თეგი: აბუ დაბი
აბუ-დაბიში, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა
4 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, აბუ დაბიში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მხარეები ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის შემდეგ მიღწეულ პროგრესს მიესალმნენ. აღნიშნეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დონეზე ნორმალიზაციის პროცესში წინსვლის შენარჩუნების მნიშვნელობა. მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორმხრივი ვაჭრობის დაწყებისა და აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების მიმდინარე ექსპორტის, ასევე, მესამე ქვეყნებიდან სომხეთში მარცვლეულისა და სხვა საქონლის ტრანზიტის გამო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდგომში შეისწავლონ ორმხრივი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. ისინი ასევე მიესალმნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ორმხრივ ვიზიტებს და შეთანხმდნენ ნდობის აღდგენის ზომების გაფართოების აუცილებლობაზე. ილჰამ ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განიხილეს TRIPP-ის და სხვა დამაკავშირებელი პროექტების განხორციელება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ მუშაობა ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით და შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნონ კონტაქტები ორმხრივი ნორმალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად. შეგახსენებთ, 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით, ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი სამშვიდობო შეთანხმებას. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).