების დღეს განხორციელდა. კიბერშეტევა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა  2017 წელს, როდესაც ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებას აპირებდა.  

ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და მონტენეგროს შორის კონსულტაციები გაიმართა

ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და მონტენეგროს შორის კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრა თბილისში შედგა. ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო მონტენეგროს მხარეს – ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანი ალექსანდარ მაშკოვიჩი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონსულტაციების ძირითად საკითხს წარმოადგენდა საქართველო-მონტენეგროს შორის ევროინტეგრაციის კუთხით არსებული გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარების ხელშეწყობა. თეიმურაზ ჯანჯალიამ მონტენეგროელ კოლეგას გააცნო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი, როგორც ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების, ისე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით. თავის მხრივ, მონტენეგროს სახელმწიფო მდივანმა ქართულ მხარეს გაუზიარა ინფორმაცია ევროკავშირთან მონტენეგროს ინტეგრაციის დინამიკაზე. „ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მომავალში ევროინტეგრაციის მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე, ორი ქვეყნის სექტორულ უწყებებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობაზე, ახალი სამუშაო ფორმატების ჩამოყალიბებისა და მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვის მნიშვნელობაზე. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია და მოსაზრებები ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო რეგიონული დაკავშირებადობის სტრატეგიულ საკითხებს, მათ შორის, შავი და ადრიატიკის ზღვების სავაჭრო-სატრანზიტო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პოტენციალს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.    

ზელენსკიმ და მონტენეგროს პრემიერმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა დრიტან აბაზოვიჩმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ზელენსკი პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩს ვიდეოკონფერენციის საშუალებით ესაუბრა. „დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებები მთელ მსოფლიოში გაიგებენ, რომ შეუძლებელია სიკეთისა და ბოროტების დაბალანსება, ბოროტებას თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ. დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად გავაკეთებთ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან მოუწოდა მონტენეგროს პარლამენტს, შეუერთდეს სხვა ქვეყნების პარლამენტებს და აღიარონ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ზელენსკიმ უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო დარტყმის შესახებაც ისაუბრა, რამაც მისი თქმით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ აპირებს, შეაჩეროს თავისი აგრესიული ქმედებები.

მონტენეგროს იონი-ადრიატიკის მილსადენი, შესაძლოა, ტრანსადრიატიკის გაზსადენს დაუკავშირდეს

მონტენეგრო ბარის პორტის გავლით, აზერბაიჯანულ გაზზე წვდომითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დრიტან აბაზოვიჩმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ იონი-ადრიატიკის მილსადენის (IAP) პროექტის განხორციელება დიდ წვლილს შეიტანს ენერგიის წყაროების სტაბილურობასა და დივერსიფიკაციაში. მისივე თქმით, ეს საშუალებას მისცემს მონტენეგროსა და მეზობელ ქვეყნებს, კასპიის რეგიონსა და დასავლეთ ევროპას შორის ხიდის როლი შეასრულონ. IAP-ის მარშრუტი ასევე გაივლის მონტენეგროს ტერიტორიაზე. შემოთავაზებული იონიურ-ადრიატიკის მილსადენი შესაძლია ტრანსადრიატიკის მილსადენს (TAP) დაუკავშურდეს, რათა გაზის ტრანსპორტირება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში განხორციელდეს. 516 კილომეტრიანი მილსადენი გაივლის ალბანეთს, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცეგოვინას და დასრულდება ხორვატიაში. მილსადენის გამტარუნარიანობა იქნება ხუთი მილიარდი კუბური მეტრი გაზი წელიწადში. TAP-მა უკვე გააფორმა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმები ამ პროექტის შემქმნელებთან, კერძოდ, [Plinacro (ხორვატია), BH-Gas (ბოსნია და ჰერცეგოვინა), GeoplinPlinovodi (სლოვენია),] ასევე მონტენეგროსა და ალბანეთის მთავრობებთან. შექმნილია TAP-ისა და IAP-ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგულარულად იკრიბება კავშირის ტექნიკურ საკითხებზე შესათანხმებლად. მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მიესალმა აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას, რომელიც 2027 წლისთვის ქვეყნიდან გაზის მიწოდების გაორმაგებას ითვალისწინებს.  

