თეგი: ალექსი ნიკოლაიშვილი

"გვინდა, მომზადებულები დავხვდეთ ანაკლიის პორტის პროექტს“ — Zet Trans Group-მა 100 ახალი ვაგონი შეიძინა

 Zet Trans Group-მა „თიბისის“ პარტნიორობით მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა და 100 ერთეული ახალი ვაგონი შეიძინა. პროექტის ჯამური ღირებულება 7 მილიონ დოლარს შეადგენს და ის სრულად ბანკმა დააფინანსა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსი ნიკოლაიშვილმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, სავაგონო პარკის ოპერირება რამდენიმე თვეა, რაც დაიწყო. გადაწყვეტილების მიზეზი კი, რეგიონში არსებული ვაგონების დეფიციტი გახდა, რაც ბათუმის ტერმინალში ტვირთის მოწოდების შეფერხების რისკებს აჩენდა. „ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში ეს არის პრეცედენტი, როდესაც კერძო კომპანიამ შეიძინა სავაგონო პარკი, ამ მოცულობის ინვესტიცია განახორციელა და დღეს თავად ფლობს მას. ფაქტობრივად, რამდენიმე თვეა, რაც ამ პარკის ოპერირება დავიწყეთ. შევიძინეთ 100 ერთეული ხოპერ ვაგონი, რომლებსაც კარბამიდის გადასაზიდად ვიყენებთ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვფლობთ ტერმინალს ბათუმში და ლოგისტიკურ მომსახურებას ვუწევთ თურქმენეთიდან, აზერბაიჯანიდან და შუა აზიის სხვა ქვეყნებიდან ბათუმის მიმართულებით მომავალ ტვირთებს. როდესაც შევამჩნიეთ, რომ რეგიონში ვაგონების დეფიციტი იყო რასაც შესაძლოა, ბათუმის ტერმინალში ტვირთის მოწოდების შეფერხება გამოეწვია, გადავწყვიტეთ, საკუთარ სავაგონო პარკზე გვეზრუნა და „თიბისისთან“ დავიწყეთ თანამშრომლობა. დღეს უკვე ვფლობთ 100 ვაგონს, რომლებსაც არსებული ტვირთის ბათუმის ტერმინალში გადმოსაზიდად ვიყენებთ, რაც დღევანდელ მდგომარეობას, ვაგონების დეფიციტის კუთხით საგრძნობლად გვიმსუბუქებს. ჯამში, დაახლოებით 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე ჩვენი უმთავრესი პარტნიორი, ამ ვაგონებთან დაკავშირებით, არის აზერბაიჯანული კომპანია SOCAR, რომლის ექსკლუზიური გადამზიდავებიც ვართ. შესაბამისად, ვცდილობთ, ეს პარტნიორული ურთიერთობები უფრო გავამყაროთ და მათ სხვადასხვა სერვისს ვთავაზობთ. ამჟამად მათი ტვირთი ჩვენივე ვაგონებით მოგვაქვს, ჩვენსავე ტერმინალში ვასაწყობებთ, შემდგომ კი, უკვე მესამე ქვეყნებისკენ დანიშნულებისამებრ ვტვირთავთ. აქ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველი ის არის, რომ რეგიონში არსებული მოძველებული ტიპის ვაგონებისგან განსხვავებით, რომლებითაც აქამდე ვმუშაობდით, ეს ახალი ვაგონები დაახლოებით 10 ტონით მეტი ტვირთის გადაზიდვის საშუალებას გვაძლევს," - განაცხადა ალექსი ნიკოლაიშვილმა. Zet Trans Group სამომავლო გეგმებს ანაკლიის პორტის პროექტსა და „შუა დერეფნის“ განვითარებას უკავშირებს. ალექსი ნიკოლაიშვილის განცხადებით, მიმდინარე მსხვილი საინვესტიციო პროექტი სწორედ რეგიონში მზარდ სატრანზიტო პოტენციალს უკავშირდება. მისი განმარტებით, „შუა დერეფნის“ კორიდორში არსებულმა რეალურმა დეფიციტმა, რასაც შესაძლოა ტვირთების უწყვეტობის შეფერხება გამოეწვია, კომპანიას საკუთარი სავაგონო პარკის შექმნისკენ უბიძგა. „თიბისისთან“ ერთად პროექტზე მუშაობა 2025 წლის შემოდგომაზე დაიწყო, მიმდინარე წლის გაზაფხულზე კი ვაგონები უკვე საქართველოში შემოვიდა და აპრილიდან ოპერირებაც დაიწყო. ახალი ვაგონები აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე თვეში დაახლოებით 4 ბრუნს ასწრებს, რაც თვის ჭრილში 20 000-დან 30 000 ტონამდე ტვირთის გადაზიდვას უზრუნველყოფს. კომპანიაში გეგმავენ, რომ ეს მოცულობები კიდევ გაზარდონ. „როგორც