თეგი: წერილი

ყოფილი და მოქმედი ოფიციალური პირები, პარტიების, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები ევროკავშირის ხელმძღვანელებს მიმართავენ

მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, პარტიების, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ჯოზეფ ბორელს მიმართვენ, რომ შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პირდაპირი გაგრძელებაა, უკრაინასთან ერთად სასწრაფო წესით დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე. „ბატონ შარლ მიშელს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს; ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს - ევროპის კომისიის პრეზიდენტს; ბატონ ჯოზეფ ბორელს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს; „პირველად საქართველოს ისტორიაში შედგა დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერენ 1991 წლიდან, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან მოყოლებული საქართველოს ყველა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები. საინიციატივო ჯგუფი: CIIC - სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი და GSAC - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (ხათუნა ლაგაზიძე, ნოდარ ხარშილაძე, გიორგი პაპელიშვილი, დავით კიზირია, ვალერი ჩეჩელაშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი რუხაძე, გიორგი მელაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, გოჩა მირცხულავა, მალხაზ ნაკაშიძე) მადლობას უხდის ყველა ხელმომწერს, ვისთვისაც საქართველოსთვის ამ კრიტიკულ მომენტში ქვეყნის ევროპული მომავალი უმთავრესი ღირებულებაა. ჩვენ, საქართველოს სახელმწიფოს მოქმედი და ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები: უპირველ ყოვლისა, სოლიდარობას ვუცხადებთ რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლ უკრაინელ ხალხს; გამოვხატავთ რა ქართველი ხალხის ურყევ ნებას გახდეს ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი, რომელიც დადასტურებულია რეფერენდუმის შედეგებში და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. მიგვაჩნია, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი იყოს ამა თუ იმ კავშირის წევრი. მოგმართავთ თხოვნით, შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პირდაპირი გაგრძელებაა, უკრაინასთან ერთად სასწრაფო წესით დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში. ტექსტი 2 მარტს ხელმოსაწერად გაეგზავნა საქართველოს მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს; პარლამენტის თავმჯდომარეებს; პრემიერ-მინისტრებს; საგარეო საქმეთა მინისტრებს; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრებს; ევროკავშირში საქართველოს ელჩებს; სახალხო დამცველებს; ბოლო მოწვევის პარლამენტში გასული პარტიების ლიდერებს. დოკუმენტს ხელს აწერენ: საქართველოს პრეზიდენტები საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - 2013-2018; საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - 2004-2013; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეები დავით უსუფაშვილი - 2012-2016; დავით ბაქრაძე - 2008-2012; ნინო ბურჯანაძე - 2001-2003; 2004-2008; აკაკი ასათიანი - 1991-1992; საქართველოს პრემიერ-მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი - დეკემბერი 2015 - ივნისი 2018; გრიგოლ მგალობლიშვილი - ნოემბერი 2008 - თებერვალი 2009; ლადო გურგენიძე - ნოემბერი 2007 - ნოემბერი 2008; ავთანდილ ჯორბენაძე 2001-2003 ნიკო ლეკიშვილი - 1995-1998; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები მიხეილ ჯანელიძე - დეკემებრი 2015 - ივნისი 2018; მაია ფანჯიკიძე - ოქტომბერი 2012-ნოემბერი 2014 გრიგოლ ვაშაძე - დეკემბერი 2008 - ნოემბერი 2012; ეკა ტყეშელაშვილი - მაისი 2008 - დეკემბერი 2008; გელა ბეჟუაშვილი - ოქტომებრი 2005 - იანვარი 2008; თედო ჯაფარიძე - ნოემბერი 2003 - მარტი 2004; ირაკლი მენაღარიშვილი - დეკემბერი 1995 - ნოემბერი 2003; გოგი ხოშტარია - ნოემბერი 1990 - აგვისტო 1991; საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრები ალექსი პეტრიაშვილი - ოქტომებრი 2012 - ნოემბერი 2014; თორნიკე გორდაძე - ოქტომებრი 2012 - აგვისტო 2012; საქართველოს