მონტენეგროს საპრეზიდენტო არჩევნებში მოძრაობის - „ევროპა დღეს“ კანდიდატი იმარჯვებს

მონტენეგროს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, იაკოვ მილატოვიჩმა, კვირას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების ნახევარზე მეტი, 60,1% მოიპოვა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მოქმედმა პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა - 39,9%.  37 წლის მილატოვიჩს განათლება დასავლეთში აქვს მიღებული. მისი საარჩევნო დაპირების თანახმად, გაუმჯობესდება ცხოვრების დონე და გაძლიერდება კავშირები ევროკავშირთან.  „ამ დღეს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ველოდებოდით“, - განუცხადა მილატოვიჩმა მომხრეებს დედაქალაქ პოდგორიცაში, მისი მემარჯვენე ცენტრისტული მოძრაობის (Europe Now Movement) შტაბ-ბინაში. „მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ წავიყვანეთ მონტენეგროს ევროკავშირისკენ”, - აღნიშნა მილატოვიჩმა. 16 მარტს პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა პარლამენტი დაითხოვა. მანამდე კი, პარლამენტში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას 90 დღის განმავლობაში ვერ მიაღწიეს.  

მონტენეგროს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად პროდასავლური ლიდერი წარადგინა

10 აგვისტოს მონტენეგროს პრეზიდენტმა, იაკოვ მილატოვიჩმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, პროდასავლური პარტიის ლიდერი, 36 წლის მილოიკო სპაიჩი წარადგინა. ახლა მას 90 დღე აქვს ახალი მთავრობის ფორმირებისთვის. სპაიჩი და მილატოვიჩის ლიდერობით, მოძრაობამ - „ახლა ევროპა" (PES), ივნისის ვადამდელ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. მონტენეგროს დიდი ხნის მმართველმა, მილო ჯუკანოვიჩმა, აპრილში საპრეზიდენტო არჩევნები წააგო და სამი ათეული წლის შემდეგ გადადგა. მონტენეგრო NATO-ში 2017 წელს გაწევრიანდა და 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევს მხარი დაუჭირა.  

მონტენეგრო უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ დეკლარაციას შეუერთდა

მონტენეგრო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ზელენსკი ათენში უკრაინა-ბალკანეთის სამიტის ფარგლებში შეხვდა მონტენეგროს პრეზიდენტს, იაკოვ მილატოვიჩს და მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის. ხსენებულ დეკლარაციას ბოლო დღეების განმავლობაში შეუერთდნენ საბერძნეთი, კოსოვო, ბულგარეთი, ლუქსემბურგი. ჩრდილოეთ მაკედონია. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ორმა ლიდერმა განიხილა მონტენეგროს დახმარება უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელებაში, მშვიდობის გლობალური სამიტის წინ, რომლის ჩატარებაც კიევს შემოდგომაზე სურს. ზელენსკიმ და მილატოვიჩმა ასევე განიხილეს უკრაინასა და მონტენეგროს შორის ორმხრივი თანამშრომლობა და, კერძოდ, უკრაინელი ლტოლვილების დახმარების საკითხი. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინა თითოეულ სახელმწიფოსთან დაიწყებს ორმხრივ მოლაპარაკებებს უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებზე და ხელს მოაწერს შესაბამის ორმხრივ შეთანხმებებს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან  ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.  

მონტენეგრომ FSB-ის ყოფილი პოლკოვნიკის რუსეთში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა - მედია

მედიის ცნობით, მონტენეგროს ხელისუფლებამ FSB-ის ყოფილი პოლკოვნიკის, დიმიტრი სენინის რუსეთში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ პოდგორიცაში სამხედრო სასამართლოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც სენინის საქმეს დაუსწრებლად განიხილავს. დიმიტრი სენინმა, რომელიც საერთაშორისო ორდერის საფუძველზე 2021 წლის ივნისში დააკავეს, პოლიტიკური თავშესაფარი მონტენეგროში მიიღო, რადგან მას რუსეთის ფედერაციაში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ. რუსეთში სენინს დეზერტირობაში ედება ბრალი, რაც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სენინმა რუსეთი 2017 წლის თებერვალში დატოვა ყალბი პასპორტი დატოვა. მოგვიანებით, 2021 წლის 28 ივნისს, მისი სახელი საერთაშორისო ძებნილთა სიას დაემატა, ხოლო 2022 წლის 4 სექტემბერს სენინი მონტენეგროში საერთაშორისო ორდერის საფუძველზე დააკავეს. რუსმა პროკურორებმა ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა წარადგინეს, რაზეც მონტენეგრომ უარი განაცხადა, რადგან FSB-ის ყოფილმა პოლკოვნიკმა უკვე ლტოლვილის სტატუსი მიიღო.  

