თეგი: კასპიის ზღვა

აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვის ფსკერზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის მშენებლობას იწყებენ

კასპიის ზღვის ფსკერზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის (FOCL) მშენებლობა 2023 წელს დაიწყება. ამის შესახებ ყაზახეთის ციფრული განვითარების მინისტრმა ბაღდატ მუსინმა სამარყანდში ICT Week Uzbekistan - 2022 ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.  „პროექტი, რეგიონის ქვეყნებისთვის, ალტერნატიული ინტერნეტით წვდომას უზრუნვეყოფს. ასევე გააფართოვებს ტრანზიტს ევროპასა და აზიას შორის. ყაზახეთის მხრიდან პროექტის პარტნიორად Kazakhtelecom-ი სახელდება, ხოლო აზერბაიჯანული მხრიდან AzerTelecom-ი“, - განაცხადა მუსინმა. ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტის დიზაინის შემუშავება, შემდეგ მოჰყვება შესაბამისი კვლევები, მოგვიანებით კი დაიწყება კასპიის ზღვის ფსკერზე არხის პროექტირება და მშენებლობა. კაბელის სიგრძე 340 კმ-ზე მეტი იქნება, ხოლო სარეზერვო არხი, რომელიც ყაზახეთის კურიკ პორტიდან ბუზოვნამდე, (ბაქოსთან ახლოს), იქნება, დაახლოებით 330 კმ-ს შეადგენს.  

აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვის ფსკერის გაყოფის საკითხები განიხილეს

24-25 იანვარს აშხაბადში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის კასპიის ზღვის ფსკერის გაყოფის შესახებ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აზერბაიჯანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სასაზღვრო და კასპიის ზღვის საკითხებში ხალაფ ხალაფოვი, ხოლო თურქმენეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა კასპიის ზღვის ინსტიტუტის დირექტორი მურად ატაკანოვი, რომელიც კასპიის ზღვის საკითხებში, თურქმენეთის სპეციალური წარმომადგენელია.  შეხვედრას აზერბაიჯანისა და თურქმენეთის შესაბამისი სამინისტროებისა და სპეციალიზებული სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის კასპიის ზღვის ფსკერის გაყოფის შესახებ შეთანხმების პროექტის დებულებები განიხილეს.   

კასპიის ზღვის პორტებში საზღვაო ერთი ფანჯრის პრინციპი დაინერგება

კასპიის ზღვის პორტებში საზღვაო ერთი ფანჯრის (MSW) ინიციატივა ამოქმედდება, რომლის მიზანიც საზღვაო ტრანსპორტის პროცედურების გამარტივება და გამჭვირვალობის გაზრდაა. ამის შესახებ Trend ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) კომენტარზე დაყრდნობით წერს. განცხადება საერთაშორისო გამოფენისა და კონფერენციის ფარგლებში, აქტაუში გამართული სესიის ფარგლებში [შუა დერეფანი: აქტაუს ჰაბის მიღწევები 2025 წელს და პერსპექტივები 2026 წლისთვის] გაკეთდა. სესიაზე სიტყვით გამოვიდა TRACECA-ს გენერალური მდივანი ასეტ ასავბაევი, რომელმაც ხაზი გაუსვა TRACECA-ს გამოცდილების მნიშვნელობას სატრანსპორტო კავშირების განვითარებაში და TRACECA-ს ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების მნიშვნელობას, როგორც დერეფნის იურიდიულ საფუძველს. მან ასევე ხაზი გაუსვა ორგანიზაციის მიმდინარე პრიორიტეტებს, მათ შორის ,TRACECA-ს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას, პორტისა და მულტიმოდალური ინფრასტრუქტურის განვითარებას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროცესებში ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივების ხელშეწყობას. ცნობისთვის, MSW არის საზღვაო ტრანსპორტის ელექტრონული - „ერთი ფანჯრის“ სისტემა, რომელიც პორტის ოპერაციების გამარტივებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით არის შექმნილი. საერთაშორისო ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი [შუა დერეფანი] ევროპასა და აზიას ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით აკავშირებს. მარშრუტი გამოიყენება კონტეინერების გადაზიდვისთვის, რომელიც მოიცავს როგორც რკინიგზას, ასევე, საზღვაო ტრანსპორტს.  

კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში ბუნებრივი აირის ახალი მარაგი აღმოაჩინეს — BP

კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) საბადოების ბლოკის ორ ზონაში - აზერიში და გიუნაშლიში - თავისუფალი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინეს, თუმცა ამ მარაგების მასშტაბი ჯერ უცნობია. ამის შესახებ BP-ის წარმოებისა და ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა გორდონ ბირელმა ბაქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გუნაშლის ზონაში თავისუფალი ბუნებრივი აირის აღსადგენი მარაგი 4 ტრილიონ კუბურ ფუტად არის შეფასებული, რამაც დამატებითი ტექნოლოგიების გამოყენებით, 6 ტრილიონ კუბურ ფუტამდე შეიძლება, მიაღწიოს, ხოლო აზერბაიჯანის ზონაში მარაგი ჯერ არ არის შეფასებული,“ - აღნიშნა ბირელმა. ACG აზერბაიჯანის უდიდესი ნავთობის საბადოა. ბლოკის განვითარების შესახებ პირველი წარმოების გაზიარების შეთანხმება 1994 წლის 20 სექტემბერს გაფორმდა. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა ახალი შეთანხმება საბადოების ერთობლივი განვითარებისა და წარმოების გაზიარების შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს საბადოების განვითარებას 2049 წლის ბოლომდე. ACG-ის აქციონერები არიან BP 30.37%-ით, SOCAR 31.65%-ით, MOL Group 9.57%-ით, INPEX 9.31%-ით, ExxonMobil 6.79%-ით, TPAO 5.73%-ით, ITOCHU 3.65%-ით და ONGC Videsh Limited (OVL) 2.925%-ით.  

ყაზახეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვაზე საბორნე მიმოსვლას განაახლებენ

ყაზახეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვაზე სამგზავრო საბორნე მიმოსვლის აღდგენას გეგმავენ. ამის შესახებ აზერბაიჯანში ყაზახეთის ელჩმა ალიმ ბაიელმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, ყაზახურმა მხარემ აზერბაიჯანს შესთავაზა სამგზავრო საბორნე მიმოსვლის აღდგენა მარშრუტზე: პორტი კურიკი – პორტი ბაქო – პორტი კურიკი. აღნიშნული მიმოსვლა 2020 წლამდე ფუნქციონირებდა, თუმცა ის COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერდა. ალიმ ბაიელმა აღნიშნა, რომ მიმოსვლის შეჩერებამდე კასპიის ზღვაზე საბორნე მარშრუტით წელიწადში დაახლოებით 1 500 მგზავრი სარგებლობდა. ის იმედოვნებს,  რომ უახლოეს პერიოდში ამ მარშრუტით მგზავრობით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება. საბორნე მიმოსვლის აღდგენა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სამგზავრო კავშირების განვითარებას, ტურისტული ნაკადების ზრდას და „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) შესაძლებლობების გაფართოებას. ელჩმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ყაზახეთის წინადადებას მხარი დაუჭირა. ამჟამად ორივე ქვეყნის სატრანსპორტო უწყებები მუშაობას შეუდგნენ, რათა სამგზავრო მიმოსვლა რაც შეიძლება მალე აღდგეს.   

ყაზახეთი კასპიის ზღვაზე $1 მილიარდის ღირებულების ახალ პორტს ააშენებს

ყაზახეთი კასპიის ზღვაზე $1 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალ პორტს ააშენებს. მოსალოდნელია, რომ პირველ ეტაპზე პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 6-15 მილიონ ტონას შეადგენს. შემდგომ ეტაპებზე დაგეგმილია სიმძლავრის გაზრდა წელიწადში 25 მილიონ ტონამდე. პროექტი მოიცავს შვიდ ნავმისადგომს, დაახლოებით 3-კილომეტრიან ტალღისმჭრელ ნაგებობას, საერთო ჯამში 7,5 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ლიანდაგებს, ასევე, გემთმშენებელ და გემთსარემონტო კომპლექსს.  

კასპიის ზღვაზე ახალი, უფრო მაღალი ტევადობის კონტეინერმზიდები 2027 წლიდან იმოძრავებენ

