თეგი: „ტრამპის მარშრუტი“
ფაშინიანის თქმით, ტერმინი „ზანგეზურის დერეფანი“ „კონფლიქტის ნარატივთან ასოცირდება“
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაეროს ტრიბუნიდან გააკრიტიკა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი „ტერმინ ზანგეზურის დერეფნის გამოყენების“ გამო. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, რომელთანაც ვაშინგტონის დეკლარაცია შეთანხმდა, არაერთხელ ახსენა ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“, მათ შორის, გაეროს ტრიბუნიდან. ეს გამონათქვამი კი, როგორც სომხეთის პრემიერი მიუთითებს, არცერთ დოკუმენტში არ გვხვდება, მათ შორის, არც ვაშინგტონში შეთანხმებულ დოკუმენტებში. „ჩემმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ უნდა დააზუსტოს, რას გულისხმობს ამ ფრაზაში, რადგან სომხურ რეალობაში ეს აღიქმება, როგორც სომხეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზია და ასოცირდება კონფლიქტის ნარატივთან. 8 აგვისტოს დოკუმენტებში ჩვენ შევთანხმდით მკაფიო შინაარსსა და ნარატივზე და შეუძლებელია ამ შეთანხმებებისადმი ერთგულებაში ეჭვის შეტანა რაიმე ფორმით - ჩემ მიერ ნახსენები ნარატივებით და/ან ამ ტრიბუნიდან გამოთქმული სხვა ნარატივებით. ასეთი ნარატივები არ ზრდის ხალხის რწმენას მშვიდობის მიმართ; ისინი არც მშვიდობის ატმოსფეროდან და უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებებიდან მომდინარეობს. სხვადასხვა ტრიბუნიდან, აზერბაიჯანის პრეზიდენტი საუბრობს სომხეთის სავარაუდო კაპიტულაციაზე. გულწრფელად რომ ვთქვა, არ მესმის, ასეთი უზარმაზარი დადებითი შინაარსის არსებობისას, რაც ერთობლივი ძალისხმევით მიიღწა, რატომ უნდა შემოვიტანოთ აგრესიული ქვეტექსტები, რომლებიც ობიექტურ რეალობასთან არ არის დაკავშირებული. ნუთუ მშვიდობა საკმარისი სიხარული არ მოაქვს? მაგალითად, ჩემთვის მოაქვს. ასევე მახარებს ის ფაქტი, რომ სომხეთის რესპუბლიკა არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც შთამბეჭდავი ტემპით ვითარდება - ის არის დამოუკიდებელი, სუვერენული და დღეს საკუთარ მომავალს აშენებს. ეს არის სახელმწიფო, რომელიც არ ავრცელებს სიძულვილს მეზობლების ან ვინმეს მიმართ. მინდა, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“ და მსგავსი ნარატივები არ გამომდინარეობს მიღწეული შეთანხმებებიდან,“ - აღნიშნა ფაშინიანმა და ხაზი გაუსვა, რომ ხსენებული ტერმინის გამოყენება გამაღიზიანებელია, იწვევს უარყოფით გავლენას და ის აღიქმება, როგორც ტერიტორიული პრეტენზია სუვერენული ქვეყნის მიმართ, მიღწეული და გამოცხადებული შეთანხმებების მიუხედავად. „მაგრამ ეს ნამდვილად ვერ გადაგვახვევინებს შეთანხმებების შესრულების პრაქტიკიდან, ერთი მილიმეტრითაც კი. ამრიგად, 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამოცხადებული TRIPP-ის [„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის] “მარშრუტის პროექტის ფარგლებში, სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის რკინიგზა, ავტომაგისტრალი, მილსადენები და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რომლებიც აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს. ამ შეთანხმების შედეგად, ჩრდილოეთი ასევე დაუკავშირდება სამხრეთს. მხოლოდ გეოგრაფიული ჩამოთვლაც საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ეს არის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ზუსტი ასახვა, რომლის წარდგენის შესაძლებლობაც ამ ტრიბუნიდან მქონდა. TRIPP-ის მარშრუტის ინფრასტრუქტურის პროექტი წარმოიქმნება „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროგრამიდან, რომლის შესაძლებლობების განვითარების შესახებაც პრეზიდენტ ტრამპთან ორმხრივ მემორანდუმს ხელი 8 აგვისტოს, ვაშინგტონში მოვაწერეთ. საჭიროდ მიმაჩნია აღვნიშნო, რომ ვაშინგტონის დეკლარაციის შესაბამისად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციების გახსნა სახელმწიფოთაშორისი, ორმხრივი და საერთაშორისო ტრანსპორტირებისთვის მოხდება სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პატივისცემის საფუძველზე. ეს შეთანხმებები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს სომხეთის რესპუბლიკისთვის, დანერგოს სასაზღვრო, საბაჟო და სხვა კონტროლის უახლესი ტექნოლოგიები, არამხოლოდ TRIPP-ის მარშრუტზე, არამედ, სხვა სასაზღვრო გადასასვლელებზეც, რომლებიც ყველაზე თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება. ფაშინიანის თქმით, „ტრამპის მარშრუტს“ რეგიონული და გლობალური გავლენა ექნება სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნა მნიშვნელოვანია TRIPP-ის მარშრუტის ინფრასტრუქტურული პროექტისთვის: ეს ნიშნავს არსებული რკინიგზის, მაგისტრალების გახსნას, მილსადენების, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების და კაბელების განვითარების პერსპექტივას. მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში სომხეთსა და თურქეთს შორის უპრეცედენტო პოზიტიური დიალოგი დამყარდა. პრეზიდენტ ერდოღანთან ჩემი შეხვედრები რეგულარულია, ნდობის მუდმივად მზარდი დონის ფონზე. ეს არის მიღწევა, რომელსაც ძალიან ვაფასებ და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, ეს დადებით შედეგებს, კერძოდ, სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას და სახელმწიფოთაშორისი საზღვრის სრულად გახსნას მოიტანს,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია
ფაშინიანმა არ გამორიცხა „ტრამპის მარშრუტით“ შეიარაღების ტრანსპორტირების შესაძლებლობა აზერბაიჯანთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს არც უარყო და არც დაადასტურა, რომ სიუნიქის გზის [რომელსაც „ტრამპის გზა“ ეწოდება] ამოქმედების შემდეგ, აზერბაიჯანი იარაღისა და ჯარების ნახიჩევანში გადაადგილებას შეძლებს. ნიკოლ ფაშინიანმა ამავდროულად ხაზი გაუსვა, რომ ზოგადად, გზების ფუნქციონირების დეტალები ჯერ არ არის შეთანხმებული, თუმცა მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტა ორმხრივი ურთიერთშეთანხმების პრინციპს დაეფუძნება. „თუ სომხეთზე რაიმე პირობა ვრცელდება, ეს პირობა აზერბაიჯანზეც ვრცელდება. „ჩვენ თვითონ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: გვინდა თუ არა, რომ ჩვენმა იარაღმა და ჯარმა ნახიჩევანის გავლით გაიაროს? გვინდა თუ არა ეს? რადგან ჩვენს რეალობაში პრობლემაა: ჩვენ გამუდმებით სხვებზე ვსაუბრობთ, მაგრამ საკუთარ თავზე არ ვსაუბრობთ. თუ გადავწყვეტთ, რომ გვსურს იარაღის გადატანა ნახიჩევანის ტერიტორიის გავლით მეღრში და უკან, ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს ამ საკითხებზე. თუ გადავწყვეტთ, რომ არ გვინდა იარაღის ნახიჩევანის ტერიტორიიდან სიუნიუქის მიმართულებით რკინიგზით და უკან გადატანა, მაშინ შესაბამის პოზიციას დავიკავებთ,“ – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვასთან და „ტრამპის მარშრუტის“ პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უნდა განიხილებოდეს ხუთი პრინციპის - სუვერენიტეტის, იურისდიქციის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისა და ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია
ევროკავშირი TRIPP-ში ჩართვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან TRIPP-ში ევროკავშირის მონაწილეობის შესაძლებლობაზე. ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა მარტა კოსმა განაცხადა. „ეს არის 42-კილომეტრიანი რკინიგზა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ეხებოდეს არამხოლოდ ამ 42-კილომეტრიან მონაკვეთს, არამედ, ყველაფერს, რაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით მდებარეობს და ეს ყველაფერი ერთდროულად უნდა გაკეთდეს,“ - აღნიშნა კოსმა. კოსმა აღნიშნა, რომ სომხურმა მხარემ უნდა წარმოადგინოს სომხეთისთვის პრიორიტეტების სია ამ ყოვლისმომცველი კავშირის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. „ჩვენ გვაქვს საკუთარი იდეები. ამ საკითხებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან განვიხილავთ. ამიტომ, ჩვენთვის აზრი არ აქვს ამის ნაწილ-ნაწილ გაკეთებას. თუმცა ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა ან მონაწილეობა ასევე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ 42-კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობა,“ - განაცხადა მარტა კოსმა. აშშ „ტრამპის მარშრუტისთვის“ პირველი დაფინანსების გამოყოფას გეგმავს
სომხეთის საგარეო უწყება განმარტავს, როდის დაიწყება „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობა
