თეგი: ავიაცია

ავიამარეგულირებელმა Air Moldova-ს მოსკოვის მიმართულებით ფრენების განახლება აუკრძალა

სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა მოლდოვის კომპანიებს რუსეთში ფრენა აუკრძალა. ამის შესახებ 10 სექტემბერს მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ განაცხადა.  სპინუმ გამოაქვეყნა სააგენტოს გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ შეაჩერა ყველა ნებართვა, რომელიც რუსეთის ავიაოპერატორებზე გასცეს. ავიაკომპანია Air Moldova მოსკოვში ფრენებს განაახლებს მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ფრენები რუსეთში შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს და გამოსცა დირექტივა, რომელიც  მოლდოვის ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენების განხორციელებას უკრძალავს. მანამდე ანდრეი სპინუმ Air Moldova-ს გადაწყვეტილება კიშინიოვი-მოსკოვის ფრენის განახლების შესახებ, უპასუხისმგებლო უწოდა. შეგახსენებთ, რომ Air Moldova-მ მოსკოვის მიმართულებით ფრენების განახლებაზე პირველი ოქტომბრიდან გამოაცხადა.   

უკრაინა: რუსეთმა უკრაინის საზღვართან 800-მდე სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი განათავსა

რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან თითქმის 800 თვითმფრინავი და ვერტმფრენი განათავსა. ტექნიკა 40 სამხედრო აეროდრომზეა განლაგებული. ამის შესახებ ბრიფინგზე საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა იური იგნატმა განაცხადა, იუწყება Ukrinform. მისი თქმით, თვითმფრინავების სავარაუდო რაოდენობაა 430 ერთეული, ასევე 340 ვერტმფრენი. უკრაინელი მებრძოლები მუდმივად პატრულირებენ და აკონტროლებენ ბელორუსის, რუსეთის საჰაერო სივრცეს, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს, ასევე შავი და აზოვის ზღვების წყლებს. „ზოგადად, რუსული ავიაცია დღეში 200-მდე გაფრენას ახორციელებს. უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან დღემდე რუსულმა ავიაციამ სულ 38 000 გაფრენა განახორციელა“, - აცხადებს იგნატი.   

გენერალური შტაბი: უკრაინის ავიაციამ, რუსულ ძალებზე ათჯერ მიიტანა იერიში

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 19 ოქტომბერს რუსეთის ჯარზე 10-ჯერ მიიტანა იერიში. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. გენერალური შტაბის ინფორმაციითვე, 19 ოქტომბრის 18:00 საათისთვის, რუსეთის ფედერაციის ჯარები ცდილობენ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაკავებას და ძალისხმევას მიმართავენ გარკვეული მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებაზე. „ამავდროულად, მტერი შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ცდილობს ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულებით“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ლევან დავითაშვილი: საქართველოს ავიაცია მომავალი წლიდან სრულად აღდგება და განვითარებას ევროპული მაღალი სტანდარტების შესაბამისად გააგრძელებს

ევროპასთან ინტეგრაციის პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ინსტიტუციური ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, მათ შორის ევროკონტროლში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ავიაციის განვითარებისთვის, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა ევროკონტროლის (ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია – EUROCONTROL ) გენერალურ დირექტორთან შეხვედრის კომენტირებისას. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი ევროკონტროლის გენერალურ დირექტორს ემონ ბრენანს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვახტანგ მახარობლიშვილმა. მხარეებმა საქართველოსა და ორგანიზაციას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული და სამომავლო ურთიერთოების, მათი განვითარების შესახებ იმსჯელეს. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მომავალი წლიდან საქართველო ევროკონტროლის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული საკითხების განხილვა პარტნიორებთან – ევროკონტროლის ხელმძღვანელობასთან. „საქართველოს ავიაციის აღდგენა ინტენსიურად მიმდინარეობს და მომავალი, 2023 წლიდან პროგნოზირებულია, რაშიც საერთაშორისო პარტნიორებიც გვეთანხმებიან, რომ ის სრულად აღდგება 2019 წელთან მიმართებაში და გააგრძელებს განვითარებას ევროპული მაღალი სტანდარტების შესაბამისად იმისთვის, რომ ბაზარი იყოს კონკურენტუნარიანი, მდგრადი და მომავალში ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, ევროკონტროლის გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოსთან შესანიშნავი თანამშრომლობის რეჟიმში მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. „მინდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრთან, სადაც განვიხილეთ საქართველოს თანამშრომლობა ევროკონტროლთან, ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება ევროპელ გადამზიდველებს, აეროპორტებს და ა.შ.მომავალში ჩვენ ვაპირებთ ასევე აქტიურად ვითანამშრომლოთ. ვიმედოვნებთ, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა აეროპორტებში უფრო მეტ ევროპელ გადამზიდველს ვიხილავთ“, – განაცხადა ემონ ბრენანმა. ევროკონტროლი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის მასშტაბით საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხო და უწყვეტი მართვის უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობს. საქართველო ორგანიზაციის წევრი 2014 წელს გახდა.  

მედია: რუსეთის ავიაკომპანიები და აეროპორტები საერთაშორისო საავიაციო დომენის ზონიდან გაითიშებიან

რუსულ ავიაკომპანიები და აეროპორტები საერთაშორისო საავიაციო დომენის ზონიდან გაითიშებიან. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ რესურსებზე დაყრდნობით წერს. გადაწყვეტილება სამოქალაქო ავიაციის სერვისების შვეიცარიულმა პროვაიდერმა SITA-მ მიიღო, რომელიც aero დომენის ზონას მართავს. ამ დომენის ზონაში რუსეთიდან 200-ზე მეტი ვებგვერდი რეგისტრირებულია, რომელსაც დაახლოებით, 30 რუსული აეროპორტი (შერემეტევო, ჟუკოვსკი, ყაზანი, კრასნოიარსკი) ასევე, 15 ავიაკომპანია იყენებს. საერთაშორისო საავიაციო დომენის ზონა aero 2002, წელს სპეციალურად ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის შეიქმნა. ამ დომენის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ავიაკომპანიებს, აეროპორტებს, კოსმოსურ და საავიაციო საწარმოებს, საავიაციო კლუბებს, ბილეთების გაყიდვის სისტემებს, თვითმფრინავის ეკიპაჟებს, სახმელეთო სერვისებს და ა.შ. ის ასევე საშუალებას აძლევს კომპანიებს, გააძლიერონ ბრენდის აღიარება და დაამყარონ ნდობა მომხმარებლებთან. ინფორმაციისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს.