თეგი: Europetime

Europetime-ის განცხადება

ვეხმაურებით ,,მედიაკრიტიკის“ მიერ გავრცელებულ ეგრეთ წოდებულ კვლევას იმის თაობაზე, რომ Europetime-ის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით გავრცელებული მასალა, ,,ფეიკია'' და მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელითაა კომენტარი და არა კონკრეტული პირის მითითებით. ასევე, „მედიაკრიტიკის'' ავტორი გვამცნობს, რომ მასალები (რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით) ,,ფეიკია'' მხოლოდ იმიტომ, რომ მასალის ავტორი არ არის იდენტიფიცირებული. სარედაქციო მასალის გამოქვეყნება, ისევე როგორც სხვადასხვა უწყების სახელით კომენტარის, შეფასების თუ განცხადების გაკეთება, ჩვეულებრივი, აპრობირებული მეთოდია და არაფერი აქვს საერთო „ფეიკნიუსთან“. Europetime დღიდან მისი დაარსებისა, ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობითა და პროფესიული ეთიკის სრული დაცვით ეკიდება მკითხველის ნდობას. არასდროს, არცერთი მასალა, ინტერვიუ თუ კომენტარი გადაუმოწმებლად არ გაგვივრცელებია. რაც შეეხება პასუხებს, რომლებიც ჩვენს კითხვებზე სახელმწიფო დეპარტამენტიდან მივიღეთ, ცხადია, ამის ამსახველი მასალაც გვაქვს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, შესაბამისად, ჩვენს განცხადებას „სქრინებსაც'' ვურთავთ თან. სამწუხაროა, რომ შესაძლებელია, „მედიაკრიტიკის“ „კვლევა“ დაერქვას მასალას, რომელშიც დამოუკიდებელ მედიაგამოცემას, ასეთი ზედაპირული და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უაპელაციოდ შეიძლება, დასდონ ბრალი და დააბრალონ, ის რაც მის პრინციპებს ეწინააღმდეგება. თუ მასალის ავტორს მართლაც სურდა სიმართლის დადგენა, უაპელაციოდ და უარგუმენტოდ ,,ფეიკს'' კი არ დაარქმევდა ჩვენ მიერ გავრცელებულ განცხადებას, არამედ, მინიმუმ სანამ გამოაქვეყნებდა თავის „კვლევას'', ერთხელ მაინც მოგვმართავდა, როგორც ეს სხვა მედიასაშუალებებმა გააკეთეს, და ჩვენც სიხარულით მივაწვდიდით ამ მასალის ობიექტურობის დამადასტურებელ ყველა ფაქტს. ჩვენ მაინც იმედი გვინდა, დავიტოვოთ, რომ ეს ,,კვლევა'' თავისუფალი მედიის დისკრედიტაციის მცდელობას არ ემსახურება.