თეგი: გრენლანდია

აშშ-ის მიერ გრენლანდიაში საგანგებო წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ, დანიამ ელჩი გამოიძახა

„გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის და აშშ-მ მასზე კონტროლი არ უნდა დაამყაროს.“ ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრები, მეტე ფრედერიქსენი და იენს-ფრედერიკ ნილსენი ავრცელებენ. დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს რაც, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანას გუბერნატორი, ჯეფ ლენდრი დანიშნა. „ჩვენ ეს ადრეც ნათლად გვითქვამს და ახლა კიდევ ერთხელ ვამბობთ: თქვენ სხვა ქვეყნების ანექსიას ვერ მოახდენთ. ჩვენი საერთო ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ველით,“ - ნათქვამია გაცხადებაში. ცნობისთვის, ლუიზიანის შტატის გუბერნატორმა, ჯეფ ლენდრიმ დონალდ ტრამპს თანამდებობაზე დანიშვნისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი პატივია, ამ მოხალისეობრივ თანამდებობაზე გემსახუროთ, რათა გრენლანდია აშშ-ის ნაწილი გახდეს,“ - დაწერა ლენდრიმ X-ზე. დანიის ოფიციალური პირების ცნობით, აშშ-ის ელჩი დანიაში კენ ჰოუერი ორშაბათს კოპენჰაგენში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ოფიციალური პირების თქმით, დანიის მთავრობა წინასწარ არ იყო ინფორმირებული ლუიზიანiს გუბერნატორის ჯეფ ლენდრის გრენლანდიის ელჩად დანიშვნის შესახებ. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ განაცხადეს, რომ ისინი „სრულ სოლიდარობას უცხადებენ დანიას და გრენლანდიის ხალხს.“ გრენლანდია დანიის სამეფოს ეკუთვნის, მაგრამ ძირითადად ავტონომიურია და თვითმმართველობა აქვს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა ტერიტორიული პრეტენზიები რესურსებით მდიდარი კუნძულის გამო. დაძაბულობას ასევე ხელი შეუწყო ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ვიზიტმა გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, პიტუფიკში.  

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების ვარიანტებს განიხილავს - სამხედრო ძალის გამოყენება გამორიცხული არ არის - მედია

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების „ვარიანტების ფართო სპექტრს“ განიხილავს, მათ შორი არის სამხედროების გამოყენება. თეთრმა სახლმა BBC-ს განუცხადა, რომ გრენლანდია ამერიკისთვის „ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტს“ წარმოადგენს. ეს კომენტარი რამდენიმე საათში გავრცელდა მას შემდეგ, რაც ევროპელმა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დანიას მხარს უჭერდნენ. ევროპის სახელმწიფოების ლიდერებმა ერთობლივად გამოხატეს მხარდაჭერა დანიის მიმართ და აღნიშნეს, რომ ამ სამეფოს ავტონომიური არქტიკული ტერიტორია გრენლანდია მხოლოდ კუნძულის მოსახლეობას ეკუთვნის. „გრენლანდია თავის მოსახლეობას ეკუთვნის. მხოლოდ დანიას და გრენლანდიას და მხოლოდ მათ შეუძლიათ, მიიღონ გადაწყვეტილებები დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებულ საკითხებზე,“ - ნათქვამია საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ესპანეთის ლიდერების მიერ 6 იანვარს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. „პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია და ამას არქტიკის რეგიონში ჩვენი მოწინააღმდეგეების შეკავებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოყენება ყოველთვის ვარიანტად რჩება,“ - ნათქვამია თეთრი სახლის პრესსპიკერის კომენტარში. მანამდე, შაბათ-კვირას, ტრამპმა გაიმეორა, რომ აშშ-ს გრენლანდია უსაფრთხოების მიზნით „სჭირდებოდა“, რამაც დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აიძულა, გამოსულიყო გაფრთხილებით, რომ „აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმა NATO-ს დასასრულს ნიშნავდა.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორშაბათს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გრენლანდიაში შეჭრას არ გეგმავს, თუმცა მან კუნძულის დანიისგან ყიდვა ახსენა. ცნობისთვის, კუნძულის მოსახლეობა მხოლოდ 57 000-ია. ის არ არის NATO-ს დამოუკიდებელი წევრი, მაგრამ მას, როგორც თავის ტერიტორიას, იცავს დანია, რომელიც დასავლური ალიანსის წევრია. ტრამპმა პირველად, გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების გამოთქვა 2019 წელს, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს გაასაჯაროვა. ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის სამხედროებისთვის და რომ დანიამ საკმარისი არ გააკეთა მის დასაცავად. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის გრენლანდიის სტრატეგიული მდებარეობა მას აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვან ადგილად აქცევს. კუნძული მდიდარია ასევე სხვადასხვა წიაღისეულით. აშშ-სა და დანიას შორის ათწლეულების წინ გაფორმებული შეთანხმებით, აშშ-ს კოსმოსური ძალების ბაზა აქვს კუნძულზე.  