ელჩები ევროკავშირში ნატალი საბანაძე; სალომე სამადაშავილი; საქართველოს სახალხო დამცველები უჩა ნანუაშვილი - 2012-2017; გიორგი ტუღუში - 2009-2012; საპარლამენტო პარტიები "ლელო" - მამუკა ხაზარაძე; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ნიკა მელია "საქართველოსთვის" - კახა ქემოკლიძე; "სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე; "დროა" - ელენე ხოშტარია; "რესპუბლიკური პარტია" - ხათუნა სამნიძე; "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" - იაგო ხვიჩია; "კანონი და სამართალი"- თაკო ჩარკვიანი; "ევროპული საქართველო"- გიგა ბოკერია; "სახელმწიფო ხალხისთვის" - ნიკა მაჭუტაძე; "მოქალაქეები "- ალეკო ელისაშვილი; საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი - ლევან იოსელიანი. „დოკუმენტი ღიაა ხელმოწერებისთვის. ვთხოვთ, საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს, მთავრობის წევრებს და დიპლომატებს შემოგვიერთდნენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით“. როგორც დეგნანმა აღნიშნა, წერილი ბოლომდე ვერც კი წაიკითხა. „ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე. ავტორი ალბათ, ვერ ხედავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს ხალხს, მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომელიც არის კონსტიტუციის თანახმად შექმნილი და მათ აქვთ კონსტიტუციური მანდატი. ძალიან საშიშია, როცა კონსტიტუციური ინსტიტუტების ძირის გამოთხრა და შესუსტება ხდება. არ ვიცი რამდენჯერ შეიძლება გავიმეორო ის, რაც მრავალჯერ ითქვა, რომ არის ტყუილი, თითქოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან ვინმეს საქართველო ომისკენ მიჰყავს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ომი არ უნდა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ომი არ გაგრძელდეს და ეს ომი დამთავრდეს, ის მზად არის, ყველასთან ითანამშრომლოს, ვისაც მშვიდობისთვის მუშაობის და ძალისხმევის გაწევის სურვილი აქვს. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა NATO-ს სამიტზე მადრიდში კარგად დაინახა ის ძალისხმევა, რაც მიმართულია იმისკენ, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პუტინის მიერ გაჩაღებული სასტიკი და აგრესიული ომი. ასევე მინდა აღვნიშნო, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, პარლამენტარის ნარატივი რაღაცნაირად ეხმაურება პარტიის წევრების ნარატივსაც ომში ჩართვასთან დაკავშირებით, რაზედაც ძალიან ბევრჯერ ითქვა და დაფიქსირდა პოზიცია, რომ სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი შეკითხვა იქნება, რა არის ამ ყველაფრის მოტივი, რატომ გრძელდება ეს ნარატივი“, - განაცხადა დეგნანმა. დეგნანი ყველას რჩევას აძლევს, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ საქმე და 12 რეკომენდაციის შესრულება. „მე გეტყვით და ვიცი, იმას, თუ რა უნდა ქართველ ხალხს და ქართველ ხალხს უნდა ევროკავშირის წევრობა, ევროპული ინტეგრაცია, რაც დემოკრატიულ მომავალს გულისხმობს. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, თუნდაც, ინსტიტუტების კუთხით და ახლა ენერგია უნდა მიემართოს იმისკენ, ევროკომისიამ რა რეკომენდაციებიც გასცა, ეს რეკომენდაციები შინაარსიანად, ინკლუზიურად შესრულდეს და არა ზედაპირულად და მხოლოდ ერთი პარტიის მიერ, რადგან აღარ არის დასაკარგი დრო, ეს გეგმა უკვე შედგენილია და მის შედგენაში მონაწილეობა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, 22 ორგანიზაცია შეიკრიბა და შეადგინა სამოქმედო გეგმა, ზუსტად განსაზღვრულია, რა უნდა გაკეთდეს, არსებობს ძალიან კარგი გზამკვლევი. ახლა საჭიროა კეთება, მოქმედება და არა სიტყვები. ყველაზე მთავარი ახლა, სამუშაოს დაწყებაა, უკვე არსებობს კარგი გეგმები, ამისკენ უნდა მიემართოს ძალისხმევა, ყველამ იცის რა არის საჭირო და უნდა დაიწყოს მუშაობა, იქნება ეს კანონმდებლობის მიღება, რაც განსაზღვრულია, თუ იმ 12 რეკომენდაციის შესრულება, რაც ევროკომისიამ გასცა და ეს უნდა მოხდეს, რაც შეიძლება, სწრაფად. ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყეთ საქმე და ამ ყველაფრის განხორციელება“, - განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, დღეს, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.