თეგი: „თიბისი“
"გვინდა, მომზადებულები დავხვდეთ ანაკლიის პორტის პროექტს“ — Zet Trans Group-მა 100 ახალი ვაგონი შეიძინა
Zet Trans Group-მა „თიბისის“ პარტნიორობით მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა და 100 ერთეული ახალი ვაგონი შეიძინა. პროექტის ჯამური ღირებულება 7 მილიონ დოლარს შეადგენს და ის სრულად ბანკმა დააფინანსა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსი ნიკოლაიშვილმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, სავაგონო პარკის ოპერირება რამდენიმე თვეა, რაც დაიწყო. გადაწყვეტილების მიზეზი კი, რეგიონში არსებული ვაგონების დეფიციტი გახდა, რაც ბათუმის ტერმინალში ტვირთის მოწოდების შეფერხების რისკებს აჩენდა. „ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში ეს არის პრეცედენტი, როდესაც კერძო კომპანიამ შეიძინა სავაგონო პარკი, ამ მოცულობის ინვესტიცია განახორციელა და დღეს თავად ფლობს მას. ფაქტობრივად, რამდენიმე თვეა, რაც ამ პარკის ოპერირება დავიწყეთ. შევიძინეთ 100 ერთეული ხოპერ ვაგონი, რომლებსაც კარბამიდის გადასაზიდად ვიყენებთ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვფლობთ ტერმინალს ბათუმში და ლოგისტიკურ მომსახურებას ვუწევთ თურქმენეთიდან, აზერბაიჯანიდან და შუა აზიის სხვა ქვეყნებიდან ბათუმის მიმართულებით მომავალ ტვირთებს. როდესაც შევამჩნიეთ, რომ რეგიონში ვაგონების დეფიციტი იყო რასაც შესაძლოა, ბათუმის ტერმინალში ტვირთის მოწოდების შეფერხება გამოეწვია, გადავწყვიტეთ, საკუთარ სავაგონო პარკზე გვეზრუნა და „თიბისისთან“ დავიწყეთ თანამშრომლობა. დღეს უკვე ვფლობთ 100 ვაგონს, რომლებსაც არსებული ტვირთის ბათუმის ტერმინალში გადმოსაზიდად ვიყენებთ, რაც დღევანდელ მდგომარეობას, ვაგონების დეფიციტის კუთხით საგრძნობლად გვიმსუბუქებს. ჯამში, დაახლოებით 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე ჩვენი უმთავრესი პარტნიორი, ამ ვაგონებთან დაკავშირებით, არის აზერბაიჯანული კომპანია SOCAR, რომლის ექსკლუზიური გადამზიდავებიც ვართ. შესაბამისად, ვცდილობთ, ეს პარტნიორული ურთიერთობები უფრო გავამყაროთ და მათ სხვადასხვა სერვისს ვთავაზობთ. ამჟამად მათი ტვირთი ჩვენივე ვაგონებით მოგვაქვს, ჩვენსავე ტერმინალში ვასაწყობებთ, შემდგომ კი, უკვე მესამე ქვეყნებისკენ დანიშნულებისამებრ ვტვირთავთ. აქ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველი ის არის, რომ რეგიონში არსებული მოძველებული ტიპის ვაგონებისგან განსხვავებით, რომლებითაც აქამდე ვმუშაობდით, ეს ახალი ვაგონები დაახლოებით 10 ტონით მეტი ტვირთის გადაზიდვის საშუალებას გვაძლევს," - განაცხადა ალექსი ნიკოლაიშვილმა. Zet Trans Group სამომავლო გეგმებს ანაკლიის პორტის პროექტსა და „შუა დერეფნის“ განვითარებას უკავშირებს. ალექსი ნიკოლაიშვილის განცხადებით, მიმდინარე მსხვილი საინვესტიციო პროექტი სწორედ რეგიონში მზარდ სატრანზიტო პოტენციალს უკავშირდება. მისი განმარტებით, „შუა დერეფნის“ კორიდორში არსებულმა რეალურმა დეფიციტმა, რასაც შესაძლოა ტვირთების უწყვეტობის შეფერხება გამოეწვია, კომპანიას საკუთარი სავაგონო პარკის შექმნისკენ უბიძგა. „თიბისისთან“ ერთად პროექტზე მუშაობა 2025 წლის შემოდგომაზე დაიწყო, მიმდინარე წლის გაზაფხულზე კი ვაგონები უკვე საქართველოში შემოვიდა და აპრილიდან ოპერირებაც დაიწყო. ახალი ვაგონები აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე თვეში დაახლოებით 4 ბრუნს ასწრებს, რაც თვის ჭრილში 20 000-დან 30 000 ტონამდე ტვირთის გადაზიდვას უზრუნველყოფს. კომპანიაში გეგმავენ, რომ ეს მოცულობები კიდევ გაზარდონ. „როგორც ცნობილია, ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ ინტერესი და განხილვები უპრეცედენტოდ არის გაზრდილი. სახელმწიფოს მიდგომაც ნათელია, ჩვენც კარგად ვაცნობიერებთ ამას და გვსურს, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ პროცესებს, რადგან გვესმის, თუ რას ნიშნავს ანაკლიის პორტი სტრატეგიულად ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის და ზოგადად, ბიზნესისთვის. ამგვარი პროექტებისთვის ბიზნესის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი ასეთი ფორმა სავაგონო პარკის შექმნა, მისი გაფართოება და რაც მთავარია, მაღალხარისხიანი ვაგონებით უზრუნველყოფაა, რადგან დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ სერვისს და მის ხარისხს ენიჭება. ვფიქრობთ, რომ ამ პროცესს უკვე ვიწყებთ. გვინდა, მაქსიმალურად მომზადებულები დავხვდეთ ანაკლიის პროექტს. სწორედ „შუა დერეფნის“ პროექტმა გაგვიჩინა მოსაზრება იმის შესახებ, რომ აუცილებლად უნდა შეგვექმნა დამატებითი სავაგონო პარკი საკუთრებაში. ეს გამოწვეული იყო ბაზარზე არსებული რეალური დეფიციტით, რაც მომავალში ხელს შეუშლიდა ტვირთების უწყვეტ გადაზიდვას ჩვენი ტერმინალის მიმართულებით. ამ პროექტზე მუშაობა „თიბისისთან“ ერთად 2025 წლის შემოდგომაზე დავიწყეთ. მოვახერხეთ, რომ გაზაფხულზე ვაგონები უკვე საქართველოში მივიღეთ. ეს ვაგონები თვის ჭრილში აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე დაახლოებით ოთხ ბრუნს ასწრებს, რაც მოცულობებით თვეში 30 000 ტონამდე ტვირთს შეადგენს. ეს ნამდვილად კარგი შედეგია," - ამბობს Zet Trans-ის დამფუძნებელი.
