„კიშინიოვი უფლებებს ეტაპობრივად გვართმევს“ - გაგაუზიის პრორუსი ხელმძღვანელი პუტინს შეხვდა

მოლდოვის ავტონომიური რეგიონის გაგაუზიის პრორუსი ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ინფორმაციას გაგაუზიის ხელმძღვანელი, ევგენია გუცული ავრცელებს. ამასთან, კრემლის ვებგვერდზე კომენტარის გარეშე გამოქვეყნდა შეხვედრის ამსახველი ფოტო, რომელიც გადაღებულია ახალგაზრდული ფესტივალის მიღმა, შავი ზღვის კურორტ სოჭში.

„ვლადიმერ პუტინს მოლდოვის ხელისუფლების უკანონო ქმედებების შესახებ ვაცნობე, რომელიც ჩვენი სამოქალაქო პოზიციისა და ეროვნული ინტერესების ერთგულებისთვის ჩვენზე შურისძიებას ცდილობს,“ - წერს გუცული ტელეგრამ არხზე.


ევგენია გუცულმა აღნიშნა, რომ გაგაუზიის უფლებების დასაცავად პუტინი მას მხარდაჭერას დაჰპირდა.

„კიშინიოვი უფლებებს ეტაპობრივად გვართმევს, ჩვენს ბიუჯეტს ზღუდავს, ჩვენს კანონიერ უფლებებს არღვევს, გაგაუზიასა და მთელ ქვეყანაში არასტაბილურობასა და დესტაბილიზაციას იწვევს,“ - აღნიშნა გუცულმა.

Reuters-ი წერს, რომ გუცულს მჭიდრო კავშირები აქვს გაქცეულ პრორუს ბიზნესმენ ილან შორთან.


მანამდე, ოკუპირებული დნესტრისპირეთის “დეპუტატებმა” რუსეთს “მოლდოვის ზეწოლისგან დაცვა” სთხოვეს.

მოლდოვა რუსეთს დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში ხშირად ადანაშაულებს, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, მოლდოვა უკრაინის მეზობლებიდან ყველაზე დიდ ზიანს განიცდის. დნესტრისპირეთი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია. მას კიშინიოვი 1992 წლის მერე ვეღარ აკონტროლებს. რუსეთს უკვე 20 წელია, ამ რეგიონში 1700 სამხედრო ჰყავს განთავსებული.


რაც შეეხება გაგაუზიას, ეს არის ავტონომიური რეგიონი მოლდოვის სამხრეთით, სადაც 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გაგაუზიის ავტონომიური ოლქის მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომს, მაგრამ ამავე დროს აგრძელებენ მოსკოვის მხარდაჭერას. გაგაუზიაში 2023 წლის თებერვალში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეთა 93 პროცენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნების მომხრეა.