თეგი: ემი დიაზი
საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. ემი დიაზი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება. „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი. ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას,” - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ოსტრიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ მსახურობდა.ის საგარეო სამსახურის უმაღლესი რანგის კარიერული დიპლომატია. ვენაში, ავსტრიაში, “ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში” (ეუთო) აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და ხანგრძლივი ვადით საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო. სახელმწიფო დეპარტამენტის საზღვარგარეთ მისიებში, კორტნი ოსტრიანი მსახურობდა გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში. ვაშინგტონში კორტნი ოსტრიანი მსახურობდა საერთაშორისო საინფორმაციო პროგრამების ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ და სახელმწიფო მდივნის აპარატში. ოსტრიანს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი სუორტმორის კოლეჯში, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი – საჯარო და არაკომერციული ორგანიზაციების მართვის მიმართულებით ბოსტონის უნივერსიტეტში და მეცნიერების მაგისტრის ხარისხი – ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიმართულებით ომის ეროვნულ კოლეჯში.