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა გრენლანდიაში NATO-ს ჯარების განლაგების საკითხის განხილვა დაიწყეს - Telegraph

გაერთიანებულმა სამეფომ, თავის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად დაიწყო მოლაპარაკებები გრენლანდიაში NATO-ს კონტინგენტის შესაძლო განლაგებაზე. The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს,რომ გეგმები, რომლებიც საწყის ეტაპზეა, შეიძლება, მოიცავდეს კუნძულის დასაცავად ბრიტანელი ჯარისკაცების, გემებისა და თვითმფრინავების განლაგებას. გაზეთის ცნობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე, რომელმაც ადრე არაერთხელ ისაუბრა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების აუცილებლობაზე საიმისოდ, რომ „ამერიკამ ჩინეთი და რუსეთი შეაკავოს.“ ევროპული ქვეყნები იმედოვნებენ, რომ არქტიკაში სამხედრო ყოფნის გაძლიერება დაეხმარება ტრამპს, უარი თქვას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის ანექსიის იდეაზე. ბრიტანეთის მთავრობის წყაროებმა გაზეთს განუცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი არქტიკაში რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მუქარას „უკიდურესად სერიოზულად“ აღიქვამს და ეთანხმება მოქმედების აუცილებლობას. „ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტ ტრამპის შეხედულებას, რომ რუსეთის მზარდი აგრესია უნდა შეჩერდეს და ევროატლანტიკური უსაფრთხოება გაძლიერდეს,“ - განუცხადა გაზეთს The Telegraph-ის ერთ-ერთმა წყარომ. ეს იდეა განიხილეს NATO-ს მოკავშირეების შეხვედრაზე, ბრიუსელში, 8 იანვარს. The Telegraph-ის ცნობით, ოპერაცია შეიძლება, მოიცავდეს ჯარების სრულმასშტაბიან განლაგებას ან წვრთნების, დაზვერვის გაზიარების, სამხედრო ძალების გაზრდისა და თავდაცვის ხარჯების გადანაწილების კომბინაციას. ნებისმიერი მისია, სავარაუდოდ, NATO-ს ეგიდით და ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში არსებული ოპერაციებისგან დამოუკიდებლად განხორციელდება. ბრიტანელმა ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს გამოცემას, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გაფართოებული როლისთვის ემზადება. The Telegraph-ის ცნობით, ევროკავშირი ამუშავებს სანქციების გეგმებს ამერიკული კომპანიების (მათ შორის Meta, Google, Microsoft, X, ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები) წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი უარყოფს NATO-ს ძალების განლაგების წინადადებას. უფრო რადიკალური ვარიანტი იქნებოდა ამერიკული ჯარების ევროპაში არსებული ბაზებიდან გაძევება, რაც აშშ-ს ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში ძირითადი განლაგებისთვის ადგილებს ჩამოართმევს.  