სომხეთის საგარეო უწყება განმარტავს, როდის დაიწყება „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობა. „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის (TRIPP) პრაქტიკული ფაზა, სამშენებლო სამუშაოების დაწყების ჩათვლით, 2026 წლისთვისაა დაგეგმილი. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ სომხეთი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკელ პარტნიორებთან „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ პროექტის სამართლებრივი ჩარჩოსა და მარეგულირებელი მექანიზმების შემუშავების მიზნით. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურ-ამერიკული ერთობლივი საწარმო TRIPP Company დარეგისტრირდება სომხეთში და მიიღებს უფლებას, განავითაროს საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, რკინიგზა და გზები, ნავთობისა და გაზის მილსადენები და ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზები. „სომხურ-ამერიკული ერთობლივი საწარმო TRIPP კომპანია დარეგისტრირდება სომხეთში და მიიღებს უფლებას, განავითაროს საჭირო ინფრასტრუქტურა რკინიგზის, გზის, ნავთობისა და [ბუნებრივი] გაზის მილსადენებისთვის, ასევე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებისთვის,“ - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „ერევანი „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხორციელებას სომხეთის მთავრობის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია ფაშინიანის თქმით, ტერმინი „ზანგეზურის დერეფანი“ „კონფლიქტის ნარატივთან ასოცირდება“
რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებს - NATO-ს ხედვა
NATO-ს შეფასებით, რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს „შუა დერეფანს“, ე.წ. „ტრამპის მარშრუტს“ და სხვა რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებს? „რეგიონული უსაფრთხოების, მშვიდობის დღის წესრიგისა და სტრატეგიული კავშირების აქტუალური საკითხები“ განიხილა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში. NATO-ს მაღალჩინოსნის თქმით, სამხრეთ კავკასიას, უდავოდ, აქვს პოტენციალი, გახდეს ადამიანების, საქონლისა და მომსახურების გადაადგილების მთავარი სატრანსპორტო ცენტრი, თუმცა, ამ პოტენციალის რეალიზება მოითხოვს თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებას და ნამდვილ ინტერმოდალობას, რაც უზრუნველყოფს ეფექტიან გადაზიდვებს მრავალ ეტაპზე, ქვეყანაში და მრავალფეროვან გეოგრაფიულ პირობებში. „ვაშინგტონში 8 აგვისტოს შეთანხმება და მისი შემდგომი მოვლენები, მათ შორის, რეგიონული კავშირის ქსელის შექმნა, რომელიც ძირითადად აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს აკავშირებს და უფრო ფართოდ აკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან, აშკარად ქმნის ასეთ შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა, აუცილებელია, რომ ეს ინიციატივები, მათი დანიშნულების მიუხედავად, ნამდვილად ემსახურებოდეს რეგიონის ქვეყნების ინტერესებს. მათ უნდა მისცენ ყველა რეგიონულ მოთამაშეს საშუალება, სრულად გააცნობიერონ თავიანთი ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალი, ამავდროულად, ხელი შეუწყონ მშვიდობის დამყარებას და გრძელვადიან სტაბილურობას. ეს პრინციპები TRIPP-ის ბირთვს წარმოადგენს, რომელსაც აქვს პოტენციალი, გახსნას მნიშვნელოვანი ეკონომიკური შესაძლებლობები მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სასარგებლოდ. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიაში ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში ჩვენს საერთო სამეზობლოში და, უფრო ფართოდ, მთელ ტრანსატლანტიკურ რეგიონში,“ - აღნიშნავს ვინიკოვი. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთიც და ირანიც სამხრეთ კავკასიას თავიანთი სტრატეგიული გავლენის სფეროს ნაწილად მიიჩნევენ, როგორ აბალანსებს NATO თანამშრომლობას აზერბაიჯანთან ამ რეგიონული დაძაბულობის ფონზე? ამ შეკითხვის საპასუხოდ, NATO-ს მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ალიანსის თანამშრომლობა რეგიონის სამივე ქვეყანასთან ეფუძნება მოთხოვნაზე ორიენტირებულ პრინციპს: „ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი პარტნიორები მოითხოვენ (და როგორც ამას ჩვენი მოკავშირეები გადაწყვეტენ). ჩვენ არ ვახვევთ თავს საკუთარ დღის წესრიგს და არც ვაიძულებთ თანამშრომლობას რაიმე საშუალებით. ამის ნაცვლად, ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის თხოვნებს და ვცდილობთ, რაც შეიძლება ეფექტიანად ვუპასუხოთ იმ სფეროებში, რომლებიც ემსახურება ჩვენი პარტნიორების საჭიროებებს და სადაც NATO-ს შეუძლია დამატებითი ღირებულების უზრუნველყოფა.