თეგი: სიცხე

ესპანეთსა და პორტუგალიაში 40 გრადუსიანი სიცხის გამო 600-მდე ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში სიცხის გამო, რომელიც თითქმის ერთი კვირა გრძელდება, 360 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters კარლოს III-ის ჯანმრთელობის სახელმწიფო ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ესპანეთში ჰაერის ტემპერატურამ 45,7 გრადუსს მიაღწია. მეზობელ პორტუგალიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურა 40 გრადუსს გაუტოლდა. პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ 7-დან 13 ივლისამდე, არანორმალური სიცხის გამო 238 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის უმეტესობა ხანდაზმული იყო. დიდ ბრიტანეთში, მოსალოდნელი სიცხის გამო, 15 ივლისს მოსახლეობისთვის მაქსიმალური - წითელი - განგაშის დონე პირველად  გამოცხადდა. სინოპტიკოსების თქმით, 18 და 19 ივლისს რეგიონში, რომელიც ლონდონს, მანჩესტერსა და იორკს მოიცავს, ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს, იტყობინება BBC News.  

ესპანეთსა და პორტუგალიაში ექსტრემალური სიცხის გამო, 1700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ესპანეთსა და პორტუგალიაში ექსტრემალური სიცხის შედეგად, რომელმაც ევროპა ბოლო დღეებში მოიცვა, 1700-ზე მეტი ადამიანი უკვე დაიღუპა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა. საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი „გასული ათწლეულების განმავლობაში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ექსტრემალური სიცხის შედეგად, რომელსაც ხშირად თან ახლდა ტყის ხანძარი. წელს უკვე მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიაში 1700-ზე მეტი ადამიანის სიკვდილის მომსწრე გავხდით “, - ნათქვამია კლუგეს განცხადებაში. ირლანდიის დედაქალაქში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდა შეგახსენებთ, რომ ესპანეთში, პორტუგალიაში და საფრანგეთში ტყის მრავალრიცხოვან ხანძრებს ებრძვიან, რომლის შედეგადაც ათასობით ჰექტარი ტერიტორია განადგურდა.  

„დავიცვათ თავი სიცხისგან" - იტალია 15 სექტემბრამდე საგანგებო პროტოკოლს აამოქმედებს

BBC-ის თანახმად, სამხრეთ ევროპაში ძლიერი სიცხე გრძელდება. იტალიის კუნძულ სარდინიაზე დღის მეორე ნახევარში ტემპერატურა 46 გრადუსს მიაღწევს. ამასთან, CNN- წერს, რომ ძლიერი სიცხის გამო, იტალია იღებს ახალ საგანგებო პროტოკოლს, რომელიც 15 სექტემბრამდე იმოქმედებს.  ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უზრუნველყოფენ სასწრაფო დახმარების ოთახებს, რათა სპეციალური პროცედურები გაატარონ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სიცხესთან დაკავშირებულ საგანგებო სიტუაციებს აწყდებიან. ეს სამსახური კვირაში 7 დღე იმუშვებს. მოქალაქეებს და სტუმრებს მოუწოდებენ, დაიცვან შემდეგი ძირითადი წესები: მოერიდეთ მზის პირდაპირ ზემოქმედებას და დარჩით შენობაში დღის ყველაზე ცხელ საათებში. სახლში შეიქმენით უსაფრთხო სამუშაო გარემო. გამოიყენეთ საკეტები მზის პირდაპირი სხივების დასაბლოკად. გამოიყენეთ კონდიციონერი გონივრულ ტემპერატურაზე - არც ისე ცივი. დალიეთ სულ მიცრე 1,5 ლიტრი წყალი დღეში. მიირთვით მცირე, მსუბუქი საკვები. ატარეთ მსუბუქი ბუნებრივი ტანსაცმელი. იმოგზაურეთ უსაფრთხოდ და არ დატოვოთ ბავშვები ან ცხოველები მანქანებში. ივარჯიშეთ მხოლოდ დღის ცივ საათებში. შეამოწმეთ ხანდაზმული და დაუცველი მეზობლები, რათა დარწმუნდეთ, რომ მათ აქვთ საკმარისი წყალი, საკვები. სამშაბათიდან იტალიის სულ 20 ქალაქი მოხვდება წითელ ნუსხაში, სადაც ძლიერი სიცხის გამო, ადამიანები ჯანმრთელობის ძალიან მაღალი რისკის წინაშე არიან. სპეციალისტების თქმით, მოსალოდნელია, რომ ძლიერი სიცხე შესაძლოა, იტალიის ზოგიერთ ნაწილში კიდევ 10 დღის განმავლობაში გაგრძელდეს. ესპანეთში, ქვეყნის სამხრეთით ჰაერის ტემპერატურამ გუშინ 44 გრადუსს. ესპანეთის კუნძულ ლა პალმასა და საბერძნეთში ტყის ხანძარი გაჩნდა. საფრანგეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურა სამშაბათს მაქსიმალურ ზღვარს მიაღწევს მსოფლიო მეტეოროლოგიური საზოგადოება ამბობს, რომ ამინდის ექსტრემალური ცვლილება ხაზს უსვამს კლიმატის საკითხებზე მეტი მუშაობის საჭიროებას.    

როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს: NCDC-ის რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს. NCDC-ის თანახმად, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი); გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; ასევე სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის განმარტებით, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან: 75 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმულები; ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები; ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები; გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები; ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები ; გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე; ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები; ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოში ჩართული პირები, სპორტსმენები). როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს შეეცადეთ, საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ. ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის). დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება. მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები. ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს. თუ სახლში გაქვთ კონდიციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს. ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ს, იგი ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. თავი აარიდეთ სიცხეს; გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით. თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შესასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე. დარჩით/გაჩერდით ჩრდილში - არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში! შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად - მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი და სხვა. ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა და მზისგან დამცავი სათვალე. იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.“  

მიმდინარე წლის ივლისი 1850 წლის შემდეგ ყველაზე ცხელი თვე იყო - Copernicus

კლიმატის ცვლილების შესწავლის ევროპული სამსახური - Copernicus აცხადებს, რომ ოფიციალურად, ივლისი 1850 წლის შემდეგ, ყველაზე ცხელი თვე იყო. Copernicus-ს მონაცემებით, ექსტრემალური სიცხე ყველა კონტინენტზე დაფიქსირდა. ივლისის მაღალი ტემპერატურის ფონზე, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ტყის ხანძრებს ახლაც ებრძვის. აზიის ქვეყნებში - ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში - ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, ჰაერის ტემპერატურა 52°C-მდე იყო. იაპონური მედია იტყობინება, რომ ივლისის მხოლოდ ერთ კვირაში ცხრა ათასზე მეტი იაპონელი საავადმყოფოში გადაიყვანეს სიცხის გამო. სამხრეთ ამერიკაში ახლა ზამთარია და სიცხე იქ 37°C-ს აღწევს, რასაც ჩილელი სპეციალისტები უჩვეულო მოვლენას უწოდებენ. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში დამკვიდრებული ტემპერატურა ტიპიურზე 15 გრადუსით მაღალია. პარაგვაიში, ბოლივიასა და სამხრეთ ბრაზილიაში სიცხემ თითქმის 39 გრადუსს მიაღწია. გაეროს მეტეოროლოგები რეკორდულ სიცხეს ანთროპოგენურ კლიმატის ცვლილებას მიაწერენ.  როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს: NCDC-ის რეკომენდაციები

თურქეთში ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

თურქეთში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა - სიცხე თითქმის 50 გრადუსი დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ეკოლოგიისა და ურბანული განვითარების მინისტრმა, მეჰმედ ოჟასეკიმ განაცხადა. მეტეოროლოგების ინფორმაციით, თურქეთის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა ესქიშეჰირის პროვინციაში, ქალაქ სარიჯაკაიაში იყო. „თურქეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 49,5 გრადუსი დაფიქსირდა. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის მოვუწოდებ ყველას, ყურადღებით იყვნენ ჩვენი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ დასახული მწვანე განვითარების მიზნების შესაბამისად,“ – წერს ოჟასეკი. წინა რეკორდი დაფიქსირდა 2021 წლის 20 ივლისს, როდესაც ტემპერატურა ქალაქ სიზრეში 49,1 გრადუსამდე გაიზარდა. შეგახსენებთ, პორტუგალიაში ორშაბათს, 7 აგვისტოს, წელს ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ლისაბონის მახლობლად, ქალაქ სანტარემში მეტეოროლოგიური სადგურის წინასწარი მონაცემებით, 7 აგვისტოს ქვეყანაში ტემპერატურის რეკორდი დაფიქსირდა - 46,4 ° C. საბერძნეთში ასევე დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი. კერძოდ, ივლისში - 46°C. ძლიერი სიცხეებია ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის იტალიაში.  

ფრანგულმა ენერგოკომპანიამ 1,3 გიგავატი სიმძლავრის ატომური რეაქტორის გათიშვა გაახანგრძლივა

ფრანგულმა ენერგოკომპანია EDF განაცხადა, რომ სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში 1,3 გიგავატი სიმძლავრის (Golfech 2) ატომური რეაქტორის დახურვა გაახანგრძლივა. მდინარის წყალმა, რომელიც რეაქტორის გასაგრილებლად გამოიყენებოდა, ზედმეტად ცხელი ამინდის გამო მაქსიმალურ ტემპერატურას გადაააჭარბა. გარდა ამისა, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, აურელიენ რუსომ BFM TV-ს განუცხადა, რომ არსებობს რისკი, რომ სამხრეთ საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში „წითელი დონის განგაში" ამოქმედდეს, მოსალოდნელი უკიდურესად მაღალი ტემპერატურის გამო. EDF-მა სამი ბირთვული რეაქტორის გათიშვის აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ ივლისში გამოაცხადა.