საფრანგეთი გრენლანდიაში საკონსულოს ხსნის

საფრანგეთი გრენლანდიაში საკონსულოს ხსნის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა. ჟან-ნოელ ბაროს ცნობით, გრენლანდიაში საფრანგეთის საკონსულო 6 თებერვალს გაიხსნება. ასევე, ბაროს განცხადებით, „აშშ-მა გრენლანდიაზე ზეწოლა უნდა შეწყვიტოს“. „NATO-ს სხვა წევრზე თავდასხმა ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ეს თავად აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯიც კი იქნება,“ - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა გრენლანდიაში NATO-ს ჯარების განლაგების საკითხის განხილვა დაიწყეს - Telegraph  

ტრამპის თქმით, NATO უფრო ძლიერი და ეფექტიანი გახდება, თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება. „ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს „ოქროს გუმბათისთვის“, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. ამ პროცესს NATO უნდა გაუძღვეს, რათა ჩვენ ის მივიღოთ. თუ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, მაშინ მას რუსეთი და ჩინეთი მიიღებენ და ეს არ მოხდება,“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „აშშ-ის უზარმაზარი სიძლიერის გარეშე, NATO სამხედრო თვალსაზრისით ეფექტიანი და შემაკავებელი ძალა არ იქნებოდა.“ „მათ ეს იციან და ეს მეც ვიცი. NATO უფრო ძლიერი და ეფექტიანი გახდება, თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში იქნება. ამაზე ნაკლები ნებისმიერი რამ მიუღებელია,“ - წერს ტრამპი. გრენლანდიამ აშშ-ისგან მომდინარე საფრთხისგან დასაცავად დახმარებისთვის ბრიტანეთს მიმართა. ბრიტანეთს პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ გრენლანდიის ბიზნესისა და ენერგეტიკის მინისტრმა, ნააია ნათანიელსენმა განაცხადა, რომ პრობლემები დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს და არა ძალადობით და ძალით. გრენლანდიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა უნდა მოუწოდოს გლობალურ საზოგადოებას საერთაშორისო სამართლის დაცვისკენ და ხაზგასმით აღნიშნოს NATO-ს, როგორც შესაბამისი და მნიშვნელოვანი ალიანსის მნიშვნელობა.  

ევროპული სამხედრო კონტინგენტი გრენლანდიაში ჩავიდა

BBC-ის ცნობით, გრენდლანდიის დედაქალაქ ნუუკში მცირე ფრანგული კონტინგენტი ჩავიდა. დაგეგმილ სადაზვერვო მისიაში ასევე მონაწილეობენ გერმანია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, თავდაპირველი კონტინგენტი მალე გაძლიერდება „სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობებით.“ ასია ასეთია: საფრანგეთი — 15 პერსონალი;  გერმანია — 13; ნორვეგია — 2; შვედეთი — 3; გაერთიანებული სამეფო — 1; ფინეთი — 2 პერსონალი; ნიდერლანდები — 1; გრენლანდიაში, დანიის მიერ ინიცირებულ ოპერაციაში Arctic Endurance, NATO-ს ევროპული წევრი ქვეყნების მიერ გაგზავნილი კონტინგენტი მხოლოდ რამდენიმე ათეული პერსონალისგან შედგება. ამ მომენტისთვის გაურკვეველია, რამდენ ხანს გაჩერდება კონტიგენტი ადგილზე.  „თუმცა ცხადია, რომ ახლა ჩვენ შევძლებთ 2026 წლის განმავლობაში უფრო დიდი და მუდმივი ყოფნის დაგეგმვას და ეს უმნიშვნელოვანესია იმის საჩვენებლად, რომ არქტიკაში უსაფრთხოება არახოლოდ დანიის სამეფოსთვისაა [მნიშვნელოვანი] არამედ, მთელი NATO-სთვისაც,“ - აღნიშნა დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროულს პოულსენმა. დანიისა და გრენლანდიის ოფიციალურმა პირებმა ვაშინგტონში, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მათ კვლავ აქვთ „ფუნდამენტური უთანხმოება“ გრენლანდიასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა გააძლიერა თავისი მცდელობა, რომ გრენლანდია აშშ-ის კონტროლის ქვეშ მოექცეს. ოვალურ კაბინეტში მან ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება.“ მიუხედავად იმისა, რომ მან არ გამორიცხა ძალის გამოყენება, ოთხშაბათს საღამოს განაცხადა, რომ მისი აზრით, დანიასთან რაღაცის მოგვარება შესაძლებელია. ტრამპის თქმით, NATO უფრო ძლიერი და ეფექტიანი გახდება, თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში იქნება  