“ ამავე ინტერვიუში ვინიკოვმა ხაზი გაუსვა, რომ NATO მიესალმა ნორმალიზაციის პროცესში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და მხარს უჭერს აზერბაიჯანისა და სომხეთის ყველა კონსტრუქციულ ძალისხმევას მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. „ეს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გასაღებია. ჩვენ არ ვართ ამ პროცესის ნაწილი, მაგრამ ყოველთვის ვაფასებდით და ვუჭერდით მხარს ჩვენი მოკავშირეების ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ ვაშინგტონში 8 აგვისტოს სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირებას მნიშვნელოვან ეტაპად მივიჩნევთ მდგრადი მშვიდობის მიღწევისა და რეგიონში კავშირის განბლოკვის გზაზე. ეს, თავის მხრივ, გააძლიერებს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და კიდევ უფრო გააძლიერებს პარტნიორობას რეგიონის ცალკეულ ქვეყნებსა და NATO-ს შორის,“ - განაცხადა ვინიკოვმა.
ამერიკამ და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები გაასაჯაროვეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 13 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პროექტის - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელების ჩარჩო დოკუმენტი წარადგინეს. ჩარჩო დოკუმენტის თანახმად, სომხეთი „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობის გრძელვადიან ექსკლუზიურ უფლებებს აშშ-ის მიერ კონტროლირებად კომპანიას 49 წლის ვადით გადასცემს, რომელიც შეიძლება, დამატებით 50 წლით გაგრძელდეს. კერძოდ, კომპანიაში აშშ 74%-იან წილს მიიღებს, ხოლო სომხეთი 26%-იან წილს. ასევე, კომპანია სატრანზიტო დერეფნის გასწვრივ სარკინიგზო ხაზს, გზას, ენერგომომარაგების ქსელებს და სხვა სახის ინფრასტრუქტურას ააშენებს. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სომხეთს „TRIPP-ის გავლით ვაჭრობისა და ტრანზიტის დროს საზღვრის კონტროლსა და საბაჟო ოპერაციებზე სრული უფლებამოსილება ექნება.“ 6-გვერდიანი დოკუმენტი გაგრძელებაა 2025 წლის 8 აგვისტოს დონალდ ტრამპს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გაფორმებული ხელშეკრულების, რომლის თანახმადაც, სომხეთი და აზერბაიჯანი საბოლოო ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმებისკენ ისწრაფვიან. დოკუმენტის თანახმად, პროექტი „დააკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ერთმანეთთან და შექმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კავშირს „ტრანსკასპიურ სავაჭრო გზაზე“ - რასაც სხვაგვარად, „შუა დერეფანს“ უწოდებენ [რედ]. რა ვალდებულებებს (თუმცა არა სამართლებრივს) იღებს ერევანი, რათა პროექტი, „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP), განხორციელდეს. შეიქმნება „TRIPP-ის განვითარების კომპანია“ - მოკლედ TDC, - რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს, ხოლო 26%-ს თავისთვის დაიტოვებს. ეს კომპანია იქნება პასუხისმგებელი TRIPP-ის განვითარებაზე; როგორც დოკუმენტში წერია, „არსებობს მოლოდინი“, რომ პროექტის ადმინისტრირების უფლება, „საწყის ეტაპზე“, 49 წლით ექნება. „არსებობს მოლოდინი, რომ შეთანხმება გახანგრძლივდება დამატებით 50 წლით, სომხეთის მთავრობის მიერ დამატებითი კაპიტალის შეტანით, რის შედეგადაც მისი წილი 49%-მდე გაიზრდება,“ - წერია დოკუმენტში. ამასთან, აშშ იტოვებს უფლებას, თქვას საბოლოო სიტყვა კომპანიის მეწილეებისა და საბოლოო ბენეფიციარების რაიმე ფორმით ცვლილების შესახებ - მათ შორის წილის გაყიდვაზე, დონაციაზე, რეორგანიზაციასა თუ სხვა სამართლებრივ პროცესზე. ხაზგასმულია, რომ პროექტის წარმატება დამოკიდებულია სომხეთ-აზერბაიჯანს შორის „მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციაზე“, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების „სრულ ნორმალიზაციაზე“, აშშ-ის ჩართულობაზე, რეგიონული თანამშრომლობასა და სტაბილურობაზე და სომხეთის ინსტუტიტების ეფექტურობაზე. „TRIPP-ი წარმოადგენს სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. სომხეთი ამ პროექტს მიიჩნევს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული ინტეგრაციის სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძვლად,“ - წერია დოკუმენტში. „TRIPP-ის შემუშავება იგეგმება სომხეთის ტერიტორიაზე განსაზღვრული სატრანზიტო მარშრუტების ფარგლებში, - რომლის კონკრეტული ადგილებიც მომავალში დაზუსტდება“; ხაზგასმულია, რომ ეს მოხდება „სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ფარგლებში პროექტის ყველა არეალზე სომხეთის სრული სუვერენიტეტის შენარჩუნებით“. „ჩარჩო დოკუმენტი ასახავს კონკრეტულ გზას TRIPP-ის ამოქმედებისთვის, რომლის მიზანი სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მრავალმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარებაა. აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილისა და მისი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დაკავშირებისა და ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის დამაკავშირებელი გზის შექმნის პარალელურად, TRIPP-ი ორმხრივ სარგებელს მოუტანს სომხეთის რესპუბლიკას საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი კავშირების თვალსაზრისით. TRIPP-ი პრეზიდენტ ტრამპის მიერ 8 აგვისტოს გამართულ ისტორიულ მშვიდობის სამიტის პრინციპებს ეფუძნება და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს,“ - ნათქვამია თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „ვფიქრობთ, TRIPP-ის შეთანხმება ნამდვილად გახდება მსოფლიოსთვის მოდელი იმისა, თუ როგორ შეგიძლიათ, გახსნათ საკუთარი თავი ეკონომიკური აქტივობისა და კეთილდღეობისთვის.“ მანაც გაუსვა ხაზი, რომ ეს ხდება „სუვერენიტეტის ყოველგვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის გარეშე.“ ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, TRIPP-ის პროექტი ვაჭრობის, ტრანზიტისა და ენერგეტიკული ნაკადების კუთხით, სამხრეთ კავკასიის პოტენციალს გახსნის, რაც ხელს შეუწყობს კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გაზრდას მთელ რეგიონში.“ „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შესანიშნავი იქნება სომხეთისთვის, შესანიშნავია შეერთებული შტატებისთვის, შესანიშნავია ყველა ჩართული მხარისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოდელი იქნება მსოფლიოსთვის.“ რა საკითხებს განიხილავენ მირზოიანი და რუბიო ვაშინგტონში შეგახსენებთ, 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე, ორმხრივ შეთანხმებებს. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
რუბიომ აზერბაიჯანი სომხეთისთვის საწვავის მიწოდების გამო შეაქო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 19 იანვარს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა რუბიომ შეაქო აზერბაიჯანის მთავრობის მიერ სომხეთში საწვავის მიწოდება - მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც აჩვენებს აზერბაიჯანის ერთგულებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიმართ, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში გამართულ სამიტზე გაასაჯაროვა. აზერბაიჯანიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, ნავთობპროდუქტების მორიგი პარტია გაიგზავნა უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით ნდობის აღდგენის სხვა ზომებზე და აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობების პოზიტიური განვითარება შეაქეს. ამერიკამ და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები გაასაჯაროვეს
რა თქვეს ბაქომ და ერევანმა სატრანსპორტო დერეფნებთან დაკავშირებით
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა სომხური მხარისგან მოთხოვნა მიიღო, რომ სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტი დაშვებულიყო და ბაქომ, ფაქტობრივად, ცალმხრივად გახსნა დერეფნები სომხეთისთვის. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე განაცხადა. ალიევის თქმით, ამჟამად [სომხური ტვირთის] ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა არც ისე შორს არის დრო, როცა ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით იქნება უზრუნველყოფილი. „აზერბაიჯანმა ყაზახეთიდან და რუსეთიდან სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა. ახლა სომხური მხარისგან მივიღეთ მოთხოვნა, სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ჩვენ, ფაქტობრივად, ცალმხრივად გავხსენით დერეფნები. დიახ, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, მაგრამ ერთ დღეს ის სომხეთზე გაივლის. ერთ დღეს ტრანზიტი უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით და ეს დღე არც ისე შორს არის,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ალიევმა აღნიშნა, TRIPP-ისა და შეერთებული შტატების მიერ ამჟამად მიმდინარე დაკავშირებადობის პროექტის ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში ამოქმედდება ახალი სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც დაემატება უკვე არსებულ დერეფნებს, რომლებიც საქართველოს გავლით გადის. მან ისაუბრა სამომავლოდ ტვირთების პირდაპირ ბრუნვაზე თურქეთიდან აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სომხეთს, სომხეთსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის. „ჩვენ ძალიან მჭიდრო ალიანსი დავამყარეთ თურქეთთან, რომელიც მოძმე ქვეყანაა და ინვესტიციები თურქეთში 20 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ჩვენ ასევე ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში. TRIPP-ისა და შეერთებული შტატების მიერ დაკავშირებადობის პროექტის მეშვეობით, ჩვენ შევქმნით ახალ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც აზიიდან კასპიის ზღვის გავლით, აზერბაიჯანის, სომხეთის, აზერბაიჯანის ნაწილის - ნახიჩევანის - თურქეთის გავლით და მეტიც, ევროპის მიმართულებით იქნება გადაჭიმული - საქართველოზე გამავალი დერეფნების დამატებით.“ რაც მეტია მარშრუტი, მით უკეთესია მომხმარებლებისთვის, მომწოდებლებისთვის, სატრანზიტო ქვეყნებისთვის,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ალიევის თქმით, აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტი არის რეგიონი და მისი უშუალო მეზობლები. „მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა ჩვენს მეზობელთან, რა თქმა უნდა, სომხეთის გარდა - კარგად ცნობილი მიზეზების გამო. ფაქტობრივი მშვიდობის დამყარების შემდეგ, ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და ექსპორტის ოპერაციები,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა. თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა იმავე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ცვალებად სამყაროში სამხრეთ კავკასიისა და შუა დერეფნის როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და რეგიონის მნიშვნელობა ევროკავშირის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიისთვის იზრდება. „ორი წლის წინ, თუნდაც ერთი წლის წინ, წარმოუდგენელი ჩანდა, რომ ეს შეიძლებოდა, მომხდარიყო ასეთ მოკლე დროში, როდესაც სომხეთს უკვე აქვს შესაძლებლობა, აზერბაიჯანიდან საქონელი პირდაპირ, საქართველოს გავლით მიიღოს. დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც ამ საქონელს უბრალოდ ჩვენი ტერიტორიების გავლით მივიღებთ, ანუ აზერბაიჯანი-სომხეთის და ნახიჩევანი-სომხეთის მარშრუტებით,“ - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა. საქართველოს მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტები 20 იანვარს, დავოსის პანელურ დისკუსიაში, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად მონაწილეობდნენ. ცნობისთვის, ერევანი რუსეთიდან სომხეთში თხევადი ბუნებრივი აირის აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით ტრანსპორტირების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესმდივანმა ლილიტ შაბოიანმა 19 იანვარს განაცხადა. კითხვას, როდის იქნებოდა ეს შესაძლებელი, პრესმდივანმა უპასუხა: „მალე“, კონკრეტული თარიღის დაკონკრეტების გარეშე. „ვინაიდან ჩვენ გაზს ორი ძირითადი ქვეყნიდან – ირანიდან და რუსეთიდან – ვიღებთ, ირანში გარკვეული პრობლემები წარმოიშვა ცნობილი გარემოებების გამო და რუსეთთან დაკავშირებული პრობლემები ზემო ლარსს უკავშირდება. თუმცა ეს საკითხი ძალიან მალე მოგვარდება, რადგან სომხეთში თხევადი გაზის იმპორტი რკინიგზით დაიწყება და რუსული თხევადი გაზი სომხეთში ძალიან მალე აზერბაიჯანის გავლით შევა. განიხილება რუსეთიდან სომხეთში თხევადი გაზის რკინიგზით იმპორტის ვარიანტი,“ – განაცხადა სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა. News.am-ის ცნობით, სომხეთში თხევადი ბუნებრივი აირის ფასი ბოლო დღეებში თითქმის გაორმაგდა. სარკინიგზო ტრანზიტის აღდგენა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სომხეთში სატვირთო გადაზიდვებზე შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი შეთანხმება 2025 წლის ოქტომბერში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობების მონაწილეობით გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები გაასაჯაროვეს აზერბაიჯანმა საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები მოხსნა რუბიომ აზერბაიჯანი სომხეთისთვის საწვავის მიწოდების გამო შეაქო აზერბაიჯანიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, ნავთობპროდუქტების მორიგი პარტია გაიგზავნა
„ტრამპის მარშრუტის“ პროექტის მოსამზადებლად, სომხეთში აშშ-ის დელეგაცია ჩავიდა
