კრემლი იმედოვნებს, რომ გამოიყენებს დნესტრისპირეთსა და გაგაუზიას ჰიბრიდული ოპერაციების ჩასატარებლად მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
როგორც ცნობილია, მოლდოვის ავტონომიური რეგიონის გაგაუზიის პრორუსი ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ინფორმაციას გაგაუზიის ხელმძღვანელი, ევგენია გუცული ავრცელებს. ამასთან, კრემლის ვებგვერდზე კომენტარის გარეშე გამოქვეყნდა შეხვედრის ამსახველი ფოტო, რომელიც გადაღებულია ახალგაზრდული ფესტივალის მიღმა, შავი ზღვის კურორტ სოჭში.
„ვლადიმერ პუტინს მოლდოვის ხელისუფლების უკანონო ქმედებების შესახებ ვაცნობე, რომელიც ჩვენი სამოქალაქო პოზიციისა და ეროვნული ინტერესების ერთგულებისთვის ჩვენზე შურისძიებას ცდილობს,“ - წერდა გუცული ტელეგრამ არხზე.
ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრემლის გაზრდილი ფოკუსირება გაგაუზიასთან ურთიერთობებზე, კვლავ მიუთითებს იმაზე, რომ კრემლს იმედი აქვს, ორივე რეგიონს - დნესტრისპირეთსა და გაგაუზიას, ჰიბრიდული ოპერაციების გასამართლებლად გამოიყენებს.
ამასთან, კრემლი მიზნად ისახავს მოლდოვაში დესტაბილიზაციას და შემდგომ პოლარიზაციას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წინა დღეს და ქვეყანაში მიმდინარე წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
მანამდე, ოკუპირებული დნესტრისპირეთის “დეპუტატებმა” რუსეთს “მოლდოვის ზეწოლისგან დაცვა” სთხოვეს.
მოლდოვა რუსეთს დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში ხშირად ადანაშაულებს, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, მოლდოვა უკრაინის მეზობლებიდან ყველაზე დიდ ზიანს განიცდის. დნესტრისპირეთი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია. მას კიშინიოვი 1992 წლის მერე ვეღარ აკონტროლებს. რუსეთს უკვე 20 წელია, ამ რეგიონში 1700 სამხედრო ჰყავს განთავსებული.
გაგაუზია ავტონომიური რეგიონი მოლდოვის სამხრეთით, სადაც 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გაგაუზიის ავტონომიური ოლქის მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომს, მაგრამ ამავე დროს აგრძელებენ მოსკოვის მხარდაჭერას. გაგაუზიაში 2023 წლის თებერვალში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეთა 93 პროცენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნების მომხრეა.