ცნობილია, ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ ინტერესი და განხილვები უპრეცედენტოდ არის გაზრდილი. სახელმწიფოს მიდგომაც ნათელია, ჩვენც კარგად ვაცნობიერებთ ამას და გვსურს, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ პროცესებს, რადგან გვესმის, თუ რას ნიშნავს ანაკლიის პორტი სტრატეგიულად ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის და ზოგადად, ბიზნესისთვის. ამგვარი პროექტებისთვის ბიზნესის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი ასეთი ფორმა სავაგონო პარკის შექმნა, მისი გაფართოება და რაც მთავარია, მაღალხარისხიანი ვაგონებით უზრუნველყოფაა, რადგან დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ სერვისს და მის ხარისხს ენიჭება. ვფიქრობთ, რომ ამ პროცესს უკვე ვიწყებთ. გვინდა, მაქსიმალურად მომზადებულები დავხვდეთ ანაკლიის პროექტს. სწორედ „შუა დერეფნის“ პროექტმა გაგვიჩინა მოსაზრება იმის შესახებ, რომ აუცილებლად უნდა შეგვექმნა დამატებითი სავაგონო პარკი საკუთრებაში. ეს გამოწვეული იყო ბაზარზე არსებული რეალური დეფიციტით, რაც მომავალში ხელს შეუშლიდა ტვირთების უწყვეტ გადაზიდვას ჩვენი ტერმინალის მიმართულებით. ამ პროექტზე მუშაობა „თიბისისთან“ ერთად 2025 წლის შემოდგომაზე დავიწყეთ. მოვახერხეთ, რომ გაზაფხულზე ვაგონები უკვე საქართველოში მივიღეთ. ეს ვაგონები თვის ჭრილში აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე დაახლოებით ოთხ ბრუნს ასწრებს, რაც მოცულობებით თვეში 30 000 ტონამდე ტვირთს შეადგენს. ეს ნამდვილად კარგი შედეგია," - ამბობს Zet Trans-ის დამფუძნებელი.  

ალექსი ნიკოლაიშვილი: აზერბაიჯანი და საქართველო რეგიონული ლოგისტიკური რუკის უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი რგოლები და სტრატეგიული პარტნიორები არიან

ცნობილი და გავლენიანი აზერბაიჯანული მედია გამოცემა „Report.az“ ვრცელ მასალას უძღვნის კომპანია „Zet Trans Group“-ის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტს, რომლის შედეგადაც, საქართველოსა და აზერბაიჯანის სარკინიგზო ლოგისტიკური შესაძლებლობები კიდევ უფრო გაძლიერდა. სტატიის ავტორი, ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი Syanan Agamalyzadeh აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინვესტიცია ლოგისტიკისა და შუა კორიდორის განვითარების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მასალაში ხაზგასმულია საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული მნიშვნელობა რეგიონულ სარკინიგზო ლოგისტიკაში და მათი როლი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებაში. დღეს, როდესაც შუა დერეფნის (Middle Corridor) მნიშვნელობა უპრეცედენტოდ იზრდება, აზერბაიჯანი და საქართველო ამ სტრატეგიული ლოგისტიკური მარშრუტის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ჩამოყალიბდნენ, ამ მოცემულობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორმხრივი თანამშრომლობა და პარტნიორობა. კასპიის და შავი ზღვის ფაქტორების გათვალისწინებით, აზერბაიჯანი და საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ რუკაზე უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი რგოლია და სტრატეგიული პარტნიორებია. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ეკისრება კერძო სექტორსა და იმ კომპანიების თანამშრომლობას, რომლებიც მრავალწლიანი გამოცდილებით, მაღალი რეპუტაციითა და საერთაშორისო სანდოობით გამოირჩევიან. სწორედ ასეთია Wondernet Group-ისა და Zetrans-ის მრავალწლიანი პარტნიორობა აზერბაიჯანულ კომპანიებთან. ცენტრალური აზიის ბაზარზე დიდი გამოცდილების მქონე ბიზნესჯგუფი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან. Wondernet Group-ის მფლობელობაში არსებული ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მეშვეობით, აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან წამოსული ტვირთები მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით გადაიზიდება. როგორც Zetrans-ის დამფუძნებელი ალექსი ნიკოლაიშვილი Report.az-თან საუბარში აღნიშნავს, კომპანიამ ახლახან შეიძინა 100 ერთეული უახლესი თაობის სპეციალიზებული სარკინიგზო ვაგონი, რაც რეგიონის მასშტაბით წარმატებული ინვესტიციაა. ასეთი მოცულობისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სავაგონე პარკის დამატება რეგიონში ლოგისტიკური კუთხით მისასალმებელია. მისივე თქმით, ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ამცირებს გადაზიდვის დროს, ზრდის ლოგისტიკური ჯაჭვის ეფექტიანობას და უზრუნველყოფს ტვირთის, მათ შორის კარბამიდის, უსაფრთხო, ტექნიკურად გამართულ და ხარისხის შენარჩუნებით მიწოდებას საბოლოო მომხმარებლამდე. „დარწმუნებული ვართ, რომ ეს ინვესტიცია კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორობას და გაზრდის ტვირთნაკადებს რეგიონის ქვეყნებთან. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობას თურქმენეთის თურქმენბაშის, ყაზახეთის აქტაუსა და აზერბაიჯანის ალიატის პორტებთან, რომლებიც შუა დერეფნის საკვანძო ლოგისტიკურ კვანძებს წარმოადგენენ. ამასთანავე, ვხედავთ თანამშრომლობის მნიშვნელოვან პერსპექტივებს სხვა მსხვილ რეგიონულ ლოგისტიკურ პროექტებშიც. მრავალწლიანი გამოცდილება, საერთაშორისო პარტნიორული ქსელი და მაღალი სანდოობა გვაძლევს საფუძველს, ვიყოთ ისეთი სტრატეგიული პროექტის საიმედო პარტნიორებიც, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შუა დერეფნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ რგოლად ჩამოყალიბდება. მისი ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სატრანზიტო შესაძლებლობებს, გააძლიერებს ტვირთნაკადებს შავი ზღვის მიმართულებით და შექმნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონული და საერთაშორისო ლოგისტიკური თანამშრომლობისთვის. ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს და ახლადშეძენილი თანამედროვე სავაგონე პარკიც ამის ნათელი დასტურია, რომ ჩვენი კომპანია თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით, პროფესიული გუნდით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საერთაშორისო პარტნიორული ქსელით მზადაა, თავის წვლილი შეიტანოს ანაკლიის პორტის განვითარებაში, მათ შორის ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან და სხვა როგორც ცენტრალური აზიის ისე დასავლელ პარტნიორებთან ერთად. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, შუა დერეფანს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და რეგიონს გლობალურ ლოგისტიკურ რუკაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაუმკვიდრებს. დასავლელ და რეგიონულ პარტნიორებთან დაგროვილი მაღალი რეპუტაცია, ნდობა და წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება გვაძლევს ყველა წინაპირობას, ვიყოთ ნებისმიერი ქვეყნის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტის საიმედო პარტნიორი როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე,“ — აცხადებს ალექსი ნიკოლაიშვილი. Алексей Николаишвили: Азербайджан и Грузия - важнейшие звенья на логистической карте региона