საქართველოს მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი ეწვია

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი დრიტან აბაზოვიჩი ეწვია. მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე დახვდა. დრიტან აბაზოვიჩი ქვეყანას დელეგაციასთან ერთად ეწვია. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.  

მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი თბილისში: მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს ევროკავშირს

მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა, დრიტან აბაზოვიჩმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მონტენეგრო, ისევე როგორც საქართველო, ცდილობს, ხიდის როლი შეასრულოს, დააახლოოს მეზობლები, დააახლოოს ადამიანები და დაინახოს შესაძლებლობები. „როგორ შეიძლება, მომავალში უფრო მეტი სიბრძნე და ჭკუა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ ევროპის დანარჩენი ნაწილისთვის კარგი გავაკეთოთ. იდეა ძალიან მარტივია. ჩვენ არ შეგვიძლია, შევცვალოთ წარსული, ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ მხოლოდ მომავალი, ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და ის, რაც ჩვენი ვალდებულებაა, არის ის, რომ შევცვალოთ მომავალი. შევცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ, რომ ხელი შევუწყოთ მეტ მშვიდობას, მეტ სტაბილურობას, მეტ კარგ პროექტს, მეტ ინფრასტრუქტურას და ადამიანების დაახლოებას. განსაკუთრებით მივულოცავ ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან დღეს აქ ერთად შეკრიბა ჩვენი ორი კოლეგა ჩვენი მეგობრები, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები, მონტენეგროს ორი მეგობარი ქვეყნის პრემიერები და ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გზა იმისთვის, რომ ვისაუბროთ მომავალ მნიშვნელოვან პროექტებზე. მნიშვნელოვანზე არამხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ ასევე ევროპისა და აზიისთვის. დღეს, გლობალიზებულ სამყაროში, არ არის მნიშვნელოვანი, რამდენად დიდია ქვეყანა, მნიშვნელოვანია, რამდენად დიდია იდეა, რომელიც გვაქვს და რომლის ხელშეწყობაც და მიღებაც შეგვიძლია. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ წვდომაზე, ვისაუბროთ გზებზე, აეროპორტებსა და პორტებზე. და ამ აზრით, ყოველი ინიციატივა, „აბრეშუმის გზა“, ყველაფერი, რის შესახებაც ჩვენ დღეს აქ მოვისმინეთ ჩვენი კოლეგებისაგან და ამ ფორუმის განმავლობაში იქნება გადამწყვეტად მნიშვნელოვანი მომავლისთვის და მშვიდობისთვის. მშვიდობის გარეშე პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა არ არსებობს,“ - განაცხადა მონტენეგროს პრემიერმა. იქედან გამომდინარე, რომ დღეს მსოფლიო დიდი გლობალური გამოწვევების წინაშე დგას, დრიტან აბაზოვიჩმა კონფლიქტების დიალოგის გზით გადაჭრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ამჟამად ძალიან ცუდი სიტუაციაა და ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის. უნდა დავსხდეთ, ვისაუბროთ იმისთვის, რომ ვნახოთ გამოსავალი. პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობა მიუღებელია. ეს არის აზროვნების პრიმიტიული გზა. ძალადობა არ არის იარაღი, ადამიანების მოკვლა, ინფრასტრუქტურის, სახლების განადგურება არ არის იარაღი. იარაღი არის დიპლომატიის გამოყენება, ერთად დასხდომა და გამოსავლის პოვნა, შესაძლოა, ამას მეტი დრო სჭირდება, მაგრამ უკეთესი შედეგი აქვს,“ - აღნიშნა მონტენეგროს პრემიერმა. მონტენეგრო მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს ევროკავშირს. „ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკა, ძალიან მკაფიო მიზანი, რომ ევროკავშირის პირველი ახალი წევრი გავხდეთ. ამ თვალსაზრისით ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვა ქვეყნების, კერძოდ საქართველოს და რა, თქმა უნდა სხვა ქვეყნების, პოლიტიკურ მისწრაფებას შეუერთდნენ ევროკავშირს და ვფიქრობთ, რომ ღია კარის პოლიტიკა პრინციპივით უნდა იყოს, ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ ორგანიზაციაში სურთ გაწევრიანება და რომელ კლუბში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ არ შეუქმნან პრობლემები სხვა ქვეყნებს, ეს არის მთავარი პრინციპი“, - განაცხადა დრიტან აბაზოვიჩმა.