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ამერიკული კომპანია AECOM სომხეთში ჩავიდა, რათა TRIPP-ის პროექტზე კვლევა დაიწყოს. ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის“ ფონდის საახელით ხორციელდება. საელჩოს ცნობით, დაგეგმილი სამუშაო მოიცავს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლას, რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის წინადადებების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს სომხეთის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და რეგიონულ ინტეგრაციას. TRIPP-ის („ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) პროექტი, აშშ-ის შუამავლობით, ვაშინგტონში, სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამშვიდობო დეკლარაციის ფარგლებში გაფორმდა. ტრამპი: თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა სომხეთის პარლამენტის სპიკერი „ტრამპის მარშრუტში“ რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობას აბსურდულად მიიჩნევს ბაქოს პორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან და TRIPP-თან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდაში - ADY ამერიკამ და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები გაასაჯაროვეს
რა საკითხები განიხილეს მინისტრის მოადგილემ და ბრენდან ჰანრაჰანმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე
4 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროსს ბრენდან ჰანრაჰანს შორის შეხვედრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. უწყების ინფორმაციით, ლაშა დარსალია ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ბრენდან ჰანრაჰანს. სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ანონსის გარდა, შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მხარეებმა „სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, რაც გამომდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით, 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებიდან,“ - განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა ონლაინ გამოცემა Independence Avenue Media-ს. სპიკერის განცხადებით, ჰანრაჰანსა და დარსალიას „3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე.“ მინისტრის მოადგილე, ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებს. საქართველოს საელჩოში გამართული შეხვედრის შესახებ, საელჩოს მიერ 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაგეგმარების პოლიტიკის უფროს მრჩეველ ჯონათან ასკონასსთან და სპეციალურ თანაშემწე ჩარლზ იოკისთან შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ „კვლავ გამოხატა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 5 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა დარსალიამ, ასევე შეხვედრა გამართა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში, მდივნის მოადგილეებთან - ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში - უილიამ კიმიტთან; ინდუსტრიისა და უსაფრთხოების საკითხებში - ჯეფრი კესლერთან. მხარეებმა „სატრანსპორტო-ლოგისტიკის, რეგიონული ვაჭრობის, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების მიმართულებით საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის განვითარება“ განიხილეს. ამასთან, შეხვედრაზე „საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს როლზე. ამ კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს მზაობა მაღალი ტექნოლოგიების სექტორში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.“ ცნობისთვის, უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი თბილისში რეგიონული ტურნეს ფარგლებში 2025 წლის ნოემბერში იმყოფებოდა - იმის გასარკვევად, როგორ შეძლებს საქართველო, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP). ბრანდან ჰანრაჰანი კი, 2025 წლის სექტემბერში, სომხეთსა და აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ამ ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ აშშ საწყის ეტაპზე 145 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას გამოყოფდა „ტრამპის მარშრუტის“ განსავითარებლად. მიმდინარე წლის იანვარში, აშშ-ის სავაჭრო და განვითარების სააგენტოს (USTDA) ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ევროპისა და ევრაზიის რეგიონული დირექტორის კარლ კრესის ხელმძღვანელობით, ამერიკული დელეგაცია აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოე ეწვია. შეგახსენებთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.