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს გრენლანდია სჭირდება რუსეთისა და ჩინეთის შესაკავებლად

დონალდ ტრამპი აცხადებს, აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რათა მომავალში რუსეთის ან ჩინეთის მიერ მისი ოკუპაცია თავიდან აიცილოს. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მ გრენლანდია უნდა შეიძინოს, მიუხედავად იმისა, რომ 1951 წლის შეთანხმების თანახმად, მას კუნძულზე უკვე აქვს სამხედრო წარმომადგენლობა, ასეთი შეთანხმებები გრენლანდიის თავდაცვის გარანტიისთვის საკმარისი არ არის. ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არის მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გრენლანდიის ფლობა, ტრამპმა უპასუხა, რომ ქვეყნები იცავენ თავიანთ საკუთრებას და არა რაიმე ხელშეკრულებებს, აშშ-ს კი, მოუწევს გრენლანდიის დაცვა, რადგან რუსეთს ან ჩინეთს გრენლანდიის დაკავების უფლებას არ მისცემს. „ქვეყნები იცავენ საკუთრებას და არა იჯარის ხელშეკრულებებს და ჩვენ მოგვიწევს გრენლანდიის დაცვა. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩინეთი ან რუსეთი გააკეთებს. ეს არ მოხდება. მე მომწონს ჩინეთი, რუსეთი, მიყვარს ჩინეთის ხალხი, რუსეთის ხალხი. პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული ვარ მისით. პრეზიდენტ სი ძინპინისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. აპრილში ჩინეთში მივდივარ, მაგრამ არ მინდა, ისინი გრენლანდიაში მეზობლად იყვნენ. ეს არ მოხდება,“ – განაცხადა ტრამპმა. „გრენლანდიაში რუსეთი და ჩინეთი არ გვსურს. თუ ჩვენ გრენლანდიას არ დავიკავებთ, მაშინ თქვენ კარის მეზობლად რუსეთი და ჩინეთი გეყოლებათ. ეს არ მოხდება. ჯერჯერობით, გრენლანდიისთვის თანხებზე არ ვსაუბრობთ. მაგრამ რაღაც უნდა გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა მათ ეს. რადგან თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, მაშინ რუსეთი და ჩინეთი გრენლანდიაზე კონტროლს დაამყარებენ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების დადებას „მარტივი გზით“ ვერ შეძლებს, მაშინ ამას „რთული გზით“ გააკეთებს. „მე დანიის დიდი გულშემატკივარი ვარ. ჩემ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობას იჩენენ. მაგრამ, ის ფაქტი, რომ მათ 500 წლის წინ იქ ნავი გააჩერეს, არ ნიშნავს, რომ მიწას ისინი ფლობენ. დარწმუნებული ვარ, იქ ჩვენც ბევრი ნავი გვყავდა. ასე რომ, რაღაც უნდა გავაკეთოთ, მარტივი ან რთული გზით,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, NATO-ს უნდა ესმოდეს, რომ ის ალიანსის გულშემატკივარია, რადგან მან  NATO გადაარჩინა. „ NATO-მ უნდა გაიგოს, რომ მე NATO-ს მომხრე ვარ. მე გადავარჩინე NATO. მე რომ არა, ახლა  NATO არ გვექნებოდა, თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა ან ჩინეთმა გრენლანდია დაიპყროს და ეს არის ის, რაც მოხდება, თუ ამას არ გავაკეთებთ,“ – განაცხადა ტრამპმა. დანია და გრენლანდია აცხადებენ, რომ ტერიტორია არ იყიდება. დანიამ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო მოქმედება ტრანსატლანტიკური თავდაცვის ალიანსის დასასრულს გამოიწვევს. 57 000 მოსახლეობით, კუნძული დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა.  

ლავროვმა ოკუპირებული ყირიმი და გრენლანდია, რუსეთისა და აშშ-ის უსაფრთხოების კონტექსტში ერთმანეთს შეადარა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „ყირიმი „არანაკლებ მნიშვნელოვანია რუსეთის უსაფრთხოებისთვის“, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის.“ ლავროვმა განაცხადა, რომ წესები, რომლებიც ადრე დასავლეთისთვის სასარგებლო იყო და გლობალურ წესრიგს უჭერდა მხარს, ახლა საერთაშორისო ასპარეზზე გაუქმებულია. მან ამჟამინდელი გლობალური სიტუაცია აღწერა, როგორც „ძალა იმარჯვებს“, რაც განსაკუთრებით აშკარაა ჩინეთის ეკონომიკურ გავლენასთან კონკურენციაში. "დააყენეთ გრენლანდიის ხალხის ადგილას ყირიმელები, თქვენთვის ბევრი რამ ალბათ, გასაგები გახდება. მეტიც, ყირიმში ხალხი რეფერენდუმზე წავიდა არაკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში მოსულმა პუტჩისტებმა რუსულ ენას ომი გამოუცხადეს და ყირიმის უზენაესი საბჭოს შტურმით ასაღებად ბოევიკები გაგზავნეს. გრენლანდიაში არავის არანაირი გადატრიალება არ მოუწყვია. უბრალოდ, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, ეს ტერიტორია მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა ლავროვმა. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ „გრენლანდია არ არის დანიის ბუნებრივი ნაწილი“, მაგრამ „რუსეთს არ აქვს მიმდინარე დავაში ჩარევის განზრახვა.“ „NATO გამოწვევების პერიოდს გადის და რუსეთი არ არის დაინტერესებული გრენლანდიაში ჩარევით,“ - განაცხადა ლავროვმა. მისივე მტკიცებით, არც ჩინეთს და არც რუსეთს არ აქვთ გრენლანდიის მიტაცების გეგმები. „ვაშინგტონმა იცის, რომ რუსეთს ასეთი გეგმები არ აქვს. NATO-მ ალიანსის ფარგლებში გრენლანდიასთან დაკავშირებით ერთობლივ შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.“ ევროკავშირი ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე პასუხს განიხილავს ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ დადებითად აფასებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იდეას ღაზის „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის შესახებ. ცნოვისთვის, რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. 2022 წლის 24 თებერვალს კი, უკრაინაში შეჭრით, სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.  

ტრამპის თქმით, ევროპა უკრაინის ომზე უნდა კონცენტრირდეს და არა გრენლანდიაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპამ ყურადღების კონცენტრირება რუსეთსა და უკრაინის ომზე უნდა მოახდინოს და არა გრენლანდიაზე. ტრამპის განცხადებით, თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ ევროპის ქვეყნებს ტარიფებს „100%-ით“ დაუწესებს. „ევროპამ ყურადღების კონცენტრირება რუსეთსა და უკრაინის ომზე უნდა მოახდინოს, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, თქვენ ხედავთ, თუ რა შედეგი მოჰყვა ამას მათთვის. ევროპამ ყურადღება ამას უნდა მიაპყროს და არა გრენლანდიას,“ - განაცხადა ტრამპმა. კითხვას, გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად ძალას გამოიყენებს, თუ არა, ტრამპმა უპასუხა: „კომენტარის გარეშე.“ მისი თქმით, „ნობელის პრემია საერთოდ არ ადარდებს“, თუმცა აღნიშნა, რომ პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებებს ნორვეგია იღებს. „მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ ისინი, ნორვეგია ამას სრულად აკონტროლებს. ამბობენ, რომ ამასთან არაფერი ესაქმებათ, თუმცა სინამდვილეში ამასთან საერთო ყველაფერი აქვთ,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ევროპული სამხედრო კონტინგენტი გრენლანდიაში ჩავიდა ევროკავშირი ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე პასუხს განიხილავს  

ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების დამტკიცება შეაჩერა

გრენლანდიის გარშემო უთანხმოების ფონზე, ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, შეაჩეროს მუშაობა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმებაზე.  ევროპარლამენტმა უკვე შეაჩერა ივლისში მიღწეული სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაცია. დამტკიცების შეჩერების შესახებ განცხადება ოთხშაბათს, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის დროს გაკეთდა. წინადადებებს ახლა ევროკავშირის მთავრობების მიერ დამტკიცება სჭირდება. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ტრამპმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მან გრენლანდიის მომავალთან დაკავშირებით „ჩარჩო“ შეთანხმებას მიაღწია და არ შეასრულებს მუქარას NATO-ს რვა წევრისთვის ახალი ტარიფების დაწესების შესახებ. ხსენებულ ჩარჩოზე შეთანხმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის შოტლანდიაში, ტრამპის ტერნბერის გოლფის კლუბში, გასულიწლის ივლისში შედგა. მხარეები 15%-იან ტარიფზე შეთანხმდნენ ევროკავშირიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე - ეს ორჯერ ნაკლებია იმ 30%-იან გადასახადზე, რომლის შემოღებითაც ტრამპი აქამდე იმუქრებოდა. ევროკავშირი, თავის მხრივ, აშშ-ს ექსპორტზე რამდენიმე პროდუქტზე ტარიფებს ნულამდე შეამცირებდა. ფონ დერ ლაიენმა შეთანხმება „მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად“ შეაფასა, რომელიც სტაბილურობას მოუტანს ორმხრივ ურთიერთობას. ტრამპი ამბობდა, რომ ეს „საუკეთესო გარიგებაა ყველასთვის“ და აშშ-სა და ევროკავშირს „ერთმანეთთან დააახლოვებს.“  

„შეიქმნა მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ - ტრამპი გრენლანდიის გამო ტარიფებს აღარ აწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გრენლანდიასთან და, ფაქტობრივად, მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო შეიქმნა, რის გამოც ის ევროპული ქვეყნებისთვის ტარიფებს აღარ აწესებს, რომელთა ამოქმედებაც პირველ თებერვალს იყო დაგეგმილი. „NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრის საფუძველზე, გრენლანდიასთან და, ფაქტობრივად, მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით, მომავალი შეთანხმების ჩარჩო შევქმენით. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღწევა, ის შესანიშნავი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და NATO-ს ყველა ქვეყნისთვის. ამის საფუძველზე, მე არ დავაწესებ ტარიფებს, რომელთა ძალაში შესვლაც პირველი თებერვლიდან იყო დაგეგმილი. მიმდინარეობს დამატებითი მოლაპარაკებები „ოქროს გუმბათთან“ დაკავშირებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება დისკუსიების პროგრესისთანავე. ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სხვა პირები, საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებელნი იქნებიან მოლაპარაკებებზე - ისინი პირდაპირ მე მომახსენებენ [ამის შესახებ],“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. ტრამპმა დღეს განაცხადა დავოსის ფორუმის ფარგლებში, რომ „აშშ არ გამოიყენებს ძალას, ერთადერთი, რასაც აშშ ითხოვს, არის გრენლანდია - ყინულის ნაჭერი გვინდა მსოფლიოს დასაცავად.“ „გრენლანდიასთან დაკავშირებით კულისებს მიღმა ვმუშაობ,“ - უფრო ადრე, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დავოსში განაცხადა. „შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ ამ საკითხზე კულისებს მიღმა ვმუშაობ, თუმცა ამაზე საუბარი საჯაროდ არ შემიძლია. ასე, რომ ბოდიში, მაგრამ გრენლანდიასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ - განაცხადა რუტემ. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მართალია და ნატო-მ გრენლანდიის დაცვის მიზნით მეტი უნდა გააკეთოს. რუტემ აღნიშნა, რომ გრენლანდიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიუხედავად, უკრაინა მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. „უკრაინას ევროპისა და აშშ-ის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს,“ - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების დამტკიცება შეაჩერა