კასპიის ზღვაში მომავალი წლიდან უფრო დიდი ტევადობის საკონტეინერო გემების ექსპლუატაციაში გაშვებაა მოსალოდნელი — ამის შესახებ აზერბაიჯანის ექსპედიტორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ და U.F.E. Shipping-ის გენერალურმა დირექტორმა, ელმირ პოლადოვმა, ბაქოში გამართულ ევროკავშირი-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, შუა დერეფნის განვითარების მთავარ დაბრკოლებებად რჩება კასპიის ზღვაში გემების შეზღუდული რაოდენობა, გადატვირთვის პუნქტებში შეფერხებები და საინფორმაციო სისტემების არასაკმარისი ინტეგრაცია. პოლადოვის განმარტებით, კასპიის ზღვაში საბორნე და Ro-Ro ტიპის გემების გამტარუნარიანობა შეზღუდულია. ბევრი მათგანი რეისს მხოლოდ სრულად დატვირთვის შემდეგ ასრულებს და არა ფიქსირებული განრიგით. ამასთან, შტორმების გამო მიმოსვლა შესაძლოა, რამდენიმე დღით შეჩერდეს. მაგალითად, მან გასული წლის დეკემბერ-იანვარში აქტაუს პორტში არსებული ვითარება მოიყვანა. მისი თქმით, 60 დღის განმავლობაში პორტი მხოლოდ 10-15 დღე ფუნქციონირებდა. „ამის გამო ექსპედიტორებს შეუძლიათ, მომხმარებლებს სარკინიგზო ტრანზიტის ვადები დღის სიზუსტით დაუდასტურონ, საზღვაო ტრანსპორტირების ვადების პროგნოზირება კი მხოლოდ ერთი კვირის სიზუსტითაა შესაძლებელი,“ — აღნიშნა პოლადოვმა. მისივე თქმით, პორტებში შეფერხებები სარკინიგზო ვაგონებისა და კონტეინერების მოცდენასაც იწვევს, რაც ტრანსპორტირების შემდგომ ეტაპებზე დამატებით დაგვიანებებს განაპირობებს. მეორე მნიშვნელოვანი დაბრკოლება გადატვირთვის პუნქტებში წარმოქმნილი საცობებია. შეფერხებები შეიძლება წარმოიშვას საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტს შორის ტვირთის გადატვირთვისას, ასევე საზღვრების გადაკვეთის დროს. ვითარებას ართულებს ნავმისადგომების, სასაწყობე ტერიტორიებისა და სარკინიგზო ვაგონების შეზღუდული შესაძლებლობები მოთხოვნის პიკურ პერიოდებში. გარდა ამისა, თურქეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვისას გასათვალისწინებელია სარკინიგზო ლიანდაგის სიგანის ცვლილება — 1 520 მილიმეტრიდან 1 435 მილიმეტრამდე. კიდევ ერთ პრობლემას ტვირთნაკადების დისბალანსი და ცარიელი კონტეინერების საპირისპირო მიმართულებით დაბრუნების აუცილებლობა წარმოადგენს. პოლადოვის განმარტებით, შორეული აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანსა და ევროპაში ჩასული კონტეინერები ხშირად მხოლოდ ერთი მიმართულებით ტვირთის გადასაზიდად გამოიყენება. შედეგად, ექსპედიტორებსა და გადამზიდავებს მათი შეძენის ხარჯების გაწევა უწევთ, ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანის შემდეგ კი კონტეინერების გაყიდვის ან შემდგომი გამოყენების გზების მოძიებაა საჭირო. მესამე დაბრკოლება სატრანსპორტო დერეფანში ჩართული ქვეყნების საინფორმაციო სისტემებისა და პროცედურების არასაკმარისი ინტეგრაციაა. „თითოეულ ქვეყანას საკუთარი სარკინიგზო ოპერატორი, დოკუმენტები და ტარიფები აქვს. ხშირად ორი იდენტური ტვირთი დანიშნულების ადგილზე რამდენიმე დღის სხვაობით ჩადის და ამის მიზეზი რკინიგზა კი არა, დოკუმენტაციაა.“ პოლადოვის თქმით, მომხმარებლებს ასევე არ აქვთ შესაძლებლობა, ტვირთის გადაადგილებას მთელი მარშრუტის განმავლობაში შეუფერხებლად მიადევნონ თვალი. ექსპედიტორებს შეუძლიათ კონტეინერების გადაადგილების მონიტორინგი, მაგალითად, ჩინეთსა და ყაზახეთში, თუმცა ყოველთვის ზუსტად ვერ განსაზღვრავენ, როდის გავა კონტეინერი აქტაუდან, როდის ჩავა ალათში, როდის დატოვებს მას და როდის გააგრძელებს გზას საქართველოსა თუ თურქეთის მიმართულებით. მისივე ინფორმაციით, ამ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. კასპიის ზღვაში Ro-Ro ტიპის გემებისა და ბორნების პარალელურად მცირე ზომის საკონტეინერო ფიდერული გემებიც ოპერირებენ. ამასთან, შენდება უფრო დიდი ფიდერული გემები, რომელთა ექსპლუატაციაში გაშვებაც მომავალი წლიდანაა მოსალოდნელი. პოლადოვმა ასევე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ მეტრულ ტონამდე გაიზარდა, ხოლო ალათის პორტის გაფართოება მიმდინარეობს. მისი თქმით, შემდეგი ეტაპი ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო სისტემების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფაა, რათა მომხმარებლებმა შუა დერეფანი ცალკეული სისტემების ერთობლიობის ნაცვლად ერთიან სატრანსპორტო მარშრუტად აღიქვან. ბაქოში ევროკავშირი-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი მიმდინარეობდა. ღონისძიება ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობის 30 წლისთავსა და ფორუმის დაარსებიდან მეათე წლისთავს მიეძღვნა. წლევანდელი ფორუმის თემაა „დამაკავშირებელი დერეფნები: კავშირები და ინფრასტრუქტურა“. ფორუმის მთავარი აქცენტი სატრანსპორტო კავშირებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებასა და რეგიონული ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოება იყო. პროგრამა მოიცავდა მაღალი დონის დისკუსიებს, თემატურ სესიებსა და საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენელთა ბიზნესშეხვედრებს.