ალექსანდრე ნიკოლაიშვილი: ჩვენი გამოცდილებით, საერთაშორისო პარტნიორული ქსელით და რეალური მატერიალურ-ტექნიკური რესურსით შევძლებთ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ანაკლიის პორტის განვითარებაში
თიბისისა და “ზეტ ტრანს ჯგუფის” პარტნიორობით, საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურას 100 ახალი სატვირთო ვაგონი შეემატა. ეს ყველაზე მსხვილი კერძო ინვესტიციაა, რომელიც ამ სექტორში განხორციელდა. პროექტის ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 7 მილიონამდე დოლარი შეადგინა, რაც სრულად თიბისის დაფინანსებულია. ახალი ვაგონები უკვე მოძრაობს აზერბაიჯანი-საქართველოს მიმართულებით და კარბამიდის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ვაგონები ექსპლუატაციაში აპრილიდან შევიდა და თვეში საშუალოდ სამ-ოთხ ბრუნს ასრულებს. ამ პერიოდში ბათუმის პორტის მიმართულებით დაახლოებით 40 000 ტონა ტვირთი უკვე გადაზიდულია. ვაგონების დამატება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყანაში სარკინიგზო გადაზიდვების შესაძლებლობებს — პროექტი ხელს უწყობს რეგიონში არსებული სპეციალიზებული სატვირთო ვაგონების დეფიციტის შემცირებასა და ზრდის ტვირთების გამტარუნარიანობას. ასევე აძლიერებს, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყნის როლს. „უკვე 10 წელზე მეტია, “ზეტ ტრანს გრუპთან” ვპარტნიორობთ და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ წარმოებისა და სერვისების მიმართულებით. ეს ინვესტიცია კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ შეუძლია ბიზნესისა და ბანკის პარტნიორობას შექმნას ღირებულება როგორც კომპანიისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. ახალი ვაგონები აძლიერებს შუა დერეფნის გამტარუნარიანობას და ხელს უწყობს ლოგისტიკური სექტორის განვითარებას. ლოგისტიკა კი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისი წილი მშპ-ში 6%-ია. სექტორის ზომიდან და სტრატეგიული დანიშნულებიდან გამომდინარე, ტრანსპორტი და დასაწყობება თიბისისთვისაც პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომ აქტიურად ვაფინანსებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ბიზნესის გაფართოებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ამის შედეგია, რომ ბოლო სამ წელში თიბისის ლოგისტიკის სექტორის საკრედიტო პორტფელი 74%-ით გაიზარდა და 436 მილიონ ლარს შეადგენს,“ — დავით კონცელიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი. „კომპანიის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ დადებითი შედეგი უკვე გამოიღო ტვირთბრუნვის ზრდისა და ლოგისტიკური პროცესების ეფექტიანობის მიმართულებით. ჩვენთვის მთავარი პრინციპებია დროის ოპტიმიზაცია, ტვირთის გადაზიდვა უსაფრთხოდ და ხარისხის სრული დაცვით. ახალმა, თანამედროვე სავაგონე პარკმა ამ მიმართულებით ჩვენი შესაძლებლობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა, რაც შუა კორიდორის კონკურენტუნარიანობისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა, ჩვენ კი ამ მასშტაბურ პროექტს სრულ მზადყოფნაში ვხვდებით - განახლებული, თანამედროვე სავაგონე პარკით, რომლის გაფართოებაც, საჭიროების შემთხვევაში, კვლავაც შეგვიძლია. ეს გვაძლევს ჯანსაღ ამბიციას, რომ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით, საერთაშორისო პარტნიორული ქსელითა და რეალური მატერიალურ-ტექნიკური რესურსით შევძლებთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ანაკლიის პორტის განვითარებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობა ხელს შეუწყობს შუა კორიდორისა და მთლიანად საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებას,” — ალექსი ნიკოლაიშვილი, Ztrans Group-ის დამფუძნებელი. "გვინდა, მომზადებულები დავხვდეთ ანაკლიის პორტის პროექტს“ — Zet Trans Group-მა 100 ახალი ვაგონი შეიძინა